ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემა Newsweek-მა ოფიციალური უწყებებისგან მიღებული მონაცემების თანახმად სტატია მოამზადა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თუ მოხალისეებად იყვნენ ჩართულები სამაშველო ოპერაციებში. დღევანდელი მდგომარეობით, მათი უმეტესობა მძიმედ არის დაავადებული, რაც ექიმების ვარაუდით, პირდაპირ უკავშირდება იმ მომწამვლელ გარემოს, რაც ნანგრევებთან იყო.

როდესაც პლაჩიდო პერეზი თვალებს ხუჭავს, ის ისევ ხედავს მის ფეხებთან მსოფლიოს სავაჭრო ცენტს. ვიქენდზე, თავისი ცესნათი მდინარეს ჰუძონს გადაუფრენდა, მივიდოდა ცათამბჯენებთან და ტყუპების ფონზე იღებდა ფოტოებს:

"მათ ყოველთვის ვათვალიერებ ხოლმე, კარგ დროს მახსენებს”.

პენსიაზე გასული 59 წლის პლაჩიდო პერეზი

ფოტო: DEVIN YALKIN FOR NEWSWEEK

პერეზს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველი ფოტოებიც აქვს. იმ დილით, იგი შენობების ქვემოთ იდგა თავისი ციფრული კამერით:

“სამსახურში მივდიოდი, როდესაც გავიგონე თვითმფრინავის ძრავის შენობაში შევარდნის შემზარავი ხმა. მახსოვს ხმები და ადამიანები, რომლებიც შენობის სახურავიდან ხტებოდნენ, შესასვლელთან, იქ სადაც გლობუსის ქანდაკება იდგა, ფონად მუსიკა ისმოდა, რომელიც ავტომატურად იყო ჩართული და ვერავინ აჩერებდა მაშინ, როდესაც ზემოდან ნამსხვრევები ცვიოდა. საშინელება იყო".

მეორე დღეს პერეზი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა როგორც მოხალისე და ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოსაყვანად ათასობით პოლიციელთან და მეხანძრესთან ერთად მუშაობდა. მან ერთი კვირა ისე იმუშავა, რომ მოსასვენებლად იქვე რჩებოდა და იძინებდა.

9/11-ის 15 წლისთავზე, პერეზს საშინელ სიმართლესთან უწევს შეგუება: იმ დრომ, რომლის განმავლობაშიც მან ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, დაავადდა და ახლა შეიძლება მოკლას კიდეც:

"2005-დან 2009 წლამდე, ექვსჯერ თუ შვიდჯერ მოვხვდი სასწრაფო დახმარების ოთახში. ვფიქრობდი, რომ გულის შეტევა მქონდა და ვკვდებოდი".

დროთა განმავლობაში პერეზს დაეწყო სუნთქვის პრობლემები, რომელიც ყოველ ღამით ძილს უფრთხობდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფილტვის დაავადება, პოსტ ტრამვული სტრესი, რინიტი, ასთმა და ღვიძლის შეშუპება აქვს.

როგორც თავად ჰყვება, ახლა ღვიძლის დაავადება ბოლო სტადიაზე აქვს და მხოლოდ ტრანსპლანტაციას შეუძლია მისი დახმარება. ერთადერთი, რაც დარჩა, ლოდინია. ექიმები შიშობენ, რომ თუკი დაავადება კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება, ეს კიბოს მანიშნებელი იქნება:

“არასოდეს არცერთი ნარკოტიკი არ გამისინჯავს და არც ალკოჰოლს ვსვამ. ეს მე არ უნდა მომსვლოდა".

პერეზი ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც 9/11–ის მერე ებრძვიან სასიკვდილო დაავადებებს.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჯანდაცვის პროგრამის ექიმებმა, ( პროგრამა ფედერალურმა მთავრობამ შექმნა თავდასხმის შემდეგ) აღმოაჩინეს, რომ ტერაქტის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირებს 70 სხვადასხვა ტიპის კიბო განუვითარდა.

დაავადებები, რომლებიც თავდასხმის შემდეგ განვითარდა, თითქმის ყველა სახის ფილტვის დაავადებას მოიცავს.

დევიდ პრეზანტი

ექიმების თქმით, სიმსივნე, რომელიც მათ აქვთ, ძალიან იშვიათი, აგრესიული და რთულად სამკურნალოა.

"დაავადებები, რომლებიც თავდასხმის შემდეგ განვითარდა, თითქმის ყველა სახის ფილტვის დაავადებას მოიცავს, მათ შორის ზემო სასუნთქი გზების, გარდა ამისა, გამოვლინდა პოსტტრავმული სტრესი, შფოთვა, პანიკა და ა.შ." - ამბობს ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამედიცინო მონიტორინგის პროგრამის ერთ-ერთი დირექტორი, ექიმი დევიდ პრეზანტი.

