რუსეთის დუმის დეპუტატებმა საქართველო დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge-ს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში თბილისში რუსი სამი დეპუტატი იყო ჩამოსული. ერთ-ერთი მათგანი სერგეი გავრილოვი ასამბლეის პრეზიდენტია.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და გავრილოვს სხდომის წაყვანის უფლება არ მისცეს. ამის შემდეგ ასამბლეის სხდომა შეწყდა და დელეგაციის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეებმა ისევ საპროტესტო აქცია გამართეს. სასტუმროს დატოვების დროს კი გავრილოვს სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.

გუშინ 19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".