მმართველი პარტიის დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მეხუთე კოლონა და მტრები ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს უწოდა და არა აქცია #სირცხვილიას ყველა მონაწილეს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ ეთერში არ ესმოდა წამყვანის დამაზუსტებელი კითხვები იმის შესახებ, ეხებოდა თუ არა ეს სიტყვები ახალგაზრდებს.

"ვერ გავიგე რა დამისვა კითხვა, ვჩხუბობდით მაგ მომენტში ეთერში. მეხუთე კოლონად ვთვლი ნაციონალურ მოძრაობას. ნამდვილად არ მიგულისხმია და ვერც ვიგულისხმებ, როგორ შეიძლება. ჩემი შვილებიც იდგნენ პირველ დღეს იმ აქციაზე", — განუცხადა მან On.ge-ს.

თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ აქცია #სირცხვილიაზეც არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც "სამოქალაქო აქტივისტების ფორმაში არიან გადაცმულები" და მათ მეხუთე კოლონად მიიჩნევს. აქვე, ის აზუსტებს, რომ აქციის მონაწილეობა ავტომატურად ნაციონალური მოძრაობის წევრობას არ გულისხმობს.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორის შეთავაზებას, რომ დეპუტატმა აქციის სცენიდან მოიხადოს ბოდიში, ზოიძე პასუხობს:

"რა ბოდიში უნდა მოვიხადო, თუ დიღმელაშვილმა მიიღო, რომ ნაციონალურ მოძრაობას თვითონ წარმოადგენს? ჩემთვის მეხუთე კოლონა არის ნაციონალური მოძრაობა და ევრონაცები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან. თუ ვინმე თვლის თავს, ნაციონალური მოძრაობის წევრად, ამ მეხუთე კოლონად, მაშინ ბოდიშს ნაღდად არ მოვიხდი. თუ ვინმემ სხვანაირად გაიგო, ანუ არა ნაციონალურ მოძრაობაზე, ამისათვის შემიძლია ახლა საჯარო ბოდიში მოვიხადო", — განაცხადა მან.

დღეს, 10 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა დეპუტატს სთხოვა შეეფასებინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იყო კრიტიკული საკუთარი მოსახლეობის და აქციის მონაწილეების მიმართ, რაზეც ზოიძემ უპასუხა:

"არანაირი მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას".

ზოიძემ განაცხადა, რომ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები იდგნენ. წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მას დაუზუსტა, რომ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს გულისხმობდა, რომლებიც გავრილოვის ვიზიტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ, რაზეც ზოიძემ განაცხადა: "კი, ბატონო, არიან იქ ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ გახარიას გადადგომაა მთავარი".

დეპუტატი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ დროს, როცა ახალგაზრდები ახსენა მას სურდა "მკვეთრად გაემიჯნა" ისინი ნაციონალური მოძრაობისგან, თუმცა "სიტყვა არ დაუსრულებია".

ამავე თემაზე: