რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალ ტელევიზიას მაუწყებლობის უფლება მიღებული აქვს. არხის ამუშავების შემდეგ მისი ყურება ე.წ. სახლის ანტენებით, სატელიტური თეფშით, ინტერნეტითა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

იმ ავტორიზაციის სახეობით, რომელსაც გვარამიას ტელევიზია ფლობს, მხოლოდ გასართობი პროგრამების ეთერში განთავსებაა შესაძლებელი. გვარამია On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით მიმართავენ და საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების უფლებას მიიღებენ.

"თუ არ მოგვცემენ, მაინც გავუშვებთ", — ამბობს გვარამია.

შპს მთავარი არხი, რომლითაც ნიკა გვარამია მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს 15 აგვისტომდე საჯარო რეესტრში შპს კომედი არხის სახელით იყო რეგისტრირებული. სწორედ შპს კომედი არხის სახელით აქვს ტელევიზიას მაუწყებლობის უფლება რამდენიმე თვის წინ, აპრილში მიღებული.

გვარამიამ ტელევიზიის გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2-ის 100-პროცნტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, ის კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ დაანონსდა კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის გახსნა. არხის გაკეთებას ფორმულა კრეატივი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი გეგმავენ. მათ განცხადებას მაუწყებლობის დაწყების მოთხოვნაზე კომუნიკაციების კომისიამ ხარვეზები აღმოუჩინა და გამოსასწორებლად 5-დღიანი ვადა მისცა.