ჯ.რ.რ. ტოლკინის ჩანახატები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა შუამიწეთი
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
როგორ შექმნა ჯ.რ.რ. ტოლკინმა ბეჭდების მბრძანებელი? ამ კითხვაზე მარტივი პასუხი ასეთია: როგორ და - დაწერა. ის 1937 წელს დაჯდა სკამზე და მომავალ ათ წელზე მეტი იმუშავა ტექსტზე, რომელიც დღემდე ფენტეზის ჟანრის ლიტერატურულ შედევრად არის მიჩნეული და დამაჯერებელი გამოგონილი სამყაროს სახელმძღვანელო ნიმუშს წარმოადგენს.
უფრო სიღრმისეული პასუხი კი ისაა, რომ ამბის წერასთან ერთად იგი ხატავდა კიდეც. ბეჭდების მბრძანებელზე მუშაობისას შექმნილი უამრავი რუკა და ჩანახატი მწერალს სიუჟეტის განვითარებაში, ნარატიული იდეების მოსინჯვასა და იმ სცენების ვიზუალურად წარმოდგენაში ეხმარებოდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებით უნდა გამოეხატა.
ტოლკინისთვის წერის და ფერწერის ხელოვნება ერთამენთისგან განუყოფელი იყო, რასაც თვალნალივ ვხედავთ წიგნში ბეჭდების მბრძანებლის ხელოვნება. ტოლკინის სახელგანთქმული მკვლევარების, უეინ ჰამონდისა და ქრისტინა სქალის ეს უზარმაზარი ტომი ტრილოგიის 60 წლის იუბილეზე გამოიცა. იგი 180-ზე მეტ ჩანახატს, დიაგრამას, რუკას, წარწერასა და ტოლკინის მიერ გამოგონილი ანბანების საცდელ ვარიანტებს შეიცავს. ყველა მათგანი ბეჭდების მბრძანელთანაა კავშირში.
როჰანის, გონდორის და მორდორის რუკა. ტოლკინი ასეთ რუკებს ფროდოსა და სემის ზუსტი ადგილმდებარეობების გამოსათვლელად იყენებდა, როდესაც ისინი, ბედისწერის მთასთან მისვლამდე, ემინ მუილსა და მკვდართა ჭაობებში მოგზაურობდნენ. მწერალი ამას მათი მთასთან მისვლისა და საძმოს სხვა წევრების სიუჟეტური ხაზების შესაბამისობაში მოსაყვანად აკეთებდა.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
როდესაც ტოლკინის მონახაზებსა და ჩანახატებს ეცნობით, უამრავი რამ ცხადდება. უპირველესად ის, რომ მწერალი ბეჭდების მბრძანებელის სამყაროთი აშკარად შეპყრობილი იყო. იგი წერდა და ხატავდა, ყველგან და ყოველთვის. ზოგი ჩანახატი მისი ხელნაწერების კიდეებზე ნაჩქარევად არის შესრულებული, ზოგი კი ბევრად უფრო დახვეწილია. მაშინაც კი, როდესაც ის ნახატებზე მუშაობას დიდ დროს უთმობდა - მაგალითად, ჰობიტისთვის შექმნილ უამრავ რუკასა და ჩანახატზე ან ბეჭდის საძმოსთვის შესრულებულ რუკათა მოხდენილ ნიმუშებზე ან ფროდოს და გენდალფის მიერ ბეჭედზე აღმოჩენილ წარწერაზე ან თუნდაც დურინის კარების ემბლემაზე მუშაობისას - ტოლკინი არასდროს ყოფილა საკუთარი ხელოვნებით კმაყოფილი და თავის ნამუშევრებს "სამოყვარულოს" და "დეფექტურს" უწოდებდა.
