ინტერნეტ სივრცეში ცნობილი ხელოვანების, მუსიკოსების და მომღერლების ვიდეოები გამოჩნდა. "არა ინტელექტის ოკუპაციას" – საერთო გზავნილის მქონე ვიდეო რგოლებს საავტორო უფლებათა ასოციაცია, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. ამავე სახელწოდების კამპანია, ერთი კვირის წინ დაიწყო და უკვე 50 მდე ცნობილ ადამიანს აერთიანებს. (დათო ევგენიძე, ნეკა სებისკვერაძე, გია ყანჩელი, ირმა სოხაძე, სტეფანე და სხვა).

კამპანიის მიზანია საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია საავტორო უფლებების სფეროში, რუსული საფრთხის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარა გახდა. რუსული მხარე საქართველოში, საავტორო უფლებებში გავლენის მოპოვებას 2017 წლიდან ცდილობს, როდესაც რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP) და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი IP CHAIN დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ღიად აკონტროლებს კონფედერაციის წევრ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსია) შეგროვებულ ჰონორარსა და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციას.

საქართველო საავტორო უფლებების კუთხით, რეგიონში უპირობო ლიდერია, რაც ოკუპანტ ქვეყანას გარკვეული მიზეზების გამო არ აწყობს. საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმატებული მუშაობიდან გამომდინარე რუსეთმა მასზე კონტროლის აღების მიზნით, ასოციაციის ევრაზიულ კავშირში გაერთიანება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა GCA–იმ არ დააკმაყოფილა.

"უარის მიღების შემდეგ რუსულმა მხარემ უკვე მრავალგზის ნაცად მეთოდს მიმართა, დასაყრდენად გამოიყენა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები. ახლად შექმნილი ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერით, რუსეთი ცდილობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას, ქართველი ხელოვანების თვალში მისი იმიჯის შელახვას და ამ გზით რეგიონში, საავტორო უფლებების სფეროში ყველაზე ძლიერი მოთამაშის გაქრობას", - ამბობს გივი კობალაძე, საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი.

საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას და ქვეყნის იმიჯის შელახვას ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო ასრულებს ევროპის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.