როგორი იქნებოდა ცხოვრება, სამეფო წესები ჩვენზეც რომ ვრცელდებოდეს
მართალია, სამეფო ოჯახის წევრები არ მუშაობენ, სასახლეებში ცხოვრობენ, შემოსავლის დიდ ნაწილს მთავრობისგან (ანუ ხალხისგან) იღებენ, არც გადასახადებს იხდიან და უამრავი უპირატესობით სარგებლობენ, თუმცა ისინი მეფური ცხოვრებისთვის საფასურს თავისუფლებით იხდიან.
მართლაც, როგორია სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრება სიმდიდრისა და პრივილეგიების პარალელურად? დაგეგმილი ნაბიჯები, აუდიენციები, საჯარო განცხადებებისგან თავის შეკავება, მილიონობით კრიტიკული მზერისთვის თვალის ამაყად გასწორება და ელეგანტურობის შენარჩუნება — ეს ვალდებულებების გრძელი სიის ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა დაცვაც ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის წარმოუდგენლადაც კი შეიძლება ჟღერდეს.
განსაკუთრებით მაშინ, თუ სამეფო ოჯახის ახალი წევრი ხარ. სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ბოლო 9 თვის განმავლობაში ოფიციალურად გახდა ტაბლოიდებისა და პაპარაცების მთავარი სამიზნე. მას მალევე მიენიჭა "წესების დამრღვევის" იარლიყი. ამის მიზეზი ხან ქველმოქმედ ქალთან ჩახუტება, ხან მანქანის კარების საკუთარი ხელით დახურვა და ხან ფეხის ფეხზე გადადება გახდა. მის მიმართ დაუნდობელი იყო საკუთარი მამა, და და ძმა ორსულობის პერიოდშიც კი.
არავინ იცის, ზუსტად როგორია სამეფო პროტოკოლი. ამ წესების უმრავლესობა სამეფო კარზე მომუშავე კორესპონდენტების მიერ გავრცელებული განცხადებების ინტერპრეტაციებია.
ან თვითონ ელიზაბეტ მეორე რას ფიქრობს სამეფო წესებზე? ისიც აკრიტიკებს მეგანის მეამბოხე სულს თუ დედოფლის 65-წლიანი სტატუსის მიუხედავად, ფარდის მიღმა თანაგრძნობით აღვსილი გულმხურვალე ქალია? არც ეს ვიცით ზუსტად. თუმცა, თუ მიშელ ობამას დავუჯერებთ, წესების მიმართ ბრიტანეთის მონარქსაც იუმორნარევი დამოკიდებულება აქვს — რაც ნამდვილად არაა გასაოცარი.
"თავში პროტოკოლის წესები მიტრიალებდა, კიბეებზე ნერვიულად ჩავდიოდი, "არ დაეცე, არავის შეეხო", - ვუმეორებდი თავს და ამ დროს დედოფალმა მითხრა: "უბრალოდ შემოდი და დაჯექი, სადაც გსურს. ეს [პროტოკოლი] მთლიანად უაზრობაა", - იხსენებს ობამა დედოფალთან ვიზიტს.
პროტოკოლის დარღვევის გამო კრიტიკა არც მიშელს მოჰკლებია, ის 2011 წლის შეხვედრისას დედოფალს შემთხვევით ზურგზე შეეხო:
"წესებზე ჩატარებული ამდენი გაკვეთილის მიუხედავად, მე უბრალო ადამიანი ვიყავი".
ისევე როგორც სამეფო ოჯახის სხვა ქალებს, მეგან მარკლს წესების დაცვა ორსულობის დროსაც უწევს. მაგალითად, მას ბავშვის დაბადებამდე წვეულების მოწყობა და საჩუქრების მიღება (Baby Shower) არ შეუძლია, თუმცა ეს წესი ნიუ-იორკში ვიზიტისას დაარღვია. ცოტა ხნის წინ მეგანს მხარდაჭერა გამოუცხადა მეგობარმა ჯორჯ კლუნიმ, ასევე ბიონსემ და ჯეი-ზიმ.
და მაინც, როგორი იქნებოდა ჩვეულებრივი ქალის ცხოვრება პრივილეგიებთან და სამეფო წესებთან ერთად?
თუ საქმე ასარჩევადაა, პირველ რიგში დედოფალი ელიზაბეტის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი.
