აღქმის რომელი გრძნობაა საუკეთესო და რატომ?
ინტერნეტმა ერთი რამ გვასწავლა, ადამიანებს უყვართ ერთი შეხედვით სულელური კითხვები, რომლებსაც ღრმა და საინტერესო პასუხები აქვთ.
ცოტა ხნის წინ ტვიტერზე სწორედ ერთი ასეთი კითხვა დაისვა.
აღქმის რომელი გრძნობაა საუკეთესო და რატომ?
ამ საკითხზე საუბარმა კი არაერთი საინტერესო კითხვა წამოჭრა — რა ხდის რომელიმე გრძნობას მეტად, ან ნაკლებად მნიშვნელოვანს? თამაშობს თუ არა რომელიმე გრძნობა უფრო დიდ როლს ჩვენს ადამიანობაში?
ტვიტერზე დასმულ შეკითხვას თან გამოკითხვაც ახლდა. ადამიანების უმეტესობა ალბათ ჩათვლის, რომ გამოკითხვაში გამარჯვებული მხედველობა იყო, თუმცა, ყველაზე მეტი ხმა სომატოსენსორულმა სისტემამ მოაგროვა.
სხეულის კარგვა
გადაადგილებისათვის სომატოსენსორული სისტემა მხედველობაზე უფრო მნიშვნელოვანია. დეაფერენტირებული პაციენტები არიან ისინი, რომლებსაც შეხების გრძნობა უმეტესწილად, ან სრულად დაკარგული აქვთ, ისევე როგორც საკუთარი სხეულის პოზიციის (პროპრიოცეფცია) და მოძრაობის (კინესთეზია) აღქმა.
ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც იმუნური სისტემის დარღვევების გამო ორგანიზმი თავისივე სომატოსენსორულ ნეირონებს უტევს და ანადგურებს.
ამ დროს ადამიანის მოტორულ სისტემებში (კუნთებში) პირდაპირი დარღვევა არ არსებობს, თუმცა პაციენტების უმეტესობა უმარტივესი მოძრაობების შესრულებასაც კი ვერ ახერხებს. მოძრაობისთვის აუცილებელია, რომ ტვინმა სხეულის საწყისი პოზიცია იცოდეს, რათა გადაადგილებისთვის საჭირო ქმედებების ერთგვარი გეგმა შექმნას, შემდეგ კი მან სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან უკუკავშირი უნდა მიიღოს, რომლითაც ტვინი ადგენს, წარმატებით განხორციელდა თუ არა გადაადგილება.
ცნობილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტმა ამ გრძნობების არ ქონის მიუხედავად, სიარულის უნარი აღიდგინა. ამ მიზანს მან თითოეული კუნთის გააზრებული შეკუმშვისა და მოდუნების წინასწარი დაგეგმვით მიაღწია, პროცესში კი ის საკუთარ კიდურებს მხედველობით აკვირდებოდა, რათა შეემოწმებინა, სწორად ახორციელებდა თუ არა ის დაგეგმილ მოძრაობას. თუმცა, ეს ერთეული შემთხვევაა, მსგავსი რამ უკიდურესად რთული განსახორციელებელია, ამ დაავადების მქონე პაციენტების უმეტესობა დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარასდროს ახერხებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სომატოსენსორული კომპონენტი ვესტიბულარული სისტემაა, რომლის გარეშეც ჩვენ გამართულად დგომას ვერ შევძლებდით. თუ მანქანით ან გემით მოგზაურობისას ცუდად გამხდარხართ, გეცოდინებათ, თუ რამხელა დისკომფორტია ამ სისტემის მწყობრიდან გამოსვლა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროს თვალები ტვინს ეუბნებიან, რომ ადამიანი მოძრაობს, ვესტიბულარული აპარატი კი ტვინს ატყობინებს, რომ თქვენ უძრავად ხართ, ეს სენსორული კონფლიქტი კი თავბრუსხვევით, გულისრევითა და წონასწორობის დაკარგვით სრულდება.
სომატოსენსორულ სისტემაში შედის ტკივილისა და ტემპერატურის აღქმის უნარიც. ტკივილის უნარის არქონა იშვიათი, მაგრამ საკმაოდ საშიში დარღვევაა.
ექსპერტების ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები შეიძლება იმაზე ხშირი იყოს, ვიდრე გვგონია. რადგან ეს ადამიანები შესაძლოა ტკივილის უნარის არქონის აღმოჩენამდე იღუპებოდნენ. ტკივილი ჩვენს ორგანიზმში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე გვატყობინებს და გვაიძულებს, რომ ვიმოქმედოთ. ადამიანებს, რომლებიც ტკივილს ვერ გრძნობენ, საკუთარი სხეულის შემოწმება დღეში რამდენჯერმე უწევთ, რათა შესაძლო დაზიანებები, ჭრილობები და ინფექციები თავიდან აირდიონ.
