10 აგვისტოს აჭარაში, პეტრას ციხეზე, ღია ცის ქვეშ რეგიონალური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ამ ადგილზე მსგავსი ტიპის ფესტივალი არ გამართულა.

ფესტივალზე დაუკრავენ KAVEl, GIORGI DEVADZE, ORIM, ZAPA, YANAMASTE, Boyd Schidt, NEWA, FABRIZIO LAPIANA. ბილეთი 30-დან 50 ლარამდე ღირს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტერიტორიაზე მხატვრებისთვის ცალკე საგამოფენო სივრცე მოეწყობა. მათი ნამუშევრებს კი 3D პროექტორებით გააცოცხლებენ.

"GR-Fest არის მათთვის, ვისაც უყვარს ეს კულტურა და მათთვისაც, ვინც ახლა აპირებს მოსმენას და შეყვარებას", — აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პეტრას ციხე ქობულეთიდან 3-4 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. პეტრა ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო ქაჯეთის ციხე — ქართული. ციხის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო.