საქართველოდან იტალიის მიმართულებით Wizz Air ახალი მიმართულებით (ქუთაისი-ბარი) რეისების შესრულებას გეგმავს. მინდა, მოკლედ მოგიყვეთ იტალიის ამ რეგიონზე.

პულია იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი იონიის ზღვა. შესაბამისად ზაფხული ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ პულიას და მის ზღვისპირა ქალაქებს ესტუმროთ.

რა უნდა ნახოთ

ჩემი აზრით, აუცილებლად სანახავი ქალაქებია ბარი, ლეჩე, პოლინიანო-ა-მარე და ალბერობელი.

ბარი არის პულიის ცენტრალური ქალაქი რომელიც ბოლო ოცი წელია განვითარდა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდა. მანამდე რეგიონს, და განსაკუთრებით ამ ქალაქს, იტალიის მაფია ატერორებდა და მის ქუჩებში სიარული საშიში იყო.

აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველი ქალაქი, გაისეირნოთ ზღვისპირას და საღამოს დრო გაატაროთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც შეხვდებით უამრავ ახალგაზრდას და გასინჯავთ ადგილობრივ კერძებს.

ბარიდან შესაძლებელია მატარებლით წახვიდეთ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქალაქში, მე პირადად რეკომენდაციას გავუწევდი პოლინიანო-ა-მარეს, რომელიც პირდაპირ ზღვის პირასაა გაშენებული და ზაფხულში განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა.

რა უნდა გასინჯოთ

პულიაში შეგიძლიათ ჭამოთ უგემრიელესი კერძები იტალიის სხვა რეგიონებთან შედარებით იაფად.

მოგეწონებათ ორაგულის ბურგერი პისტაჩიოთი. ასევე პასტა orecchiette, ფოკაჩა და დახურული პიცა (პანცეროტე). უმეტეს რესტორანში მისაღებ ფასებია.

ზაფხულში, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ნაყინი (ჯელატო). ნებისმიერ სანაყინეში ძალიან კარგ ნაყინს შემოთავაზებენ.

სად უნდა დარჩეთ

ფოტო: Airbnb

წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში ჰოსტელები ძვირი არ ღირს, თუმცა, გირჩევთ გამოიყენოთ ქაუჩსერფინგი. რომელიც ფულის დაზოგვის და ახალი ადგილობრივი ნაცნობების შეძენის კარგი საშუალებაა.

პულიელები დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, ამიტომ თუ ქაუჩსერფინგს აირჩევთ, საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ.

როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას

მთავარი რამ, რაც იტალიაში უნდა გაითვალისწინოთ, ონლაინ ბილეთის ქონაა. ამ შემთხვევაში გადაიხდით ნაკლებს, პლუს არ მოგიწევს სადგურზე მათი დასტამპვა, რაც ადგილზე ბილეთის ყიდვის შემთხვევაში აუცილებელია და შეიძლება სიჩქარეში დაგავიწყდეთ, რაზეც საკმაოდ დიდი ჯარიმებია.

იტალიაში არის სხვადასხვა სახის მატარებლები:

1. რეჯონალე და რეგიონალე ველოჩე — როდესაც გექნებათ ამ მატარებლის ონლაინ ბილეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მომდევნო 4 საათის განმავლობაში. მაგალითად, თუ ბილეთი გაქვს 13:00-ზე, შეგიძლია 17:00- ზე რომ გადის იმ მატარებელს გაყვე. ბილეთების ფასი ძირითადად არ იცვლება ხოლმე;

2. ინტერსითი — რომელიც შედარებით სწრაფია. ამ მატარებელზეც იმავე წესი მოქმედებს, მაგრამ თუ გაქვთ რეჯიონალეს ბილეთი, ინტერსითით ვერ იმგზავრებთ. ბილეთების ფასი შეიძლება შეიცვალოს და იმ დღის ბილეთი გაცილებით ძვირი ღირდეს, ვიდრე ერთი კვირით ადრე ნაყიდი.

3. ფრეჩაბიანკა, ფრეჩარჯენტო და ფრეჩაროსა მაღალი კლასის და სწრაფი მატარებლებია — ამ შემთხვევაში ზუსტად თქვენს დროს უნდა გამოცხადდეთ სადგურზე. ასევე, ამ მატარებლების ბილეთების ფასი საგრძნობლად იცვლება. მაგალითად, თუ ერთი თვით ადრე ბილეთს 15 ევროდ იყიდით, მოგებული დარჩებით, რადგან ბილეთი ერთი დღით ადრე, შესაძლოა, 50 ევრო ან მეტი ღირდეს.

4. იტალო — იგივე წესები მოქმედებს როგორც მესამე ტიპის მატარებლებზე, უბრალოდ იტალო სხვა კომპანიის მატარებელია.

იტალიაში, სახელმწიფო მუზეუმები ყოველი თვის პირველ კვირას არის უფასო. მაგ. თუ 3 აგვისტო არის კვირა, შესაბამისად ის თვის პირველი კვირაა, ამიტომ ამ დროს შეგიძლიათ სახელმწიფო მუზეუმები უფასოდ დაათვალიეროთ.

აღმოსავლეთ პარტნიორობა წელს ათი წლის იუბილეს ზეიმობს. ეს თანამშრომლობა ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რამაც საქართველო ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოვა. დაახლოებით 300 000-მა საქართველოს მოქალაქემ უკვე იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე და ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობები აღმოაჩინა.