სანამ სახლამდე მიაღწევდა, თავისუფლების ქანდაკებამ ბევრი იმოგზაურა — ფოტოები
1886 წლის 28 ოქტომბერი უსიამოვნოდ ნისლიანი და წვიმიანი დღე იყო, თუმცა ნიუ-იორკი ზეიმობდა. ეს გახლდათ დღე, როდესაც ქალაქის მცხოვრებლებს თავისუფლების ქანდაკება დიდი ზარ-ზეიმით წარუდგინეს. რიგითი სიტყვით გამოსვლის დროს ნამუშევრის ავტორმა, ფრანგმა მოქანდაკემ, ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდიმ თოკს ხელი ნაადრევად მოქაჩა, რამაც ქანდაკებას სახეზე შემოვლებული საფრანგეთის დროშა ჩამოაცილა. როგორც კი ქალბატონი თავისუფლების სპილენძის სახე გამოჩნდა, ის ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე მაღალი კონსტრუქცია გახდა - მისი ზომა საძირკვლიდან ჩირაღდნის წვერამდე 93.14 მეტრს შეადგენდა.
თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავისუფლების ქანდაკება საზოგადოების წინაშე წარსდგა. მანამდე მან რამდენიმე წელი სახლსა და საზღვარგარეთ გაატარა - უმეტესად, დაშლილ მდგომარეობაში.
ბარტოლდიმ 1876 წელს, საფრანგეთში, ხელოსნებთან ერთად ქანდაკების აშენება გამოშვერილი მარჯვენა ხელითა და გრძელი ჩირაღდნით დაიწყო. მან თავდაპირველად ქანდაკების სწორედ ეს ნაწილი დაგეგმა, რათა საზოგადოების ყურადღება და - რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო - თანხა მოეზიდა, რამდენადაც ამ პერიოდისთვის საფრანგეთში - უშუალოდ ქანდაკებისთვის, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში პიედესტალისთვის ფულის შეგროვების პროცესი მტკივნეულად ნელა მიმდინარეობდა. მარჯვენა მკლავი მსოფლიო ექსპოზიციაზე, ფილადელფიაში აჩვენეს. გამოფენაზე მისულმა თავგადასავლების მოყვარულმა დამთვალიერებლებმა ქანდაკების მკლავიდან ჩირაღდანში გამოკვეთილ აივნამდე აძვრომაში ფული გადაიხადეს. ამ გზით შეგროვებული თანხა პროექტის დასრულებას მოხმარდა.
"გასაოცარი და ოდნავ დამზაფვრელიც კია, ქანდაკების განცალკევებული თავის ან მკლავის ხილვა - ამას მიუმატეთ ისიც, რომ ბარტოლდის ეპოქაში მსგავსი ზომის ხელოვნების ნიმუში ნამდვილად არავის ენახა", - ამბობს ისტორიულ კვლევებზე სპეციალიზირებული ორგანიზაციის, History Associates Inc.-ის ვიცე-პრეზიდენტი, კარლი სვეიმი, რომელიც ახლახანს გახსნილი თავისუფლების ქანდაკების მუზეუმის შექმნაზე მუშაობდა.
მსოფლიო ექსპოზიციის შემდეგ ცეცხლისმპყრობელი მკლავი ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ადგილას - მანჰეტენში, კერძოდ კი მედისონ სკვერ გარდენში გადაიტანეს, სადაც ის მომავალი ქანდაკების გრანდიოზულობის რეკლამირებას ემსახურებოდა. მკლავმა იქ ექვსი წელიწადი დაჰყო.
მკლავის მერე თავისუფლების ქანდაკების თავსა და მხრებზე დასრულდა მუშაობა და მათაც დამოუკიდებელი, სარეკლამო ცხოვრება დაეწყოთ. მაშინ, როცა მარჯვენა მკლავი მანჰეტენის შუაგულში იმყოფებოდა, ბიუსტი საჩვენებლად 1878 წლის პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე მოხვდა. მნახველებმა ქანდაკების შიგნიდან დასათვალიერებლად კვლავ გადაიხადეს ფული. ამასთან, მათ მშენებლობის პროცესის სანახავად სახელოსნოებში შესასვლელი ბილეთების ყიდვაც შეეძლოთ. "ბარტოლდი თავისი ნამუშევრით უკიდურესად ამაყი იყო", - ამბობს სვეიმი, - "მან პროფესიონალი ფოტოგრაფები დაიქირავა, რათა არა მხოლოდ თავისი გუნდის სამხატვრო და საინჟინრო ნიჭი ეჩვენებინა, არამედ მიმდინარე პროექტის შესახებ მეტი ადამიანისთვის გაეგებინებინა და მშენებლობისათვის ფინანსური მხარდაჭერა მოეზიდა... ის იმედოვნებდა, რომ შემოქმედებითი პროცესის ამსახველი ეს კადრები, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებთან ერთად, საქმის ფინანსურ მხარეს წაადგებოდა".
მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანის გავლით მარჯვენა მკლავი უკან დააბრუნეს, 1881-1884 წლებში მთლიანი ქანდაკება პარიზის საზოგადოებრივ პარკში ააწყვეს, რათა მისი შემაკავებელი კონსტრუქცია გამოეცადათ (ამ კონსტრუქციის შემქმნელი ინჟინერი გუსტაფ ეიფელი გახლდათ - ეს სახელი, შესაძლოა, გეცნობათ...). მას ფრანგი ხალხი სიყვარულით პარკის ქალბატონად მოიხსენიებდა.
მას შემდეგ, რაც ქანდაკების სტრუქტურულ გამართულობაში დარწმუნდნენ, ის 350 სპილენძისა და რკინის ნაწილად დაშალეს (თითოეული ნაწილის წონა 70 კილოგრამიდან 4 ტონამდე მერყეობდა), 200-ზე მეტ ხის ყუთში შეფუთეს და ფრანგულ გემ Isère-ზე მოათავსეს. მან ოკეანე 1885 წელს გადაკვეთა და, ისევ ნაწილებად დაშლილმა, ნიუ-იორკის ნავსადგურში, ჯერ კიდევ ბედლოუს სახელით ცნობილ კუნძულზე, პიედესტალის დასრულებას დაუწყო ლოდინი. ამას კიდევ ერთი წელი დასჭირდა, თუმცა მშენებლობის დამთავრების შემდეგ ბრიგადები გაცილებით სწრაფად ამუშავდნენ, რათა ამერიკული ღირებულებების უკვდავი სიმბოლო რაც შეიძლება მალე აეწყოთ. ამაში იყო რაღაც პოეტურად სამართლიანი - მშენებელთაგან უმეტესობა ხომ იმიგრანტი გახლდათ.
კომენტარები