სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა თუ ცილისწამებასთან ბრძოლა
საქართველოს პრეზიდენტისა და საპატრიარქოს შემდეგ გამოხატვის თავისუფლების რეგულირებაზე კანონმდებლებმაც ღიად დაიწყეს საუბარი. ამ მიმართულებით უმრავლესობის დეპუტატების ხედვა არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ცილისწამების კანონის გამკაცრებაზე საუბრობს, ნაწილი კი სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ყველა მათგანი ირწმუნება, რომ ამ საკითხების დარეგულირებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არ შეიზღუდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ცილისწამების კუთხით კანონის გამკაცრება საფრთხის ქვეშ დააყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ბოლო ორ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი, პატრიარქი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთის მსგავს განცხადებებს ავრცელებენ. ყველა მათგანი ყურადღებას ცილისწამების პრობლემასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ამახვილებდა.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ სახელმწიფომ უნდა იპოვოს გზა, რომლითაც ერთდროულად დაიცავს, როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ისე ადამიანების პატივსა და ღირსებას. მან თავისი პოზიცია საფრანგეთის მაგალითით დაასაბუთა. პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში "ზღვარგადასულ სიტყვის თავისუფლებასა" და "სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობაზე" ისაუბრა. შემდეგ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც "მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწსიტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება".
საფრანგეთის მაგალითი
"საფრანგეთმა მართლაც მიიღო ახალი კანონი ოღონდ არა ცილისწამების, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, რომელმაც დიდი დებატები გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც", — წერს მედია-ჩეკერი.
ამ კანონის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსამართლეებს მიეცათ უფლება, რომ მედიას ყალბი ინფორმაციის მოხსნა დაავალოს. თუმცა, იმისათვის, რომ ინფორმაცია ყალბად მიიჩნიონ და სასამართლოში განიხილონ ის სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:
- ყალბი ამბავი ცხადი უნდა იყოს;
- დიდი მასშტაბით განზრახ ვრცელდებოდეს;
- დაარღვიოს მშვიდობა და გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
საფრანგეთის კიდევ ერთი ჩანაწერით, მაუწყებლობის მარეგულირებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მაუწყებლობა, რომელიც "ლახავს ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს".
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქცია, ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა 75 ათასი ევროს ოდენობით. ცენზურასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებზე საუბრის მიუხედავად, კანონი 2018 წლის ნოემბერში მიიღეს.
პოლიტიკური შეფასებები
ქართული ოცნება
ქართული ოცნების დეპუტატები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრისას წინასაარჩევნო პერიოდს იხსენებენ. ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი იყო. ასევე მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს, თუმცა არ უნდა დაირღვეს სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი.
სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის მაგალითის ხსენების პარალელურად, ქართული ოცნების დეპუტატების რიტორიკა შეიცვალა. მათ ცილისწამებასთან ერთად, სიძულვილის ენისა და ე.წ. ფეიქ-ნიუსებთან ბრძოლის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი.
უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უარყო, რომ მმართველი გუნდი ცილისწამების კანონით დარეგულირებაზე მსჯელობს: "სადმე ვახსენე ცილისწამება? ე.წ. ფეიქ-ნიუსებსა და სიძულვილის ენას ვგულისხმობ".
ის ამბობს, რომ რეგულაციების შემოღება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს და, ძირითადად, მედიაში ცრუ ინფორმაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა საფრანგეთის გარდა სხვა ქვეყნის გამოცდილებაზეც ისაუბროს, უმრავლესობის ლიდერი არ პასუხობს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შევიდეს და აქვე განმარტავს:
"მე ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ისეთი რეგულაციის, რომელიც მოახდენს ცილისწამების კრიმინალიზაციას და დაგვაბრუნებს წარსულში".
ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნების სურვილს, იმსჯელონ ცილისწამების კუთხით კანონის გამკაცრებაზე, ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე. მისი თქმით, საფრანგეთის მსგავსი კანონი რომ საქართველოში მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილი "განსასჯელის სკამზე იჯდებოდა".
"საარჩევნო პროცესში ცილისწამების ნიაღვარი იყო. ტროლების სახით ხელისუფლებას დაფინანსებული გუნდი ჰყავს და ცილისწამების გამავრცელებელი სამსახურები აქვთ", — განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთარ კახიძე იზიარებს ოპოზიციის განწყობას და ეწინააღმდეგება ცილისწამების შესახებ დაწყებულ მსჯელობას. ის დარწმუნებულია, რომ "საუბრის აკრძალვა" საქართველოში ვერ იმუშავებს.
"ზოგადად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში ყოველთვის სურდათ ყველაზე ბნელ, შავრაზმელ ძალებს. მზე დეზინფექციის საუკეთესო საშუალებაა. რაც მეტად ვისაუბრებთ და რაც მეტი რამ გამოვა დღის სინათლეზე, მით უკეთესი", — ამბობს დეპუტატი.
არსებული კანონმდებლობა
უმრავლესობის დეპუტატები საუბრობენ ცილისწამების, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ რეგულაციების შემუშავებაზე, თუმცა არ ამბობენ, კონკრეტულად, რა არ მოსწონთ არსებულ სტანდარტში.
საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან უკვე აღარ ისჯება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით რეგულირდება. რეგულაციები შეეხება, როგორც კერძო პირს, ისე საჯარო მოხელეს, თუმცა მტკიცების ტვირთი განსხვავებულია. საჯარო პირს თმენის უფრო მაღალი სტანდარტი და ვალდებულება აქვს. ცილისწამებად და შეურაცხყოფად არ ითვლება პოლიტიკური დებატების დროს გაჟღერებული ბრალდებები.
არასამთავრობო ორგანიზაციები
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოში არსებულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს შეამცირებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუშლის ხელს.
"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად", — აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები
მმართველ გუნდში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობის დაწყების "ინსპირაცია" უმეტესად მედია იყო, უფრო ხშირად კი კრიტიკა რუსთავი 2-ს ეხებოდა. საკანონმდებლო დონეზე გამოხატვის თავისუფლების არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის უფლებების დამცველების დაპირისპირებისა და კრიტიკის შემდეგ პროცესი ჩერდებოდა ან იშლებოდა.
დღეს ცილისწამების საკითხს იმაზე მეტი პოლიტიკური მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე აქამდე ჰყოლია. საქართველოს პრეზიდენტი, პატრიარქი, პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან და პარლამენტის თავმჯდომარეც — ყველა, რომელთა ხელშიც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ირიბად ან პირდაპირ მხარს უჭერს.
კომენტარები