რუსული მოჩვენება რადიოსადგური, რომელიც 1982 წლიდან საიდუმლოდ, უწყვეტად გადმოსცემს
რუსეთის დასავლეთში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარეობს დაჟანგული რკინის ჭიშკარი, რომლის მიღმაც მიტოვებული შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები და რადიოანძები მდებარეობს. სწორდ ამ ადგილთანაა დაკავშირებული ერთი მისტიკური ისტორია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში იღებს.
მიჩნეულია, რომ სწორედ ამ ადგილას მდებარეობს მოჩვენება რადიოსადგური MDZhB, რომლის უკანაც არავინ დგას. დღეში 24 საათი, კვირაში შვიდი დღე, ბოლო 37 წელიწადი, სადგური განუწყვეტლივ ერთი და იგივე მონოტონურ სიგნალს გადმოსცემს, რომელსაც ყოველ რამდენიმე წამში უცნაური, გემის საყვირის მსგავსი ხმა ანაცვლებს.
თუ სიხშირეს დიდი ხნის განმავლობაში მოუსმენთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ქალის ხმასაც გაიგონებთ, რომელიც რუსულად რამდენიმე სიტყვას ამბობს, — მაგალითად, ფერმერი, ან კატარღა. ეს არის და ეს. მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ამ რადიოსადგურს მოუსმინოს, ამისთვის რადიომიმღების 4625 კილოჰერცზე დაყენებაა საკმარისი.
რადიოსადგური MDZhB, იგივე UVB-76, რომელიც ასევე The Buzzer-ის სახელითაც არის ცნობილი, საიდუმლოებებითაა მოცული. აღსანიშნავია, რომ UVB-76 ერთადერთი გაურკვეველი წარმოშობის რადიოსადგური არ არის, რადიომოყვარულთა შორის ცნობილია კიდევ ორი სადგური: the Pip და Squeaky Wheel, რომლებიც მსგავს სიგნალებს ასევე განუწყვეტლივ, წლების განმავლობაში გადმოსცემენ. ამ სადგურებს უამრავი მიმდევარი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რას უსმენენ. უფრო მეტიც, ამ სიგნალის შესახებ არავინ არაფერი იცის.
"ამ რადიოსადგურის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს", — აცხადებს ლონდონის სიტის უნივერსიტეტის სადაზვერვო რადიოკომუნიკაციების ექსპერტი დევიდ სტაპლსი.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სიხშირეს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ეს მათ არასდროს უღიარებიათ. სიხშირემ ტრანსლაცია ცივი ომის დასასრულს დაიწყო. დღეს სიგნალი ორი სხვადასხვა ადგილიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და მოსკოვთან ახლოს მდებარე ლოკაციიდან გადმოიცემა. საინტერესო ის ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიხშირემ აქტივობა კი არ შეწყვიტა, არამედ პირიქით, ის უფრო გააქტიურდა.
ინტერნეტი UVB-76-ის შესახებ თეორიების სიმცირეს არ უჩივის, იქნება ეს წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაცია, თუ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი. ერთ-ერთი იდეის თანახმად, ეს სიხშირე რუსეთის ბირთვული შეტევისგან თავდაცვას ემსახურება. თუ რუსეთი ატომური შეტევის შედეგად განადგურდება, რადიოსადგური სიგნალის გადაცემას შეწყვეტს, რის შედეგადაც ავტომატური საპასუხო ბირთვული შეტევა განხორციელდება, ყოველგვარი დამატებითი კითხვების გარეშე.
მსგავსი მექანიზმი პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა, ეს კომპიუტერული სისტემა იყო, სახელად "მკვდარი ხელი," რომელსაც ბირთვული დარტყმის ამოცნობა და საპასუხო შეტევის ავტომატურად განხორციელება შეეძლო. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი სისტემა რუსეთში კვლავ ფუნქციონირებს. თავად ვლადიმერ პუტინსაც უთქვამს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ ომს ვერავინ გადაურჩება. UVB-76, შესაძლოა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდეს.
