შავი ორშაბათი - ასე უწოდეს პოლონეთში გუშინდელ დღეს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალი აბორტის სრულად აკრალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის გასაპროტესტებლად ქუჩაში შავ ტანსაცმელში გამოვიდა.

თუ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ეს ადამიანები აპროტესტებდნენ, მართლაც კანონის სახეს მიიღებს, ქალებს აბორტის გაკეთების გამო, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გარდა ამისა, ექიმები, რომლებიც აბორტს გააკეთებენ, შესაძლოა ასევე ციხეში ჩასვან.

საპროტესტო აქციები ვარშავის გარდა, პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში პარალელურად მიმდინარეობდა. პოლონელი ქალებისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, დემონსტრაციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის ბერლინში, ბრიუსელში, დუსელდორფში, ბელფასტში, ლონდონსა და პარიზში.

პოლონეთში მოქმედი ამჟამინდელი კანონმდებლობის თანახმად, აბორტი დაიშვება მაშინ, როდესაც:

  • ქალის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა
  • როდესაც არის დიდი რისკი იმისა, რომ ქალი ნაყოფს ვერ შეინარჩუნებს ან ნაყოფი დაზიანებულია
  • როდესაც ორსულობა გაუპატიურების ან ინცესტი შედეგია (აღნიშნული პროკურორის მიერ უნდა დადასტურდეს)

ფოტო: EPA

პოლონეთში აბორტის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის გასაპროტესტებლად ათასობით ქალმა აქცია გამართა, 3 ოქტომბერი, 2016.

ფოტო: Katarzyna Pierzchała / Facebook