პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე 24-საათიან რეჟიმში იყვნენ. ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მისი თხოვნით იქ იმყოფებოდნენ შერიგების მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

"დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი და, სამწუხაროდ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ გრძელდება ე.წ ბორდერიზაციის პროცესი. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს", — თქვა ბახტაძემ.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს სოფლის მთავარი სარწყავი არხიც. შედეგად, ადგილობრივები წყლის გარეშე დარჩებიან. გორის საკრებულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ საკითხზე რუს სამხედროებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოაქცევდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.