გარკვეული ინფორმაციის ამოკითხვა სიგნალის ხასიათიდან შეგვიძლია. UVB-76 დაბალ სიხშირეზე ოპერირებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ რადიოს, ტელეფონებსა და სატელევიზიო სიგნალებთან შედარებით, UVB-76-ს სიგნალი ბევრად უფრო დიდ მანძილზე ვრცელდება. მაგალითად, BBC-ს ლონდონის რადიოს მოსმენა ბრიტანეთის მეზობელი ქვეყნიდანაც კი გაგიჭირდებათ, თუმცა BBC World Service-ის დაჭერას თითქმის ყველა კონტინენტიდან შეძლებთ. ამ დროს, ორივე სადგური ლონდონში, ერთი და იმავე შენობიდან ოპერირებს.2 ერთი დაბალ სიხშირეზე, ერთი კი მაღალზე.
ვუბრუნდებით "მკვდარი ხელის" თეორიას. დღეს დაბალი სიხშირეები განსაკუთრებით პოპულარულია, მას გემები, თვითმფრინავები და სამხედრო ძალები კონტინენტებსა და ოკეანეებს შორის სიგნალების გადასაცემად იყენებენ, თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა. თუ გსურს, რომ შენს რადიოსიგნალს მაქსიმალური გავრცელების არეალი ჰქონდეს (ხოლო თუ ამ სიგნალს ისეთი საკითხებისთვის იყენებ, როგორიც ბირთვული შეტევაა, ალბათ უნდა გსურდეს), დღისა და ღამის განმავლობაში რადიოსიგნალის სიხშირე უნდა ცვალო. კლიმატური მახასიათებლების გამო დღისა და ღამის განმავლობაში სიგნალი ატმოსფეროში განსხვავებულად ვრცელდება. საქმე ისაა, რომ BBC World Service საკუთარი სიგნალის გასაუმჯობესებლად ამ ხერხს იყენებს, UVB-76 კი — არა.
განსხვავებული თეორიის მიხედვით, რადიოსადგური, შესაძლოა, რადარების მუშაობის ოპტიმიზაციას ემსახურებოდეს.
"რადარებით ოპტიმალური შედეგების მისაღებად საჭიროა იცოდე, ატმოსფეროში შენგან რა მანძილზეა დამუხტული ნაწილაკების ღრუბელი. თუ გეცოდინება, რა დროში ბრუნდება რადიოსიგნალი მიწაზე, ამის გამოთვლას შეძლებ", — აცხადებს სტაპლსი.
თუმცა, ეს თეორია ნაკლებად სავარაუდოა. ატმოსფეროში არსებული დამუხტული ნაწილაკების გასაანალიზებლად სპეციალური ხმოვანი ტალღის შემცველი სიგნალის გაგზავნაა საჭირო.
"UVB-76-ს კი სრულად განსხვავებული ჟღერადობა აქვს", — ამბობს სტაპლსი.
საინტერესო ფაქტია, რომ მსოფლიოში სხვა მსგავსი სადგურებიც არსებობს. რადიოსადგური Lincolnshire Poacher 1975-იანი წლებიდან 2008 წლამდე ოპერირებდა. Buzzer-ის მსგავსად, მისი მოსმენა ნებისმიერი ადგილიდან იყო შესაძლებელი. ყოფილი რადიოსადგურის ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია, თუმცა ის კვიპროსის მახლობლად უნდა ყოფილიყო. მის მიერ გადაცემული სიგნალები კი, უბრალოდ, უცნაური მოსასმენი იყო.
ყოველი საათის დასაწყისში სადგური ინგლისური ფოლკლორული სიმღერის, Lincolnshire Poacher-ს მელოდიას უკრავდა. მელოდიის 12-ჯერ გამეორების შემდეგ კი ქალის ხმა, ბრიტანული აქცენტით, ციფრების წარმოთქმას იწყებდა.