ელიზაბეტ ll-ის პრივილეგიები
შენ არ გჭირდება პასპორტი მოგზაურობისთვის და მოწმობა მანქანის მართვისთვის. არც გადასახადები და ციხე გემუქრება. ფულის საჭრელი საკუთარი მანქანა გაქვს და წელიწადში ორ დაბადების დღეს იხდი.
შენი გარდერობი ფერადი და ღია ფერის კოსტიუმებითაა გადავსებული, და თუ უბრალოდ სადმე ყოფნა მოგბეზრდა, ხელჩანთას მარჯვენა ხელში გადაიტან. შენი ქმარი კი მუდამ ორი ნაბიჯით ჩამოგრჩება.
როცა ფეხზე დგები, ამას ყველა იმეორებს. როცა ჭამას ასრულებ, გაგრძელების უფლება არავის აქვს. შენ კაცები თავის დახრით და ქალები რევერანსებით გხვდებიან.
ოჯახის წევრები ნიშნობამდე საკუთარ რჩეულზე შენ თანხმობას ელიან. შენ უდასტურებ პატარძალს მის საოცნებო თეთრ კაბას. პირველი შენ იგებ ოჯახის ახალი წევრის დაბადების შესახებ.
ყოველ დილით ერთი და იგივე საუზმე გაქვს: სვამ ჩაის და სიმინდის ფანტელს აყოლებ.
არ მოგწონს ნიორი და ამიტომ, მას შენს წვეულებებზე არასდროს არც ერთ კერძში არ იყენებენ. აკრძალულ კერძებში შედის მაკარონი, ბრინჯი და კარტოფილი. ზურგს ვერასდროს ვერავინ შეგაქცევს, თუნდაც ეს ვიღაც 3 წლის შარლოტა იყოს.
და ბოლოს, ერთადერთი ხარ, ვისაც "მის უდიდებულესობას" ეძახიან.
რა იცვლება სამეფო ოჯახის წევრი ქალისთვის?
ამ შემთხვევაში მეგანისა და ქეითის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი. როდესაც სამეფო ოჯახის წევრი ხდები, შენი სახელი იცვლება.
მაგალითად, ქეით მიდლტონს პრინც უილიამთან ქორწინების შემდეგ დედოფალმა კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინი დაარქვა. მეგანი კი სასექსის ჰერცოგინია გახდა. როგორც უინძორების დინასტიის წევრი, ის თავის გვარს აღარ იყენებს, მათ შორის არც ხელმოწერისას.
ქორწილში აუცილებლად თეთრ თაიგულს ატარებ, რომელსაც ჯვრისწერის შემდეგ ეკლესიაში ტოვებ. ქეით მიდლტონს მირტის, ხოლო მეგანს შროშანისა და ჟასმინის შერეული თაიგული ჰქონდა.
როცა სამეფო ოჯახის წევრი ხდები, პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირების უფლება აღარ გაქვს. ვერც არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას, ზედმეტია აღნიშვნა, რომ კენჭისყრაში პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩაერთვები. მეგან მარკლი, სანამ სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, საჯაროდ უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს და დონალდ ტრამპს მიზოგინს უწოდებდა, თუმცა, ახლა ის პოლიტიკურ განცხადებებს ვეღარ აკეთებს.
ვერ ითამაშებ მონოპოლიას. როდესაც ელიზაბეტის მეორე ვაჟს, პრინც ენდრიუს სამაგიდო თამაში აჩუქეს, მან თქვა, რომ სასახლეში ამის უფლება არ აქვს. მან ხუმრობით დასძინა, რომ ადამიანები მონოპოლიის თამაშისას მეტისმეტად სასტიკები ხდებიან. სავარაუდოდ, ამ წესის დარღვევა მარტივადაა შესაძლებელი.
საჯარო ადგილებში, განსაკუთრებით მოგზაურობისას, პარტნიორისთვის ხელი არ გაქვს ჩაკიდებული. ასევე, უცხოეთში ყოველთვის თან მიგაქვს შავი სამოსი, "ყოველი შემთხვევისთვის".
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ტახტის მემკვიდრეებს ერთად მოგზაურობის უფლებაც არ აქვთ, თუმცა ეს წესი პრინცმა უილიამმა უკვე დაარღვია, როცა პრინც ჯორჯთან ერთად გაემგზავრა ავსტრალიაში.
