ომის მდგომარეობა
მსოფლიო ასეთი მშვიდობიანი არასოდეს ყოფილა, იმ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც მოქალაქეებზე სახელმწიფო ძალადობს.
დღესდღეობით მსოფლიოში ძალადობის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. შესაძლოა, რთულად დასაჯერებელია, მაგრამ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, შეიარაღებულ კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. და მართალია, ბოლო წლებში სამოქალაქო ომების მსხვერპლთა მაჩვენებელმა შედარებით მოიმატა, მაგრამ ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული ეს რიცხვი მაინც საგრძნობლად შემცირებულია. გასულ ათ წელთან შედარებით, ტერორისტულ აქტებში დაღუპულთა რაოდენობამაც დაიწყო კლება. სამყაროს უმეტეს ნაწილში კი კრიმინალით გამოწვეული მკვლელობათა შემთხვევებიც მცირდება.
ეს ყველაფერი საზეიმო კია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მთლიანი ისტორიის მხოლოდ ნაწილია. მართალია, ძალადობის გარკვეული ფორმების შემთხვევები შემცირდა, მაგრამ მომატება იწყო სხვა ფორმებმა - კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობამ და მაფიის, ნარკოკარტელებისა და კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობამ. სიტუაციას ის ართულებს, რომ ხშირად კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობაში თავად სახელმწიფოა გარეული. პოლიტიკოსები, პოლიცია და სხვა ოფიციალური პირები ზოგჯერ გარიგებულები არიან კრიმინალური სამყაროს ბოსებთან, რაც დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეთა გამოაშკარავებას ართულებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი სისხლისღვრისთვის ხელის შეშლა შეუძლებელია. ორგანიზებული მკვლელობების სხვა ფორმები აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიერ შემუშავებული ნორმების, კანონებისა და პროგრამების შედეგად შემცირდა. ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა გაერო და ნატო, მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად დაფუძნდა. ახლა დროა, დღევანდელი ძალადობის ფორმების აღმოსაფხვრელად ახალი ტიპის მექანიზმები შევიმუშავოთ.
მეოცე საუკუნის ორმა მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანი შეიწირა. თუმცა, მომდევნო სისხლისმღვრელ ომებში (მაგალითად, კორეის ომში) დაღუპულების რიცხვი პროგრესულად მცირდებოდა. 2017 წლის მაჩვენებლით, სამოქალაქო და სახელმწიფოთაშორის ომებში დაღუპულთა რაოდენობა 90 ათასზე იყო ჩამოსული.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ომის წამოწყების საფრთხე კვლავ არსებობს. მაგალითად, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა იმატებს, რამაც, შეიძლება, აზიაში სიტუაციის უკონტროლობა გამოიწვიოს. რუსეთი მეზობელ სახელმწიფოებს ემუქრება და სხვა რეგიონალური ქიშპობებიც სულ უფრო სახიფათო ხდება. ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირების დაწყება სრულიად მოსალოდნელია, პარალელურად კი შუა აღმოსავლეთის ძალებს შორის არაპირდაპირი ბრძოლებია გაჩაღებული. ამ კონფლიქტთა შედეგია, რომ 2010 წლიდან სახელმწიფოთაშორის ომში დაღუპულთა მაჩვენებელი გაიზარდა. ომის მსხვერპლთა ბოლოდროინდელი კლების ფონზე ეს მომატებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ საგანგაშო არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სახის კონფლიქტები რთულად მოსაგვარებელია, მდგომარეობა ყურადღების მიპყრობას საჭიროებს.
ამასთან, თითოეულ კონფლიქტში მებრძოლთა რაოდენობაც იზრდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომისიის ცნობით, დღევანდელი ომების დაახლოებით ნახევარში სამიდან ცხრამდე დაპირისპირებული მხარე მონაწილეობს. ლიბიასა და სირიაში ასობით შეიარაღებული ჯგუფი იბრძვის კონტროლის მოსაპოვებლად. ხშირად ადგილობრივი პოლიცია, კრიმინალური დაჯგუფებები, უცხოელი მეომრები და ტერორისტული ორგანიზაციები მხარდამხარ იბრძვიან, რაც ტრადიციული დიპლომატიური რეაგირების ფორმებს არაეფექტიანს ხდის (ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა გამოითვალა, რომ 47-ზე მეტ შიდა კონფლიქტში გარე სახელმწიფოებს ჯარი სულ მცირე ერთი მხარისთვის მაინც გაუგზავნია). ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ მშვიდობის დამყარების ტრადიციული მეთოდები - ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები, სამშვიდობო შეთანხმებები და მშვიდობის შესანარჩუნებელი ოპერაციები - სულ უფრო ნაკლებად წარმატებული ხდება.
