რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამერიკული კომპანია კონტი ჯგუფი შესაბამისი გამოცდილების მქონე ინვესტორით დროულად ჩაანაცვლოს. სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმმა მთავრობის გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ მათ კონტი ჯგუფი ჰყავდათ.

"ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის განხორციელებას საქართველოს მთავრობა ანდობდა იმ პრეტენდენტ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებდა ორ ძირითად მოთხოვნას: ექნებოდა ანალოგიური პორტის აშენებისა და მართვის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება და მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია კონტი ჯგუფი", — წერია უწყების გავრელებულ განცხადებაში.

ამავდროულად უწყება კონტი ჯგუფს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. კერძოდ, ამბობს, რომ კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, კონტი ჯგუფს არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში. უწყების მტკიცებით, ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა კონტი ჯგუფის პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს კონტი ჯგუფის" პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა.

სამინისტროს განცხადებით, ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს კონტი ჯგუფის გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას. მათი თქმით, ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მაგალითზე.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ სწორედ კონტი ჯგუფის ფორმალურმა მონაწილეობამ გამოიწვია ის, რომ კონსორციუმს დღემე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი და არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის უზრუნველყოფის გარანტიები.

გარდა ამისა, სამინისტრო ამბობს, რომ მიესამლება კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების "ამჯერად დროულად შესრულებას". მათი თქმით, კონსორციუმმა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი უკვე წარადგინა. უწყებს იმედს გამოთქვამს, რომ კონსორციუმი დაიცავს "კიდევ ერთ ვადას" და 2019 წლის ბოლომდე შეათანხმებს ამ ხელშეკრულებას საფინანსო ინსტიტუტებთან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონტი ჯგუფს ისედაც ძალიან პასიური როლი ჰქონდა.

"დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. კონტის მიერ კონსორციუმის დატოვებაზე ლაპარაკი დიდი ხანია იყო დაწყებული. თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა რაღაც ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს პროექტი", — თქვა ახვლედიანმა.