ასევე ვერ გადაიღებ სელფის, ვერ დატოვებ ავტოგრაფს და ვერც საკუთარი ანგარიში გექნება სოციალურ ქსელებში. თუმცა პირველი ორი წესი სამეფო ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე დაარღვიეს.
როგორ სვამ ჩაის? ბრიტანულად? არა, სამეფო სტილი სხვანაირია. ფინჯანი საჩვენებელი და ცერა თითით უნდა დაიჭირო და დანარჩენი სამი თითი კი მის ქვეშ უნდა მოხარო.
ფოტო: Getty Images
მნიშვნელოვანია ის წესებიც, რომლებიც შენთან სხვებმა უნდა დაიცვან
როგორც სამეფო ოჯახის საიტზე ვკითხულობთ, ისევე, როგორც დედოფლის შემთხვევაში ხდება, სამეფო ოჯახის წევრებს კაცები თავის დახრით და ქალები რევერანსებით ხვდებიან.
გეძახიან სამეფო უდიდებულესობას, ან მადამს (კაცის შემთხვევაში სერს).
არ აქვთ შენს მხარზე ხელის მოხვევის უფლება, თუმცა ეს წესი ამერიკელმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა 2014 წელს, ქეით მიდლტონთან შეხვედრისას დაარღვია.
ჩაცმულობა
სამეფო ოჯახის წევრებს მეფე ედვარდ მესამემ მეთორმეტე საუკუნეში ბეწვეულის ჩაცმა აუკრძალა, თუმცა ეს წესი ხშირად დაარღვიეს. მათ შორის, ქეით მიდლტონმა, დედოფალმა ელიზაბეტმა და კამილა პარკერ ბოულმა.
თუმცა, ეს სამოსთან დაკავშირებული ერთადერთი შეზღუდვა არაა. სამეფო ოჯახის წევრების ყოველდღიური სამოსიც კი ძალიან მოკრძალებულია. დრესკოდი მოქმედებს ბავშვებზეც. ცერემონიებზე ქალები ქუდებით უნდა მივიდნენ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ, ქუდს ძვირფასი დიადემა, მისი უდიდებულესობის შემთხვევაში კი — გვირგვინი ცვლის.
არ გაქვს დეკოლტეს ჩაცმის უფლება. პრინცესა დაიანა მანქანიდან გადმოსვლისას ხელჩანთას იფარებდა და ჩასაფრებულ პაპარაცებს სკანდალური კადრის გადაღების უფლებას არ აძლევდა.
იმის მიუხედავად, რომ ქეით მიდლტონიც და მეგან მარკლიც ყველა საჯარო გამოსვლისას ბრწყინავენ, მედია სამეფო ოჯახის წევრებს განსხვავებულად ექცევა.
მაგალითად, თუ მეგანი ხარ, აუცილებლად გაგაკრიტიკებენ, როცა ცერემონიისთვის შერჩეულ კაბაში მხრებს გამოაჩენ. იგივე სტილისთვის ქეითს ელეგანტურად შეაფასებენ.
მეგან მარკლი Trooping the Colour-ის ცერემონიაზე. 2018 წლის 9 ივნისი.
ფოტო: Getty Images
ქეით მიდლტონი BAFTA-ს დაჯილდოებაზე. 2019 წლის 10 თებერვალი.
ფოტო: Getty Images
იმის მიუხედავად, რომ აქ ყველა სამეფო წესი არაა ჩამოთვლილი, მაინც აშკარაა, რომ სამეფო ოჯახის წევრობა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ უინძორების დინასტიაში პირველი ფერადკანიანი ქალი ხარ და შენს თითოეულ მოძრაობას ასობით ფოტოგრაფი აფიქსირებს.
ამის მიუხედავად, წესები ხანდახან დასარღვევადაა შექმნილი და მაშინაც კი, როცა საქმე მკაცრ სამეფო პროტოკოლს ეხება, დედოფალი ელიზაბეტი მათ "სისულელეს" უწოდებს.
და მაინც, თქვენ რომელს აირჩევდით? უზრუნველყოფილ და მკაცრად კონტროლირებულ ცხოვრებას, თუ თავისუფალ ტანსაცმელსა და შემწვარ კარტოფილს?
კომენტარები