როგორც ჩანს, ტოლკინს საერთოდ არ აღელვებდა, რა მასალაზე დახატავდა. მაგალითად, მისი ჩანახატი ჰელმის ხრამი და ჰორნბურგი - როჰანელი ხალხის განცალკევებული ციხე-სიმაგრე - ოქსფორდის საგამოცდო ფურცელზეა შესრულებული. პერსპექტივაში დახატული სცენა ზუსტად შეესაბამება ციხე-სიმაგრის აღწერილობას, რომელსაც წიგნში, ორი ციხე-კოშკი, ვხვდებით: "ჰელმის-ჭიშკართან, ხრამის თავში, მთების ჩრდილოეთ ქედიდან გამოჩრილ კლდეზე, მტკიცე გალავანშემოვლებული მაღალი და ძველი კოშკი იდგა. ...ბუკბურგიდან სამხრეთ ქედამდე, ხრამში შესასვლელის გადასაღობად, ძველ მშენებლებს კიდევ ერთი კედელი აეგოთ..." საინტერესოა იმის წარმოდგენა, როგორ ანებებს თავს ტოლკინი სტუდენტის საგამოცდო ნაწერის შესწორებას და იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ იწვერება ჰორიზონტზე ციხე-სიმაგრის კედელი და მთის ველი - არა მხოლოდ მის წარმოსახვაში, არამედ პერსონაჟების თვალწინაც.
ჰელმის ხრამი და ჰორნბურგი. ტოლკინს რაც ხელში მოხვდებოდა, თითქმის ყველაფერზე ხატავდა. აქ ჩანს მის მიერ დახატული ჰელმის ხრამი, როჰირიმების თავშესაფარი ციხე-სიმაგრე. ის ოქსფორდის ნახევრად-გამოყენებულ საგამოცდო ფურცელზეა შესრულებული.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
შუამიწეთის გეოგრაფიის, მისი ატმოსფეროსა და ამბის მოსალოდნელი განვითარების რუკაზე დატანის მცდელობა, ასევე, მის ფანტასტიკურ, ფერადი ფანქრებით შესრულებულ ჩანახატში - მორიის დასავლეთ-კარიბჭე - შეგვიძლია ვიხილოთ. ტოლკინმა ნახატში ამბავი ჩააქსოვა; საიდუმლო კარი, რომელიც ციცაბო კლდის ფონზე ძალზედ პატარა მოჩანს, მორიის დანახვისას საძმოს წევრთა მიერ განცდილი აღტაცების სიმბოლოა, ხოლო ტბის მოდარაჯე ურჩხულის მოძრავი საცეცი კი მოსალოდნელ საფრთხეზე მიგვანიშნებს.
მორიის დასავლეთ-კარიბჭე. ფერადი ფანქრებით შესრულებული ეს ნახატი, სადაც მოჩანს დურინის კარების, მორიის მაღაროების საიდუმლო შესასვლელი თავისი ცნობილი გამოცანით - "თქვი, მეგობარო და შედი", ადგილის სიდიადესა და მასშტაბურობას წარმოაჩენს.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
ტოლკინს იმ ფაქტთან გამკლავება უწევდა, რომ ბეჭდების მბრძანებლის შუამიწეთი ბევრად უფრო რთული და მასშტაბური იყო, ვიდრე ჰობიტის ბილბოსხელა სამყარო. სავარაუდოდ, მისი სიგრძე და სიგანე მწერლისთვის ზოგჯერ დამთრგუნველიც კი შეიძლება ყოფილიყო. ლოთლორიენი და გონდორი! ბედისწერის მთა და ედორასი! ურუკ-ჰაი და ნაზგული! უამრავი სახელმწიფო, რასა და კულტურა, ნაგებობა და გარემო, ბუნებრივი და ადამიანების (ჯუჯების, ელფების და ჰობიტების) მიერ შექმნილი ობიექტი, რომელიც ჯერ უნდა წარმოედგინა, შემდეგ კი რუკაზე დაეტანა და ბოლოს სიტყვებით გადმოეცა. რა გასაკვირია, რომ ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის გამოცემის თარიღებს შორის 17 წელია სხვაობა.