ტერორისტული თავდასხმები 9/11-ის ტრაგედიის მომდევნო პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკელებისა და ევროპელებისთვის მთავარ საზრუნავად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ.-ს პოლიტიკოსები ტერორისტებისაგან თავის დასაცავად საზღვრების ჩაკეტვით იმუქრებიან, ქვეყნის მთავარ საფრთხეს, სინამდვილეში, ადგილობრივი თეთრკანიან ნაციონალისტთა დაჯგუფებები წარმოადგენენ და არა - ჯიჰადისტები. ამასთან, ბოლო წლებში დასავლეთ ევროპაში მომხდარი საზარელი ტერორისტული თავდასხმების მიუხედავად, ტერორისტების მთავარ ბრძოლის ველს დასავლეთი არ წარმოადგენს.
2017 წლის პირველ ნახევარში ტერორისტული თავდასხმების მხოლოდ ორი პროცენტი და საერთო მსხვერპლთა მხოლოდ ერთი პროცენტი მოვიდა ევროპის ქვეყნებზე. 2016 წლის მაჩვენებლით, შანსი, რომ ევროპაში ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლო 100 ათასში მხოლოდ 0,027-ია. ეს მაჩვენებელი, მეხის დაცემის შესაძლობლობაზე ოდნავ მაღალია. ტერორისტული თავდასხმების 90 პროცენტზე მეტი და ამასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მხოლოდ შვიდ ქვეყანაში აღინიშნება: ავღანეთში, ერაყში, ნიგერიაში, პაკისტანში, სომალიში, სირიასა და იემენში. მსოფლიო ტერორიზმის ინდექსზე დაყრდნობით, 2017 წელს დაახლოებით 19 ათას დაღუპულთა ნახევარზე მეტი იმ ტერორისტულ აქტებს ემსხვერპლა, რომელთაც სათავეში მხოლოდ ოთხი ძირითადი დაჯგუფება ედგა: ისლამური სახელმწიფო, თალიბანი, ალ-შაბაბი და ბოკო ჰარამი.
მსგავსი სახიფათო ტერორისტული დაჯგუფებების არსებობის მიუხედავად, ტერორიზმით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბოლო რამდენიმე წელიწადში 40 პროცენტზე მეტით იკლო. მართალია, ტერორიზმის საბოლოოდ აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა აუცილებელია იმ ფაქტორების შემცირება, რომლებიც ხელს უწყობს მის გაღვივებას. ეს ფაქტორები გარიყვა, მარგინალიზაცია და ძალადობრივი სახელმწიფო რეპრესიებია.
სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ პირდაპირი ძალადობა ოცდამეერთე საუკუნეშიც არ გამქრალა. თუმცა ის ისეთ ღია ფორმებს აღარ იღებს, როგორც სტალინის რეჟიმის დროს გულაგებში, პოლიტიკური პატიმრებისა და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი მკვლელობებისას, ან თუნდაც 1994 წლის რუანდას გენოციდის დროს ხდებოდა. დღეს მთავრობებმა ძალის გადამეტაბათა შემთხვევების გულმოდგინედ დამალვა ისწავლეს.
მაგალითად, მექსიკაში პატიმრების სამი მეოთხედი აცხადებს, რომ ციხეში აწამებენ. რიო-დე-ჟანეიროში მხოლოდ 2018 წელს პოლიციას ათასზე მეტ მკვლელობაში მიუძღვის ბრალი. ნიგერიაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამთავრობო დაკავების ცენტრებში 7 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დამატებით 1 200 კი სამართლიანი სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს. ჩრდილოეთ კორეაში 80 ათასიდან 130 ათასამდე ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებშია, რომლებიც ჰოლოკოსტგამოვლილმა ადამიანმა სისასტიკით ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა.
რადგან მსგავს დანაშაულთა დამალვა ან მიჩქმალვა ძალიან მარტივია, ვერაფრით დავადგენთ, რეალურად რა რაოდენობის დანაშაულზე მიუძღვის სახელმწიფოს ბრალი. საკმარისია, გავიხსენოთ ახლახან გამოაშკარავებული საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებშიც ასობით ათასი მუსლიმი უიღურები "ხელახლა აღსაზრდელად" გამოუკეტავთ. მავთულხლართები თვალშისაცემია. გაცილებით რთულად შესამჩნევი ის სახის ამომცნობი და სამეთვალყურეო ტექნოლოგიაა, რომელიც გადაადგილების, დებატებისა და პროტესტის გამკონტროლებელ ვირტუალურ ღობეებს ქმნის.
