ქართული ოცნების დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შეთანხმების მიღწევის გამო პარლამენტის დეპუტატების ნაწილი იმედგაცრუებული და "დაძმარებულია".

"ძალიან სასიხარულოა, რაც მოხდა გუშინ ჭიათურაში, შეთანხმება, მაგრამ ვხედავ აქ დაძმარებულ და აჟიტირებულ ხალხს, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ თევზი დაეჭირა, მაგრამ წყალი არ აიმღვრა", — განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ ხალხის "იმედი" დიდი ხნით გადაიდო. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა არის მისი არჩევანი.

27 მაისს ჭიათურაში მაღაროელებსა და კომპანიას შორის კომპრომისი შედგა. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც ადგილზე იყო მოლაპარაკებებში ჩართული, თქვა, რომ მაღაროელებს 25 პროცენტით მოემატებათ ხელფასები პირველი ივნისიდან, ხოლო წლის განმავლობაში კიდევ 10 პროცენტით. მინისტრის განცხადებით, ასევე შეთანხმდნენ შრომის უსაფრთხოებისა და გადაიარაღების საკითხებზეც.

მაღაროელები 11 დღე შიმშილობდნენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა გუშინ, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა. კომპანიამ გაფიცულებს პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10-პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 30-პროცენტიან ზრდას, შემდეგ კი 20-პროცენტიანს ითხოვდნენ.