სარუმანის კოშკის სამნაწილიან ჩანახატში, ორთანკი (2), 3, (4), ვხედავთ, როგორ ცდის იდეებს ტოლკინი. აქ ის კოშკის უფრო ნაზ, მომრგვალებულ, იარუსიან ვერსიას ხატავს, რომელიც ორი ციხე-კოშკის ადრეულ ჩანაწერებს შეესაბამება. მოგვიანებით, საკუთარ ჩანახატებზე დაყრდნობით, იგი ნაგებობას უფრო მკაცრ იერს აძლევს: კოშკი "მიწიდან ამოზრდილ, შავად მბზინვარე კლდოვან კუნძულს წარმოადგენდა, ერთმანეთში შედუღაბებული ოთხი ვეებერთელა ქვის სვეტით წარმოქმნილს". მუშაობის პროცესში ტოლკინის ნახატები და ტექსტები ერთმანეთზე ახდენდნენ გავლენას და ამბავს ერთად ქმნიდნენ.
ორთანკი (2), 3, (4). ტოლკინი საკუთარ ილუსტრაციებს შუამიწეთის უამრავი ნაგებობის, ადგილის, გეოლოგიური და ადამიანების (და ჯუჯების, ელფების და ჰობიტების) მიერ შექმნილი ობიექტების შესახებ დაბადებული იდეების მოსასინჯად იყენებდა. ეს იმაზეც ახდებდა გავლენას, შესაბამის სცენებს შემდეგ სიტყვებით როგორ გადმოსცემდა. ეს აიზენგარდში სარუმანის კოშკის, ორთანკის, ადრეული, სამ-ნაწილიანი ჩანახატია.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxfor
ტოლკინი თავის ნამუშევრებს მუდმივად უბრუნდებოდა და შესწორებები შეჰქონდა. შაიარის ყველაზე ადრინდელი რუკა მისი იდეების გადამუშავების პროცესს წარმოაჩენს. ფანქრით შესრულებული ნახაზები ლურჯი და წითელი მელნითაა დაფარული. დაშტრიხული და წყვეტილი ხაზები ფროდოს, სემის და პიპინის მიერ განვლილ გზას ან ძველისძველი ტყის მსგავსი ადგილების საზღვრებს აღნიშნავს. ზემო მარჯვენა კუთხეში, ღია ფანქრით შემოსაზღვრული წრის შიგნით სიტყვა ელფები არის დამატებული. ნახატზე ჩანს ნომენკლატურული ცვლილებებიც: ტოლკინი სახელ პადიფუტს მაგოტით (მატლი) ანაცვლებს.
შაიარის ყველაზე ადრინდელი რუკა. ეს რუკა ტოლკინის შემოქმედებით პროცესს გვაჩვენებს. ლურჯი და წითელი წყვეტილი ხაზები ფროდოს, სემის და პიპინის გზას ასახავს, ხოლო ფანქრით მკრთალად მონიშნული ადგილები ტოპოგრაფიული ცვლილებები და შუამიწეთის შესახებ გაკეთებული ჩანაწერებია.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
დეტალური რუკების საბოლოო ვერსიები, რომლებიც ნაბეჭდი ფორმით ბეჭდების მბრძანებლის გამოცემას თან ერთვის, მკითხველს მოგზაურობისთვის თვალის მიდევნებაში ეხმარება. თუმცა ალბათ თავიდან თვითონ ტოლკინიც მათი პირველადი ვერსიებით ხელმძღვანელობდა. შუამიწეთის პირველი რუკა მისი მთავარი დამხმარე რუკა იყო; წლების მანძილზე იგი მასზე ახალ ფურცლებს აწებებდა ამბის განვითარებისა და ცვლილებების შესაბამისად.
ტოლკინს რუკები საკუთარი პერსონაჟების შუამიწეთში მოგზაურობის მარშრუტების განსაზღვრაშიც ეხმარებოდა. ტრაექტორიათა დადგენის პრობლემა გასანკუთრებით ბეჭდის საძმოს დასასრულისკენ გამწვავდა, როდესაც ტოლკინმა საძმო დაშალა და შედეგად დამოუკიდებელი სიუჟეტური ხაზი სულ ცოტა სამი განსხვავებული ჯგუფისთვის განავითარა. ეს ჯგუფები იყვნენ გიმლი-ლეგოლასი-არაგორნი (მათ მოგვიანებით უერთდება გენდალფი); პიპინი-მერი-თრიბიარდი (ხისწვერა) და ფროდო-სემი-გოლუმი-ფარამირი.