სიტუაციის უკეთ აღსაქმელად 1920-იან წლებში უნდა გადავინაცვლოთ. ამ დროს რუსების მფლობელობაში არსებული სავაჭრო ასოციაცია Acros ბრიტანეთსა და ადრეულ საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ტრანზაქციებს აკონტროლებდა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად მათი დანიშნულება ეს იყო. სინამდვილეში კი ისინი რუსეთის სადაზვერვო დავალებებს ასრულებდნენ. 1927 წლის მაისში ბრიტანელმა სამართალდამცავებმა Acros-ის ოფისი დაიკავეს და შენობის სარდაფში სპეციალური ტექნიკა და საიდუმლო ოთახები აღმოაჩინეს, რომლებშიც თანამშრომლები Acros-ის მფლობელობაში არსებული დოკუმენტების დაწვას ცდილობდნენ, რათა ისინი ბრიტანელ სამართალდამცავებს ხელში არ ჩავარდნოდათ.
ასეა თუ ისე, გადარჩენილ დოკუმენტებში ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვნად ღირებული ინფორმაცია არ აღმოჩნდა, თუმცა ბრიტანელებმა ოპერაციის შედეგად რუსების დაშიფრული კომუნიკაციის მეთოდების შესახებ შეიტყვეს, რის საპასუხოდაც საბჭოთა კავშირმა სიგნალების დაშიფვრის მეთოდი პრაქტიკულად ერთ ღამეში სრულად შეცვალა.
ახალი მეთოდი ერთჯერადი გამოყენების დაშიფრულ კოდურ გასაღებს იყენებდა. ამ დროს სიგნალის გამგზავნსა და მიმღებს პაწაწინა, იდენტური წიგნაკები ჰქონდათ, რომლის თითოეულ გვერდზეც უნიკალური კოდი იყო. ამ კოდის გამოყენებით ციფრების ასოებად და სიტყვებად გარდაქმნა (და პირიქით) იყო შესაძლებელი. ეს ერთადერთი ხერხია, რომელიც წიგნაკის ქონის გარეშე, საიდუმლო სიგნალის გაშიფვრას შეუძლებელს ხდის.
ამ მეთოდის გამოყენების შედეგად სადაზვერვო სამსახურებს იმაზე ფიქრი აღარ უწევდათ, თუ ვინ მოისმენდა ციფრებს. მის გაშიფვრას მხოლოდ ის შეძლებდა, ვისაც წიგნაკი ჰქონდა. ამის გამო შეიქმნა რადიოსადგურები, რომლებშიც ქალის ან კაცის ხმა უბრალოდ ციფრებს აცხადებდა. ამ მეთოდის გამოყენება ბრიტანელებმაც მალევე დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ თუ წიგნაკში არსებული კოდი სრულად შემთხვევითი არ არის, დაშისფრული სიგნალის გატეხვა თეორიულად შესაძლებელი ხდება. პრობლემა კი ისაა, რომ ციფრების სრულად შემთხვევითად გენერირება რთულია. ასეთ სისტემაში ყოველთვის ჩნდება რაიმე კანონზომიერება, რაც კოდს წინასწარ განჭვრეტადს ხდის. ბრიტანელებმა ამის თავიდან ასაცილებლად ჭკვიანური ხერხი მოიფიქრეს. მათ ოქსფორდის ქუჩაზე ერთ-ერთ ფანჯარაში მიკროფონი დაკიდეს, რომელიც მანქანების მოძრაობის ხმას იწერდა.
"მიკროფონმა ერთდროულად, შესაძლოა, მანქანის ხმა, პოლიციელის ყვირილი და ძაღლის ყეფა ჩაწეროს. ხმების ყოველი ეს კომბინაცია უნიკალურია, რომელიც აღარასდროს განმეორდება. ბრიტანელებმა ამ ჩანაწერის წიგნაკის კოდად გარდაქმნა დაიწყეს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გაშიფრავდა", — აცხადებს სტაპლსი.
