რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტის DROI-ს სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით?
3 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე (DROI) საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რეპრესიების ტალღაზე, სინდისის პატიმრებზე და ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ქართული ოცნების მიერ ტელეკომპანიების — "პირველი" და "ფორმულას" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივრების შეტანაზეც ისაუბრა.
"ჩვენ ყოველ კვირას გვიწევს ცვლილებებისა შეტანა ანგარიშში ახალი მტკიცებულებების გამო, ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო, რასაც რეჟიმი ყოველ კვირას გვთავაზობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რასაც საქართველოში ვხედავთ.
ბოლო დღეებში მივიღეთ შეტყობინება, რომ ბოლო ორი ძლიერი, ჯერ კიდევ მოქმედი მედია არხი უახლოეს დღეებში დაიხურება, რაც თავისუფალი სიტყვის დასასრული იქნება.
საქართველოში ყოფნისას გვინდოდა მზია ამაღლობელის მონახულება ციხეში, ნებართვა ვთხოვეთ. არ მოგვცეს ამის უფლება.
ეს მამაცი ჟურნალისტი იქცა პატიმრობაში მყოფი [პოლიტპატიმრების] სიმბოლოდ. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ მას სოლიდარობა.
გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. "წკეპლა და სტაფილო", რასაც ევროპული კომისია სთავაზობს მოქმედ რეჟიმს, არ მუშაობს, მხოლოდ ახალი არჩევნები და სანქციები!", — თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) შეხვედრაზე.
ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ "ერთადერთი ბერკეტი პერსონალური სანქციებია" და დასძინა, რომ საქართველო ასეთ რთულ მდგომარეობაში ჯერ არ ყოფილა.
"ყველა შეხვედრაზე უნივერსალური განცხადება იყო, რომ ერთადერთი ბერკეტი, რაც გვაქვს, პერსონალური სანქციებია. მათ მხოლოდ თავიანთი ბიზნესი და ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიული ცხოვრებით ტკბობა აინტერესებთ. მათ ჩვენი ქვეყნების უნივერსიტეტებში შვილები ჰყავთ. უნდა დავფიქრდეთ, იმის შესახებ, თუ რატომ ვიკავებთ თავს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისგან. ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები გამოვიყენოთ, რომელიც სამართლებრივი ინსტრუმენტების ჩარჩოს ნაწილია, მაგრამ ამას არასდროს ვიყენებთ. პერსონალური სანქციები ერთადერთი ბერკეტია და ვიცით, რომ წარსულში იმ ადამიანების სახელების ხსენებამ, რომელთაც შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ, გარკვეული რეაქცია გამოიწვია," — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ბელორუსიის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის განყოფილების უფროსის მოადგილის, ჟულიენ ბურტემბურგის თქმით, მათ ქართულ ოცნებას დიალოგი შესთავაზეს, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. ბურტემბურგმაც სანქციების დაწესებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ "შესაძლებელია გააქტიურდეს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი".
"ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციას ევროკავშირის შესახებ და ჩვენი ელჩი ყოველდღიურად განიცდის დეზინფორმაციულ თავდასხმებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ეს საქართველოს ევროკავშირის გზიდან კიდევ უფრო აშორებს და ამ ეტაპზე ხელახალი ჩართულობისთვის სივრცე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას დიალოგი ადამიანის უფლებებზე, რათა განხილულიყო შემაშფოთებელი საკითხები, თუმცა ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი გზავნილი ნათელია — საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები. მათ უნდა შეწყვიტონ ძალადობა და დაშინება, შეაჩერონ ყველა რეპრესიული კანონი და დაიწყონ ნამდვილი დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
უმაღლესმა წარმომადგენელმა გასული წლის დეკემბერში სანქციების საკითხი დღის წესრიგში დააყენა და ამ თემაზე მსჯელობა წევრ ქვეყნებთან გრძელდება. ასევე არსებობს დამატებითი ზომებიც, რომლებიც შესაძლებელია გააქტიურდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენი ელჩი და დელეგაცია ადგილზე რჩებიან სწორედ ამისთვის," — განაცხადა დიპლომატმა.
ევროპარლამენტის ქვეკომიტეტის სხდომაზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს ირაკლი ქერაშვილის და — ქეთევან ქერაშვილი წარმოადგენდა. მან უკანონო დაკავებებზე ისაუბრა და ევროპარლამენტს მოუწოდა, "თვალები გაახილონ" და კარგად დაინახონ ქვეყნის მდგომარეობა.
"მე ვარ ქეთევან ქერაშვილი და დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც და, არამედ როგორც დედა, როგორც ძმა, როგორც ბებია, როგორც ბაბუა — როგორც ყველა იმ ოჯახის ხმა, ვისი საყვარელი ადამიანებიც დღეს საქართველოში ციხეში სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ თავიანთი ქვეყანა. [...]
