"ნაბიჯი უკან" — კომუნიკაციების კომისია სიძულვილის ენის კანონით დარეგულირებას ითხოვს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური პარლამენტს მოუწოდებს დააჩქაროს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას კანონის დონეზე დაარეგულირებს.
კახა ბექაური ირწმუნება, რომ კანონპროექტის განხილვასა და მიღებას საქართველოს პარლამენტს ასოცირების დღის წესრიგი 2019 წლის პირველ ივლისამდე ავალდებულებს, რასაც კანონპროექტის მუშაობის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფენ. ასოცირების დღის წესრიგით კანონპროექტის დამტკიცების ვადა პარლამენტს 2020 წლის დადგომამდე აქვს.
კომუნიკაციების კომისიამ კანონპროექტი 2018 წლის დეკემბერში მოამზადა და მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ბექაურის თქმით, სიძულვილის ენა, როგორც წინასაარჩევნო ისე სხვა პერიოდშიც პრობლემაა და სასწრაფო დარეგულირებას საჭიროებს.
მოქმედი კანონმდებლობით, სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის საკითხები მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია.
იმ კანონპროექტით კი, რომლის დაჩქარებულ განხილვასაც ბექაური ითხოვს, გასაჩივრების უფლება მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში რჩება, ხოლო კომისიაში, ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოში.
კახა ბექაურის მტკიცებით, ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა გადავიდეს რეგულირების სფეროში.
მმართველი გუნდის პოზიცია
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიმართვას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მიიღებენ ზომებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა. მისივე შეფასებით, ეს კანონპროექტი სცილდება საარჩევნო გარემოს კონტექსტს და უფრო მასშტაბურ განხილვას საჭიროებს.
"კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები ამ მიმართულებით. წამყვან კომიტეტში ჯერჯერობით არ განხილულა,მიზეზებსაც მოვიძიებთ და შევეცდებით, რომ დავაჩქაროთ ამ საკითხის განხილვა", — განაცხადა კობახიძემ.
მისი გაცხადებით, სიძულვილის ენა მედიასა და საზოგადოებაში პრობლემაა და შესწავლას საჭიროებს.
"როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს კიდეც. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული", — განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
რას ფიქრობს ოპოზიცია
ევროპულმა საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. გიგა ბოკერიამ თქვა, რომ არის "მედიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო მცდელობა".
"კომისიის კანონპროექტი საუბრობს იმაზე, რომ მათი კონტროლი უნდა გავრცელდეს მთელ ინტერნეტზე და აქვთ ე.წ. ქცევითი კოდექსი, თუ რა არის ჟურნალისტური სტანდარტი. ამას, ამ დრომდე არეგულირებდა მედია და ახლა უნდათ, რომ ეს გადმოვიდეს მარეგულირებლის ხელში. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და არა სახელმწიფოს ჩარევა", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია სამაგალითო კანონმდებლობა პრესისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.
"მათ სურთ, რომ ეს გამოაცალონ ჩვენს დემოკრატიას იმიტომ, რომ შეშფოთებულები არიან 2020 წლის არჩევნების წინ. რახან აირჩიეს სრული კონფრონტაცია, ეს ძვირად უნდა დავუჯინოთ. ხელისუფლებას არ მოსწონს კანონპროექტი, რომელიც იცავს პოლიტიკური ოპონენტის, მედიის, ჟურნალისტის თავისუფლებას და სურთ, კანონპროექტის შეცვლა", — განაცხადა ბოკერიამ.
მედიაორგანიზაციების პასუხი
რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის წარმომადგენელი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიასთან და ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ და ბექაურის განცხადება, რომ არასამთავრობო სექტორისგან ორი თვე არაფერი სმენიათ სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე ცნობით, ბოლო შეხვედრა მაისის თვეში ჰქონდათ.
კუპრაშვილი აცხადებს, რომ ევროპელი კოლეგები კონკრეტულ ჩარჩოებს არ აწესებენ, მთავარია ქვეყანას ჰქონდეს პროგრამული დილემების დაძლევის, სიზუსტის, მიუკერძოებლობის ეფექტური მექანიზმები და მნიშვნელობა არ აქვს, ეს რეგულირების სფეროში იქნება, თუ თვითრეგულირების.
"როცა ვსვამთ კითხვას შეესაბამება თუ არა თვითრეგულირების მექანიზმების რეგულირებაში გადატანა დირექტივას, პასუხი იქნება, რომ კი, ისევე როგორც პასუხი იქნება კი თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებაზე. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს. დირექტივაში არ წერია არც ერთი და არც მეორე ვალდებულება. ჩვენ უნდა გვქონდეს პროგრამული დილემების, სიზუსტის, მიუკერძოებლობის ეფექტური მექანიზმები. ეს მექანიზმები შეიძლება იყოს რეგულირებაც და თვითრეგულირებაც, რადგან ამას თვითონ ქვეყანა ირჩევს", — განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
კუპრაშვილი აცხადებს, რომ თვითრეგულირების რეგულირების სფეროში გადატანა სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს აჩენს და უკან გადადგმული ნაბიჯია. მისი შეფასებით, პრობლემების მოსაგვარებლად გამოსავალი თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებაა.
"ეს არის დაბრუნება 2009 წლამდე მდგომარეობაში, ეს არის ცალსახა და ძალიან ნათელი. ჩვენი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში სერიოზული საფრთხის შემცველია. თუ იმ ფორმით გავა კანონი, როგორც მარეგულირებელ კომისიას აქვს ინიცირებული, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, სტანდარტის დაზიანება. ეს ვერ იქნება ნაბიჯი წინ, ვერც ერთ შემთხვევაში. ", — განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი დემოკრატიის პირობებში "არ შეიძლება მედიის შინაარსი რეგულირდებოდეს" და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არანაირი აუდიო-ვიზუალური დირექტივა ამის განხორციელებას არ ითხოვს.
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები
მმართველ გუნდში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობის დაწყების "ინსპირაცია" უმეტესად მედია იყო, უფრო ხშირად კი კრიტიკა რუსთავი 2-ს ეხებოდა. საკანონმდებლო დონეზე გამოხატვის თავისუფლების არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უფლებების დამცველების დაპირისპირებისა და კრიტიკის შემდეგ პროცესი ჩერდებოდა ან იშლებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა გაპრეზიდენტებიდან მალევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და სიძულვილის ენის რეგულირების საკითხი ისევ გააცოცხლა. მას შეუერთდა საქართველოს პატრიარქი და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი. ყველა მათგანი ყურადღებას ცილისწამების პრობლემასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ამახვილებდა.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოში არსებულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს შეამცირებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.
"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად", — აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ცილისწამების საკითხს იმაზე მეტი პოლიტიკური მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე აქამდე ჰყოლია. საქართველოს პრეზიდენტი, პატრიარქი, პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან და პარლამენტის თავმჯდომარეც — ყველა, რომელთა ხელშიც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ირიბად ან პირდაპირ მხარს უჭერს.
ამავე თემაზე:
კომენტარები