აშშ–ს სამოქალაქო ომის ბრძოლას თუ არ ჩავთვლით, 2001 წლის 11 სექტემბრის აფეთქებას ყველაზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა აშშ-ის ისტორიაში: ტერაქტისას სულ დაიღუპა 2 996 ადამიანი, მათ შორის 265 გატაცებულ თვითმფრინავებში, 125 პენტაგონში, 2 606 კი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაწმენდითი სამუშაოების დროს 411-ზე მეტი მაშველი დაიღუპა.

დღეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი, 400 000-მდე ადამიანი სიმსივნითა და მენტალური დაავადებებით იტანჯება.

Newsweek-მა ექსკლუზიურად მოიპოვა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაცია, რომლის თანახმად, თავდასხმის შემდეგ, 2016 წლის ივლისის მონაცემებით, დაღუპულ მაშველთა რაოდენობა გაცილებით მეტი, 1 064 იყო. დღეს, ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, 400 000-მდე ადამიანი სიმსივნითა და მენტალური დაავადებებით იტანჯება. ეს ეხება მათ, ვინც მუშაობდა ან ცხოვრობდა აფეთქების ადგილიდან 1,6 კმ-ში, მანჰეტენზე და ბრუკლინში. მათ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მათ ჯანმრთელობას შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა.

თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, მაშველები ნიუ-იორკში, სინაის მთის საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ბევრ მათგანს სხეულზე დაზიანებები და სასუნთქი გზების პრობლემები აღენიშნებოდა, მათ შორის ცნობილი "მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ხველა".

ექიმი მაიკლ კრეინი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ჯანდაცვის პროგრამის დირექტორი იყო სინაის მთის საავადმყოფოში, იხსენებს, რომ პაციენტებს საშინელი სიმპტომები ჰქონდათ: "ისინი უეცრად იღვიძებდნენ და ვეღარ სუნთქავდნენ".

სინაის მთის საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც გამუდმებით ახველებდა, ჯონ სოლტესია, პენსიაში გასული პოლიციელი. იგი 9 თვის განმავლობაში მუშაობდა გაწმენდით სამუშაოებზე:

"მე ერთი წლის განმავლობაში მქონდა ხველა, თუმცა ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იგი დღემდე აქვთ".

რესტორანში მეგობრებთან ერთად ვერ დავდივარ, რადგან მყარი საკვები უკვე ერთი წელია, არ მიჭამია. ეს საშინელებაა, მაგრამ ვეჩვევი. ვცდილობ, ამ ყველაფერს პოზიტიურად შევხედო - ცოცხალი მაინც ვარ.

დეიზი ბონილა

დეიზი ბონილა, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის სკოლის უსაფრთხოების აგენტი, ასევე მაშველად მუშაობდა და ტერაქტის შემდეგ ობლად დარჩენილ ბავშვებს უვლიდა. დღეს მისი ზედა სასუნთქი გზების მდგომარეობა იმდენად გართულებულია, რომ მყარი საკვების გადაყლაპვა აღარ შეუძლია:

"საკვები ჩემს საყლაპავში იჭედება და სუნთქვა მიჭირს. ახლა ყველანაირ საკვებს ბლენდერში ვაქუცმაცებ. მე არ შემიძლია რესტორანში წავიდე მეგობრებთან ერთად, რადგან მყარი საკვები უკვე ერთი წელია არ მიჭამია. ეს საშინელებაა, მაგრამ ვეჩვევი. ვცდილობ ამ ყველაფერს პოზიტიურად შევხედო - სულ მცირე, მე ცოცხალი ვარ”.

Newsweek-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული 75 000 ადამიანიდან, 5 441-ს დაუდგინდა 9/11-თან დაკავშირებული სიმსივნის ერთი შემთხვევა. ბევრ მათგანს, ერთზე მეტი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საერთო ჯამში კი, სიმსივნით დაავადდა 6 378 ადამიანი.

თავდასხმიდან 15 წლის შემდეგ ექიმები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რატომ კვდებიან ადამიანები დღემდე. ცათამბჯენების ჩამოქცევას უზარმაზარი რაოდენობით კანცეროგენის გამოყოფა და მისი მანჰეტენზე გავრცელება მოჰყვა, რაც შემდეგ სასიკვდილო დაავადებების გამომწვევი გახდა.

"ჩვენ ვერასოდეს მივხვდებოდით იმას, რომ ქარმა გაფანტა ნივთიერება, ადამიანები კი მას სუნთქავდნენ და ჭამდნენ. ის რაც ჩვენ ვიცით არის, რომ იწვოდა ავია საწვავი, პლასტმასი, მეტალი და აზბესტი. ეს იყო სქელი, საშინელი რამ, როგორც ჯადოქრის საწამლავი", - ამბობს ექიმი კრეინი.

შემთხვევიდან რამდენიმე თვეში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეროვნული რესურსების თავდაცვის საბჭოსა და ნიუ-იორკის გარემოს დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის შენობაში იყო 400 ტონაზე მეტი აზბესტი. შენობაში იწვოდა საოფისე ავეჯი, კომპიუტერები, სანათები, რომლებიც გამოყოფდნენ ტყვიას, ვერცხლისწყალს, აქროლად ორგანულ ნაერთებს და სხვა მომწამვლელ ნივთიერებებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ ამ რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებების ჰაერში გაფანტვა უპრეცენდენტო, ხოლო, მისი შედეგი უცნობი იყო.

მეხანძრეები და მაშველები ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. 13 სექტემბერი, 2001 წელი.

ფოტო: BETH A. KEISER/AFP/GETTY

ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ მომწამვლელმა "კოქტეილმა" კიბოს დიაგნოზების რაოდენობა გაზარდა. "თუკი შეადარებთ ჩვენს კიბოს მაჩვენებელს ზოგადად აშშ-ს მოსახლებას, ჩვენი მონაცემები 10%-ით მეტია", - თქვა სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელიც კურირებდა 15 700 მეხანძრისა და სასწრაფო დახმარების ექიმების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თავდასხმის შემდეგ მთავრობა იმეორებდა, რომ ნანგრევების ტერიტორიის 64 749,7მ2-ის ფარგლებში, ჰაერის სუნთქვა უსაფრთხო იყო. შენობების ჩამონგრევიდან 1 კვირის თავზე, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კრისტინე ტოდმა, განაცხადა რომ ჰაერი არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა ჯანმრთელობას. ის ცდებოდა. ამავე დროს, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს არანაირი მონაცემები ან ანალიზი არ გააჩნდა, რომ ამგვარი განცხადება გაეკეთებინა. გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე თეთრი სახლის საბჭო ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტოსგან იღებდა და მათთან თანამშრომლობდა.

მოგვიანებით აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ ვაიტმანს მომხდარზე პასუხისმგებლობა მოუხსნა, რადგან მას არ განუზრახავს ვინმესთვის ზიანის მიყენება. თუმცა ფაქტია, რომ მავნე აირების შესუნთქვის გამო ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა დაზიანდა.

იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ცხოვრობდნენ, ან მუშაობდნენ მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს 2001 წლის 11 სექტემბრიდან 2002 წლის 31 ივლისამდე, მაშინ, როდესაც გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, უფასოდ მკურნალობა მიიღეს 9/11-თან დაკავშირებული დაავადებებისთვის.

გასული წლის დეკემბერში, კონგრესმა კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვით, ტერაქტს გადარჩენილები სიცოცხლის ბოლომდე უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. 2016 წელს კონგრესი $330 მილიონს გამოყოფს პროგრამისათვის. 2025 წლისთვის, ეს რიცხვი თანდათანობით კიდევ გაიზრდება $570 მილიონამდე.

ჯანდაცვის პროგრამის დირექტორის მოადგილის, ანდი ტოდის თქმით, გადარჩენილი მაშველების საშუალო ასაკი 54-ის, ხოლო 86 პროცენტზე მეტი კი კაცია:

"მათი ნახევარზე მეტი 9/11-თან დაკავშირებული დაავადებით იტანჯება და დაახლოებით 10%-ს სიმსივნის დიაგნოზი აქვს".

მძიმე მოგონებების გამო, წელიწადის ეს დრო რთულია, განსაკუთრებით 9/11-ის გადარჩენილებისთვის. კიბოსა და სხვა დაავადებების გარდა, ისინი მძიმე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებითაც იტანჯებიან, ზუსტად ისევე, როგორც ერაყიდან ან ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცები.

პენსიაში გასული ერთ-ერთი ოფიცერი სოლტესი ჰყვება, რომ 9/11-ის შემდეგ დაეწყო კლაუსტროფობია, პანიკა და სიმაღლის შიში, რადგან ხედავდა თუ როგორ ხტებოდნენ ადამიანები ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენიდან.

იგი საერთოდ არ ნანობს, რომ სამაშველო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა და ამბობს, რომ ჭკუიდან შეშლიდა ამ ყველაფრის მხოლოდ ტელევიზიით ნახვა:

“ჩემთვის უკეთესი იყო იქ ვყოფილიყავი”.

ავადმყოფობისა და აგონიური მოგონებების მიუხედავად, პერეზიც იგივეს გრძნობს და ფიქრობს. მას არასოდეს გამოუქვეყნებია 11 სექტემბერს გადაღებული ფოტოები, იგი მათ უბრალოდ ინახავს და ცდილობს შეეგუოს და მიიღოს მომხდარი.

გაურკვეველია ისიც, თუ რამდენად გადაიტანს იგი ფიზიკურ დაავადებას:

“მე მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ილოცოთ ჩვენთვის. ყველასთვის ილოცეთ, რადგან ჩვენ ყველას გვჭირდება ეს”.