შეხება ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა. ის პირველია, რომელიც ბავშვს მუცლად ყოფნისას უვითარდება. მეცნიერების ნაწილი კი აცხადებს, რომ შეხების გრძნობა შესაძლოა ჩვენი ფუნდამენტური ცნობიერების ჩამოყალიბებაში იღებდეს მონაწილეობას.
შეხება ასევე ამცირებს შფოთვას, გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, მონაწილეობს ტვინის ჩამოყალიბებაში, ბავშვებში ის ტკივილის გრძნობასაც ამცირებს. ტვინში სპეციფიკური ნეირონებიც არსებობს, რომლებიც "სოციალურ" და "ემოციურ" შეხებას განსხვავებულად ამუშავებს.
შეხება VS მხედველობა
ადვილი გასაგებია ის მიზეზები, რომელთა გამოც გამოკითხვაში მხედველობამ ხმების დიდი ნაწილი დააგროვა. ჩვენ მხედველობას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. მხედველობის ქერქი თავის ტვინში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ამის მიზეზი ისაა, რომ თვალებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. მხედველობა ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს აღქმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.
ადამიანებში მხედველობას მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენი ტვინი ორი სხვადასხვა აღქმის ორგანოდან კონფლიქტურ მონაცემებს იღებს, მხედელობა, როგორც წესი, სხვა გრძნობის ორგანოებს ჯაბნის და ტვინი საბოლოო რეალობას მასზე დაყრდნობით აყალიბებს.
ცნობილ ექსპერიმენტში ადამიანის ნამდვილი ხელის მის ზურგს უკან დამალვითა და მისი ნამდვილი ხელის ადგილას რეზინის პროთეზის განთავსებით ადამიანს შეგიძლიათ აგრძნობინოთ, რომ მის წინ არა რეზინის პროთეზი, არამედ მისი ნამდვილი ხელია მოთავსებული. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ თრგუნავს მხედველობის გრძნობა სომატოსენსორულ სისტემას. მსგავს შედეგებს ვიღებთ მაშინაც, როდესაც ექსპერიმენტებში მხედველობისა და სმენის კონფლიქტს ვქმნით.
მხედველობა საშუალებას გვაძლევს, რომ ვიკითხოთ, ვწეროთ და შევქმნათ ხელოვნება. მისი საშუალებით ვხედავთ საყვარელი ადამიანების სახეებს, ან შორიდან მომავალ საფრთხეს. ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კევინ ვრაითის თქმით, ადამიანები მხედელობის დაკარგვას შესაძლოა უფრო დიდ დანაკლისად იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ მხედველბა ჩვენს ცნობიერ, გააზრებულ ცხოვრებაში უფრო მეტადაა ჩართული, ვიდრე, მაგალითად, სომატოსენსორული სისტემა.
დანარჩენი გრძნობები
ყნოსვის უნარი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კომპლექსურია. ყნოსვა ქემორეცეფციის ერთ-ერთი ფორმაა, ქემორეცეფცია კი მიჩნეულია აღქმის პირველ გრძნობად, რომელიც დედამიწაზე ევოლუციის შედეგად განვითარდა. ყნოსვა ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ტვინში სხვა აღქმის ორგანოებიდან წამოსული სიგნალებისგან განსხვავებით, პირდაპირ ქერქს გადაეცემა.
ყნოსვისა და გემოს აღქმის სისტემა შეთანხმებულად მუშაობს, სწორედ მათი საშუალებით შეგვიძლია ამოვიცნოთ გაფუჭებული და სახიფათო საკვები. ყნოსვა ძლიერადაა დაკავშირებული ავტობიოგრაფიულ მეხსიერებასთანაც, შესაბამისად ის ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაშიც იღებს მონაწილეობას.
სმენის საშუალებით კი ჩვენ უკან მყოფი საფრთხის აღმოჩენა შეგვიძლია. ის ასევე გვეხმარება სიბნელეში, როდესაც ჩვენი მხედველობა უძლურია. სმენის გარეშე არც მუსიკა იარსებებდა.
ამ ყველაფრის შეჯამებით, ალბათ მაინც სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სომატოსენსორული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე ადამიანი გარესამყაროს თითქოს ყველაზე მეტად წყდება. ადამიანები, რომლებსაც ეს სისტემა დარღვეული აქვთ, სიცარიელეში არიან გამოკიდებულნი, ისინი ვერც საკუთარ წონას გრძნობენ, ვერც ბალახზე წამოწოლას და ვერც სახეზე მოხვედრილ მზის სხივებს.
კომენტარები