თბილისის მერი ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გააკეთეს გარკვეული პრობლემების გამო. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, მთავრობის 10 აპრილის სხდომაზე თქვა. მერმა თავის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, პირდაპირი შესყიდვების გზით მოგვარდეს ეს პრობლემა:

"ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ იმის გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ხან ტენდერი ვარდება... ერთი წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია".

კალაძის თქმით, მგზავრების რაოდენობა არის გაზრდილი, მაგალითად, 2016 წელს დღეში მგზავრების საშუალო რაოდენობა იყო 273 ათასი, 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 100 ათასით გაიზარდა.

2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროსადგურის გარემონტება ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მმართველობის პერიოდში 347 848 ლარი დაჯდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას ვარკეთილის ჩამონგრეულ მეტროსადგურზე ექსპერტიზის დასკვნის On.ge-სთვის გადაცემა დაევალა. კომპანიის არგუმენტია, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის და მისი გაცემის ვალდებულება არ აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში On.ge-ს ამ ინფორმაციის მისაღებად ორი სასამართლო დავა ჰქონდა. სატრანსპორტო კომპანიის მსგავასად სასამართლომ ინფორმაციის მოსარჩელისთვის გადაცემა თბილისის მერიასაც დაავალა.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.