და ბოლოს, არსებობს ორგანიზებული დანაშაულიც. ბოლო წლებში მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ნაწილში აღინიშნა ამ ტიპის ძალადობის შემთხვევათა მომატება - იქნება ეს მექსიკაში კარტელური განხეთქილებები, ბრაზილიაში ბანდის წევრების მიერ ჩადენილი მკვლელობები, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საარჩევნო პერიოდის ბანდიტიზმი, თუ ნიგერიაში ფერმერებსა და მწყემსებს შორის გაჩაღებული სისხლისმღვრელი შუღლი.
ორგანიზებული დანაშაული, ომის მსგავსად, იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც - კაცობრიობის ცივილიზაცია. თავდაპირველად ამ სახის დანაშაული, ძირითადად, სასოფლო დასახლებებში ხდებოდა; იქ, სადაც ყაჩაღებსა და ბანდიტებს მშვიდობიანი მოსახლეობის შევიწროება შეეძლოთ. მაგრამ ბოლო პერიოდში ამ ტიპის კრიმინალმა ურბანულ დასახლებებშიც გაიდგა ფესვები. თანამედროვე ორგანიზებული დანაშაული ხშირად განზრახ სასტიკ და შემზარავ ფორმებს ატარებს, რათა დაპირისპირებულმა ბანაკებმა სათანადო გამაფრთხილებელი გზავნილი მიიღონ.
ორგანიზებული დანაშაული ჰყვავის იქ, სადაც სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ან არ სურთ მოსახლეობა საარსებო მინიმუმით ან საბაზისო სერვისებით უზრუნველყონ. მაგრამ არასწორი იქნება, თუ ორგანიზებული დანაშაულის არსებობას სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობის მაჩვენებლად ჩავთვლით. პირიქით, მსგავს დანაშაულში პოლიტიკოსები, პოლიცია თუ ციხის დაცვის წევრები ხშირად თანამონაწილეობენ და სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებასთან უკანონოდ მოპოვებულ ქონებას იყოფენ.
არეულობის დროს მთავრობას შეუძლია, რეპრესიული ტაქტიკებისა და სამხედრო ჩარევების გზით ისეთი იმიჯი შეიქმნას, თითქოს კრიმინალს ებრძოდეს. მსგავსი ტაქტიკით ხშირად არჩევნებსაც იგებენ, მაგრამ, ამასთან, კრიმინალურ დაჯგუფებებსაც ახალისებენ. ციხეში ჩასმული ახალგაზრდები აძლიერებენ ბანდებს, რომლებიც იმავე ციხეებს აკონტროლებენ. მკაცრი უსაფრთხოების პოლიტიკა კრიმინალებს საპასუხო და უფრო სასტიკი დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს, ხოლო მოქალაქეებს პოლიციისა და კრიმინალური დაჯგუფებების შიშს უნერგავს. მსგავსი რეპრესიული პოლიტიკის ხარჯზე დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს, სახელმწიფოს ინსტიტუტთა ძალა კი უფრო და უფრო იკლებს.
ძალადობის აღმოფხვრის ამაზე ეფექტიანი გზები ნამდვილად არსებობს. სამხედროთა და პოლიციელების მხრიდან რეპრესიების ნაცვლად, მთავრობამ, ბიზნესებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ის მიმართულებები უნდა განავითაროს, რაც მუშაობს. მაგალითად, დასაწყისისთვის კარგი იქნება, თუ სახელმწიფოთაშორის ომების შესამცირებლად გაეროს კონფლიქტთა პრევენციის მცდელობებს მეტად მიექცევა ყურადღება.
კი, სიმართლეა, რომ გაეროს მიერ მასობრივი ძალადობის აღმოფხვრის მცდელობები ყოველთვის წარმატებით არ გვირგვინდება. ამის მიუხედავად, სამშვიდობო ძალებს მთლიანობაში სტაბილურობის შენარჩუნებაში წვლილი ნამდვილად მიუძღვით. გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ორგანიზაციამ ძალადობრივი კონფლიქტის პრევენცია მოახდინა გვინეაში (2008-2010 წლები), სუდანსა და ახლანდელ სამხრეთ სუდანში (2010-2011 წლები), მალავიში (2011 წელი), ლიბანში (2012-2017 წლები) და ნიგერიაში (2015 წელი). RAND-ის კვლევის თანახმად კი, გაერო არა მხოლოდ ომის რისკებს ამცირებს, არამედ, ასევე, სხვა ალტერნატივათა უმრავლესობაზე იაფადაც მოქმედებს.
