შოტლანდიას უზარმაზარი ნაპრალი სერავს — რა არის ის და როდის გაჩნდა

ფოტო: Shutterstock.com
თუ შოტლანდიის სატელიტურ სურათებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთამდე მას დიაგონალურად უზარმაზარი ნაპრალი მიუყვება. მაინც რა არის, როდის გაჩნდა და რამ წარმოქმნა ის?
მას გრეიტ გლენის ნასხლეტი ეწოდება, ანუ ესაა ნაპრალი, რომლის ფორმირებაც დედამიწის ქერქში ორი გიგანტური მასის ჰორიზონტალურად გადაადგილებას უკავშირდება. ეს გეოლოგიური სტრუქტურა კალედონური მთათწარმოშობის პერიოდიდან არსებობს, რომელიც 430-390 მილიონი წლის წინ იყო. იმ დროს უძველესი კონტინენტები — ლავრენტია, ბალტიკა და ავალონია — ნელ-ნელა ერთმანეთს შეეჯახა. ამ პროცესში მათი კიდეები დაიშალა და ისე გამრუდდა, რომ ქედები და უსწორმასწორო ხეობები წარმოქმნა.
ზემოხსენებული ნასხლეტი გრეიტ გლენს თითქმის ემთხვევა. ესაა 100-კილომეტრიანი ხეობა, რომელიც ქალაქ ინვერნესიდან იწყება და ჩრდილო-აღმოსავლეთით ფორტ-უილიამამდე გრძელდება. ამან არა მხოლოდ შოტლანდიის გეოგრაფიულ მახასიათებლებზე, არამედ რეგიონში ადამიანთა ისტორიაზეც იქონია გავლენა.
ნასხლეტის მიმდებარედ მკაცრი პირობები და ძნელად გადასალახი ლანდშაფტია, რამაც იქ იზოლირებული შოტლანდიური კლანების გაჩენა განაპირობა. გრეიტ გლენი დასავლეთ მთიანეთისა და დანარჩენი დიდი ბრიტანეთის ბუნებრივი მიჯნის ფუნქციასაც ასრულებს. ის მე-17-მე და მე-18 საუკუნეებში იაკობიტების სისხლიანი აჯანყებების მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზაგასაყარად იქცა.
მასზე კონტროლისთვის კლანები და არმიები იბრძოდნენ, ამიტომ ჰანოვერის დინასტიის დამხობის დროს ეს ადგილი მთავარი საბრძოლო ველი იყო. ამაზე იმ პერიოდიდან შემორჩენილი საფორტიფიკაციო ნაგებობები და ციხე-სიმაგრეებიც მიანიშნებს, რომლებიც გრეიტ გლენის გაყოლებაზეა.
დღესდღეობით, ამ ტერიტორიაზე სიმშვიდეა როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე გეოლოგიურად. მე-20 საუკუნეში ის გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურად მიიჩნეოდა, დღეს კი მოსახლეობას თავს მხოლოდ მსუბუქი მიწისძვრებით ახსენებს.
კომენტარები