საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომა სესიაზე ცნობად მიიღეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა "ქვეყნისთვის გაწეული მნიშვნლოვანი სამსახურისთვის".

"ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ინფორმაციის გაზიარება, ეს ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის გადადგომის საკითხს. წარმოდგენილია ბატონი ირაკლი კობახიძის წერილი, პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2019 წლის 21 ივნისიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მე ვალდებული ვარ, ეს ვაცნობო სხდომას და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამსახურისთვის", — თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

21 ივნისს ქართული ოცნების ბრიფინგზე დადასტურდა, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებდა. ეს მოთხოვნა ჰქონდათ 20 ივნისის აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. აქციის მონაწილეების პოზიციით, რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი და პლენარულ სხდომათა დარბაზში სესიის გამართვა, სწორედ, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს. ის პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს, აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია 2015 წლიდან.