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობის ფორმები იცვლება, უნდა შეიცვალოს მასთან ბრძოლის მეთოდებიც. ვერავინ, განსაკუთრებით კი - გაეროს უშიშროების საბჭო, ვერ შეძლებს, კარაკასის თუ პაკისტანის ქალაქ კარაჩის ქუჩებში ცისფერჩაფხუტიანი სამშვიდობოები გადასხას. ვერც ადამიანთა უფლებების დამცველები შეძლებენ უმცირესობათა ჩაგვრის გასაკონტროლებლად ჩინეთში მარტივად გამგზავრებას.
კორუფციის შესამცირებლად, გამჭირვალობის ხელშესაწყობად და საჯარო უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გასასაჯაროებლად ბოლო დროს განხორციელებული მცდელობები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია.
გარდა ამისა, შესაბამისმა ორგანიზაციებმა დაკვირვებით უნდა შეისწავლონ ის საშუალებები, რომლებიც მთავრობასა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის უთანხმოებების დიპლომატიური გზით გადაჭრას შეუწყობს ხელს. სალვადორის ბანდიტურ დაჯგუფებებ შორის დადებულმა გახმაურებულმა ზავმა მცირე ხნით სასიკვდილო ძალადობათა რიცხვი საგრძნობლად შეამცირა, მაგრამ, როგორც კი პოლიტიკოსები შიშმა შეიპყრო, ყველაფერი საწყის მდგომარებას დაუბრუნდა. მკვლევარებმა უნდა დაადგინონ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ზავის წარმატებას და რა გარემოებები იწვევს სიტუაციის გაუარესებას.
კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეთანხმება მთავრობის მტაცებლური ხასიათის პრობლემას ვერ აგვარებს. პირიქით, ამას შეუძლია, მთავრობის ლიდერებისადმი საზოგადოების უნდობლობაც კი გააღრმავოს. ამიტომაც აუცილებელია უფრო ინკლუზიური და სპეციფიკური მოვლენებისადმი მგრძნობიარე ინსტიტუტების შექმნა.
საბოლოო ჯამში, მიზანი ქვეყნის შიგნით უკეთესი მმართველობის ფორმების წარმოშობა უნდა იყოს. მკვლელობათა თავიდან ასაცილებლად ყველაზე საიმედო გზა მათი გამომწვევი ფაქტორების შემცირებაა. ეს მოითხოვს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე ყურადღების გამახვილებას. ქვეყნები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, სთავაზობენ მეტ შესაძლებლობებს, ჩაერთონ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში, და ახალისებენ სოციალურ მობილობას, ძალადობასაც ნაკლებად განიცდიან. ანალოგიურად, ის ქვეყნები, რომლებსაც ნაკლებად აწუხებს გენდერული უთანასწორობა და გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობა, სამოქალაქო ომისგან მეტად დაცულები არიან. ყველა შემთხვევაში, მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო მმართველობაში აუცილებელი ფაქტორია. ჩვენ უკვე მშვენივრად ვიცით, რა ტიპის პოლიტიკა და სამხედრო რეფორმები არის საჭირო სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მაგრამ მხოლოდ აქტიურ მოქალაქეებს შესწევთ ძალა, აიძულონ მთავრობა, კრიმინალთან საბრძოლველად მხოლოდ აპრობირებული მეთოდები გამოიყენონ.
საერთაშორისო აქტორებსაც შეუძლიათ დახმარება, უპირველეს ყოვლისა იმის გააზრებით, რომ სახელმწიფოებრივ რეპრესიებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად სწრაფი და მარტივი მეთოდები არ გამოდგება. წარმატების გარანტია საშუალო კლასის გაძლიერებაა, რათა მოსახლეობამ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების უნარი გამოიმუშაოს. დონორებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ თავისუფალ მედიას და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა პოლარიზებული და დანაწევრებული ქვეყნების მოქალაქეებმა გაერთიანება შეძლონ.
ამ საკითხში კერძო და სამოქალაქო სექტორებიც დიდ როლს თამაშობენ. ისეთმა საერთაშორისო ბიზნეს-ჰაბებმა, როგორიც ნიუ-იორკი და ლონდონია, უნდა გაამკაცრონ საფინანსო სისტემები და ქონებრივი ბაზრები, რომლებიც დღესდღეობით კრიმინალებსა და პოლიტიკოსებს შავი ფულის გათეთრების საშუალებას აძლევს. მსხვილი კომპანიების ინვესტორებმა და აქციონერებმაც უნდა გადახედონ მათ პორტფოლიოებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მიზანმიმართულად არ თანამშრომლობენ საეჭვო რეპუტაციის მოთამაშეებთან.