მორდორის საზღვრები და თარიღები. ამ რთულ ჩანახატ-რუკაში ტოლკინი იმ ადგილებს შორის ითვლიდა მანძილებს, სადაც გმირებს მოგზაურობის შემაფერხებელი თავგადასავლები შეემთხვათ. მაგალითად, ვიგებთ, რომ ოსგილიათიდან მინას მორგულის გზაჯვარედინამდე 32 კილომეტრია.
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
ორ დიაგრამაში, როჰანის, გონდორის და მორდორის რუკა და მორდორის საზღვრები და თარიღები, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოლკინი ფროდოსა და სემის გეზისა და სამყოფელის მილიმეტრობით გამოთვლით არის შეპყრობილი (ამ დიაგრამებზე 1 მილიმეტრი 8 კილომეტრს უდრის). ტოპოგრაფიული კონტურული ხაზები მთებს და ფერდობების სიმაღლეებს ასახავს. რა საჭირო იყო ამხელა ძალისხმევა? ტოლკინს უნდოდა, რომ სემის, ფროდოს და გოლუმის გზა ბედისწერის მთამდე დამთხვეოდა არაგორნის ბრძოლას შავ კარიბჭესთან. ფენტეზი, მეტი დამაჯერებლობისთვის, დროისა და სივრცის პრინციპებს უნდა ემორჩილებოდეს. ტოლკინმა წერის პროცესი თავისი გამომცემლის კორექტორისადმი გაგზავნილ წერილში აღწერა: იგი ჯერ რუკას ქმნიდა და შემდეგ მას არგებდა ამბავს (როგორც წესი, მანძილთა ზუსტი გათვალისწინებით). ის იქვე აღნიშნავს, რომ ამის საპირისპიროდ, "ამბის მიხედვით რუკის შექმნა დამღლელი საქმეა".
თუ ტოლკინის ნერდული პედანტურობით შექმნილი დიაგრამები Dungeons & Dragons-ის მოთამაშეებისთვის გაგზავნილ საიდუმლო შეტყობინებას წააგავს, მაშინ იგივე შეიძლება ითქვას შელობის ბუნაგის გეგმაზეც. საზიზღარი არსებებით - ამ შემთხვევაში, ობობა შელობით - დასახლებული გვირაბების რუკა ზუსტად მოერგებოდა ამ სამაგიდო თამაშის მსაჯისა და მთხრობელის - Dungeon Master-ის მიერ შექმნილ ჩანაწერებს. ტოლკინი დილეგებისთვის დამახასიათებელი კლასიკური ადგილის, ხაფანგისთვისაც კი გამოსახავს ნიშანს.
შელობის ბუნაგის გეგმა. Dungeons & Dragons-ის მოთამაშეებს ამ ჩანახატის შესახებ რომ სცოდნოდათ, შესაძლოა, შთაგონების წყაროდაც გამოეყენებინათ. ნეტა, რა მოხდებოდა, D&D 1954 წელს, ბეჭდების მბრძანებლის გამოცემის თანადროულად რომ გამოეგონათ და არა - 1974-ში?
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
ამ ჩანახატებში ისიც იგრძნობა, რომ ტოლკინი მათზე მუშაობისას ერთობოდა კიდეც. ბავშვის მსგავსად, რომელიც სათამაშო საგანძურის რუკის კიდეებს წვავს, რათა მას მეტი დამაჯერებლობა შესძინოს, ტოლკინი დოკუმენტების ზუსტ ასლებს ხატავდა. მაგალითად, მაზარბულის წიგნი, რომელსაც საძმო მორიაში წააწყდა, "ნაწილობრივ დამწვარი, ხმლითა და ისრებით დასერილი" იყო. ეს საგულდაგულოდ დამუშავებული ყალბი დოკუმენტები ტოლკინის უჩვეულო წარმოსახვას აღვივებდა - თითქოს იგი კი არ წერდა ბეჭდების მბრძანებელს, არამედ მის მიერ აღმოჩენილ უძველეს ლეგენდებს ასწორებდა და თარგმნიდა. ავტორი, რომელიც ძველი ყაიდის ფანტასიტიკას წერდა, თავისი ლიტერატურული ქედმაღლობით გასაოცრად პოსტმოდერნისტულიც იყო.
შუამიწეთის პირველი რუკა. ეს ტოლკინის მთავარი სამუშაო რუკა იყო. მისმა შვილმა, ქრიტოფერ ტოლკინმა ამ ნამუშევარს "უცნაური, დაზიანებული, განმაცვიფრებელი, უაღრესად კომპლექსური" უწოდა. მისივე თქმით, ფურცლის ახალი შრეები და შესწორებები შეთხზვის პროცესში მყოფ ამბავში შეტანილ ცვლილებებზე "რეაგირებდნენ".
ფოტო: Bodleian Libraries, University of Oxford
მთავარი გაკვეთილი, რაც შეგვიძლია წიგნიდან, ბეჭდების მბრძანებლის ხელოვნება, მივიღოთ, იმის გახსენებაა, რომ კინორეჟისორები არ არიან ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც სიტყვების სურათებად თარგმნა უწევთ. მათ, ვინც პიტერ ჯექსონის მიერ ტოლკინის რომანების წარუშლელ კინო-გამოსახულებებად ადაპტაციაზე ჩიოდნენ, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თვით მწერლებსაც ცხადი წარმოდგენა აქვთ, ზუსტად როგორ გამოიყურება მათ მიერ შექმნილი სამყარო. ტოლკინს ამბის გადმოცემა შეეძლო როგორც სიტყვებით, ასევე - სურათებით. ალბათ სწორედ ეს არის ყველასათვის დამახასიათებელი გონების ჰიბრიდული ენა. ასე რომ, მწერლებო, თუ ფიქრობთ, რომ ფანტასტიკური სამყაროს შექმნას მხოლოდ კლავიატურაზე თითების ათამაშებით შეძლებთ, ტოლკინი დაგიმტკიცებთ, რომ ფუნჯი და სახატავი რვეული ზოგჯერ ლეპტოპს ჯაბნის.
1937 წელს ტოლკინი წერდა, "უჯრაში რაღაც 'ნახატებს' ვინახავ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწორედ იმ მითოლოგიიდან ასახავენ სცენებს, რომელშიც ჰობიტის თავგადასავლები ვითარდება, ისინი მის ამბავს მაინც არ აღწერენ". ეს სურათები იმ გზამკვლევად იქცა, რომელიც ტოლკინმა მოგვიანებით შუამიწეთის ადგილების წარმოსადგენად გამოიყენა. სამყარომ, რომელიც მან შექმნა, მის მხატვრობაში შეაღწია. მისმა ხელოვნებამ სამყაროს ისეთ შრეებს ჩაჰბერა სიცოცხლე, რომელთა სიტყვებით გადმოსაცემად იგი დროს ვერასდროს გამოძებნიდა. ამავდროულად, ეს ნახატები, რუკები და ჩანახატები მკითხველებს აქამდე არნახულ სამფლობელოში ამოგზაურებენ. როგორც ტოლკინის მეგობარმა, კლაივ სტეპლზ ლუისმა ერთხელ აღნიშნა, - "ეს სამყარო თითქოს იქამდეც არსებობდა, სანამ ჩვენ მას აღმოვაჩენდით".
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან" ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან"
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ
გადახედვა
-
10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული 10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული
გადახედვა
-
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს
გადახედვა
-
"ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა "ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
-
რატომ ხორციელდება შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა? — "თრიალეთი" შემოსავლების სამსახურს რატომ ხორციელდება შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა? — "თრიალეთი" შემოსავლების სამსახურს
გადახედვა
-
თსუ-ს სენატი: ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია თსუ-ს სენატი: ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია
გადახედვა
კომენტარები