დაშიფვრის ეს მეთოდი ძალიან ეფექტური იყო, რის გამოც ციფრების მოკარნახე რადიოსადგურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩნდა.
2010 წელს აშშ-ში FBI-მ 10 რუსი აგენტი დაიჭირა, რომლებიც ინსტრუქციებს სწორედ მსგავსი რადიოსადგურის საშუალებით იღებდნენ, სადგური 7887 კილოჰერცზე ოპერირებდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ მსგავსი რადიოსადგურები 21-ე საუკუნეშიც გამოიყენება, თუმცა მათ ერთი დიდი უპირატესობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ იმის გამოცნობა, თუ ვინ გადმოსცემს სიგნალებს, ადვილია, მათი მოსმენა ყველას შეუძლია, შესაბამისად, რთულია გაიგო, თუ ვინაა სიგნალის ადრესატი. ინტერნეტი და ტექსტური შეტყობინებები, შესაძლოა, უფრო სწრაფია, თუმცა აგენტი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას ინტერნეტით გადასცემს განწირულია.
ეს საინტერესო თეორიაა, UVB-76 რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ შექმნილი რადიოსადგურია, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ აგენტებთან კომუნიკაცია ხდება. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა, UVB-76 ციფრებს არასდროს გადმოსცემს. თუმცა, ამას, შესაძლოა, მნიშვნელობა არ მქონდეს. წიგნაკების გამოყენებით ნებისმიერი რამის გადათარგმნაა შესაძლებელი, იქნება ეს სიტყვები, თუ ასოების თითქოს არაფრისმთქმელი კომბინაცია.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, UVB-76 ერთგვარი ჰიბრიდია. უწყვეტი მონოტონური სიგნალი უბრალოდ მარკერია, რომელიც სიხშირეზე მუდმივ ტრანსლაციას უზრუნველჰყოფს, რათა ის სხვებმა არ გამოიყენონ. საჭიროების შემთხვევაში კი UVB-76 ციფრების გადაცემას იწყებს და მისი საშუალებით რუსეთის სადაზვერვო სამსახური სხვადასხვა კონტინენტზე მყოფ აგენტებთან კავშირს ამყარებს.
როგორც უკვე ვთქვით, UVB-76 საკმაოდ აქტიურია. 2013 წლის 25 იანვარს UVB-76-მა შემდეგი მესიჯი გადმოსცა: МДЖБ ОБЪЯВЛЕНА КОМАНДА 135. როგორც ცნობილია, ეს სრული სამხედრო მზადყოფნის გამოსაცდელი შეტყობინება იყო.
მოჩვენება რადიოსადგურისთვის მოსმენა თავადაც შეგიძლიათ, ამისთვის საკმარისია მოცემულ ბმულზე გადახვიდეთ, სიხშირეში 4625 კილოჰერცი მიუთითოთ, რეჟიმი კი USB-ზე დააყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოსასმენი რადიოსადგური ნიდერლანდებშია განთავსებული, ხოლო 4625 კილოჰერცზე მიღება ღამის საათებში უფრო ძლიერია. დღის განმავლობაში The Buzzer-ის მონოტონური ხმოვანი სიგნალის გაგებას, დიდი ალბათობით, აღნიშნული რადიოსადგურით ვერ მოახერხებთ, თუმცა თუ ვებგვერდს მზის ჩასვლის შემდეგ, ღამით ესტუმრებით, The Buzzer-ის რადიოსადგურის სიგნალს მკაფიოდ გაიგებთ. ხოლო თუ გაგიმართლათ, ვინ იცის, შესაძლოა, რუსეთის საიდუმლო აგენტებისთვის განკუთვნილი სიგნალიც კი მოისმინოთ.
ЖУОЗ, Па́вел, Рома́н, Ива́н, Васи́лий, Еле́на, Татья́на 411 ...
კომენტარები