მას შემდეგ, რაც ძალადობამ მეოცე საუკუნის შუა ხანებში პიკს მიაღწია, ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ბოლო პერიოდში რიცხვი ნელ-ნელა კვლავ მაღლა იწევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა ისეთ ახალ ფორმებს იღებს, რომლის აღმოფხვრაც სულ უფრო რთული ხდება. ინტელექტუალური და დიპლომატიური ძალისხმევა, რომელმაც სახელმწიფოთაშორისი ომები შეამცირა, ახლა დღევანდელი გამოწვევის - ორგანიზებული ძალადობისა და კრიმინალური მთავრობების - წინააღმდეგ უნდა მივმართოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მდგომარეობის შედეგებს სამყაროს მასშტაბით ექვსიდან ერთი ადამიანი საკუთარ თავზე განიცდის და სისხლისღვრისგან გამოქცეული მიგრანტები მრავალ ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვებიან, სიტუაციის გამოსასწორებლად დამატებითი ძალისხმევის გამოჩენა ნამდვილად ღირს.
-
გადახედვააქციაზე დაკავებულ და ნაცემ 21 წლის ბილალ დუიშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა აქციაზე დაკავებულ და ნაცემ 21 წლის ბილალ დუიშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
-
-
გადახედვალიკო სპანდერაშვილისა და სალომე მჭედლიძის თქმით, ისინი სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ "კესანედან” პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ლიკო სპანდერაშვილისა და სალომე მჭედლიძის თქმით, ისინი სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ "კესანედან” პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
-
გადახედვა"ამ სისტემაში, ასეთ სასამართლოში ეს დიდი გამარჯვებაა" — არჩილ ჯანგირაშვილი 19 წლის სანდრო ბუკიას სასამართლო პროცესზე "ამ სისტემაში, ასეთ სასამართლოში ეს დიდი გამარჯვებაა" — არჩილ ჯანგირაშვილი 19 წლის სანდრო ბუკიას სასამართლო პროცესზე
-
გადახედვაგიტანას ნაუსედა: საქართველო ბელარუსის სცენარის განმეორების რისკის წინაშე დგას გიტანას ნაუსედა: საქართველო ბელარუსის სცენარის განმეორების რისკის წინაშე დგას
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული ირაკლი კობახიძე: ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს „აზერბაიჯანული ავიახაზების” თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის გამო მიუსამძიმრა შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს „აზერბაიჯანული ავიახაზების” თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის გამო მიუსამძიმრა
-
გადახედვაანალენა ბერბოკი: "ქართულმა ოცნებამ" ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს ანალენა ბერბოკი: "ქართულმა ოცნებამ" ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს
-
გადახედვაBBC: ღაზაში, ისრაელის თავდასხმებს 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა BBC: ღაზაში, ისრაელის თავდასხმებს 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა
-
-
გადახედვაოკრიბელაშვილის და მეფარიშვილის სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო ოკრიბელაშვილის და მეფარიშვილის სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლებას ტერორის ერთ-ერთ ფორმად აფასებს ნონა ქურდოვანიძე საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლებას ტერორის ერთ-ერთ ფორმად აფასებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე უილსონის განცხადებაზე: მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი ირაკლი კობახიძე უილსონის განცხადებაზე: მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი
-
გადახედვაკახა კალაძე მერიის შშმ პირთა პროგრამების ყოფილი კოორდინატორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს კახა კალაძე მერიის შშმ პირთა პროგრამების ყოფილი კოორდინატორის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს
-
გადახედვატრამპის შეთავაზება უკრაინაში მშვიდობის შესახებ, ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო ტრამპის შეთავაზება უკრაინაში მშვიდობის შესახებ, ვლადიმერ პუტინმა არ მიიღო
-
გადახედვაგიორგი აბულაძე: ჩემი პოლიტიკური შეხედულები გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას გიორგი აბულაძე: ჩემი პოლიტიკური შეხედულები გამო 2025 წლიდან ვეღარ შევძლებ განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას
-
გადახედვაიემენიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს — რა ხდება? იემენიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს — რა ხდება?
-
გადახედვანატო "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, "სრული გამოძიების ჩატარების" მოწოდებით გამოდის ნატო "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, "სრული გამოძიების ჩატარების" მოწოდებით გამოდის
-
გადახედვაპედაგოგის წერილი მინისტრს: ჩემს საქმიანობას ამ რეჟიმის პირობებში აზრი ეკარგება პედაგოგის წერილი მინისტრს: ჩემს საქმიანობას ამ რეჟიმის პირობებში აზრი ეკარგება
-
გადახედვაგდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა
-
გადახედვათბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
კომენტარები