უკვე თვეებია, რაც საქართველოში უწყვეტი პროტესტია. ამ წუთებშიც კი, ადამიანები დგანან ქუჩებში — დგანან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის, თავიანთი ხმის, უფლებების და მომავლის დასაცავად, რუსეთის მზარდი ოკუპაციის წინააღმდეგ.
საქართველოს ისტორიაში ჩვენ მრავალჯერ გადავიტანეთ ოკუპაცია. მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ლამაზი მთები და სოფლები. ისინი შევინახეთ როგორც საკუთარი თავისთვის ისე მსოფლიოსთვის — რათა ყველამ იხილოს ჩვენი ქვეყნის სილამაზე.
საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ის დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენი წინაპრების სიმამაცით და დღეს გრძელდება ახალი თაობის მიერ — თაობის, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.
ნათქვამია, მეზობელს ვერ აირჩევო — და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს არაერთხელ გადაუტანია რუსული ოკუპაცია, და დღეს ჩვენ ჰიბრიდულ ომთან ვდგავართ პირისპირ. ეს ომი იჩენს თავს ე.წ. "მცოცავი ოკუპაციით", დეზინფორმაციით, ძალადობითა და შიშის სისტემური გავრცელებით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების გაჩუმებასა და იზოლაციას.
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა, გამოაცხადა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდებოდა. ამან ხალხი გულწრფელად გააბრაზა და განარისხა. პასუხად, ხალხმა სპონტანურად მოიყარა თავი თბილისის გულში — იქ, სადაც დღესაც ცოცხლობს ჩვენი რესპუბლიკის სული. იქ ისინი დახვდნენ ძალადობას: სცემეს, მოწამლეს, თოვლში და ყინვაში წყლის ჭავლით დაშალეს, დააკავეს.
დღეს, საქართველოში 65 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის სამი ქალი. ბოლო წლის განმავლობაში, პოლიციამ დააკავა თითქმის 700 ადამიანი, ვინც პროევროპულ დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას. მათგან: ნოემბრიდან მარტამდე, დაპატიმრებულთა 60% გახდა ძალადობის მსხვერპლი; ზოგიერთ დღეს, დაკავებულთა 80%-დან 88%-მდე წერდა არაადამიანურ მოპყრობაზე; ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები, არასრულწლოვანები, შშმ პირები და ჟურნალისტები.
მათ შორისაა მზია ამაღლობელი — ჩვენი თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი დამცველი. ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები. ისინი არიან სტუდენტები, ექიმები, დედები, ვეტერანები, ხელოვანები. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სინდისი.
უნდა ითქვას: არც ერთი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადა, არ დასჯილა. არსებობს მმართველი ჯაჭვი, რომელიც სისტემურად არღვევს კანონებს და არღვევს ადამიანის უფლებებს — და არც ერთი პირი არ არის პასუხისმგებლობით დაკავებული. ეს არ არის სამართალდაცვა — ეს არის რეპრესია.
ჩვენ მოგმართავთ თქვენ — ევროპის ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებს — თვალი ადევნოთ ჩვენს მდგომარეობას. გთხოვთ, დაიცვათ ეს სახელები, ეს სიცოცხლეები, ეს თავისუფლების დამცველები. რადგან როცა ისინი იცავენ საქართველოს, ისინი იცავენ ევროპასაც.
ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ქმედება. რადგან ეს ბრძოლა მხოლოდ საქართველოს არ ეხება — ის ეხება ევროპას. თუ საქართველო დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში — ეს ევროპის მომავლის ნაწილის დაკარგვა იქნება.
მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. უშიშრად გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ვილაპარაკებთ, ვიმღერებთ, დავწერთ, გავაპროტესტებთ, ვიბრძოლებთ — და არ შევჩერდებით, სანამ ეს ბრძოლა არ იქნება მოგებული. [...]
ერთ-ერთ წერილში, რომელიც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა, მან დაწერა:
"ჩვენ დავთმეთ საკუთარი თავისუფლება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის — და არასდროს დავიხევთ უკან."
და ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! ერთად გავიმარჯვებთ სიბნელეზე, და სინათლე უფრო ნათლად გაბრწყინდება, ვიდრე ოდესმე" — განაცხადა ქეთევან ქერაშვილმა
ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტი ბექა ყორშიაც და სინდისის პატიმარ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე და საქართველოში მედიასაშუალებების მდგომარეობაზე ისაუბრა.
"შეიძლება ბევრი რამ იცოდეთ საქართველოს შესახებ, მაგრამ შეიძლება არ იცით ერთი მნიშვნელოვანი რამ — საქართველო ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ძლიერ ქალებზე, მათ გამბედაობასა და ურყევ პრინციპებზე. საქართველო ფეხზე დგას მშრომელი ქალების, ინტელექტუალი ქალების, ემიგრანტი ქალების წყალობით - ქალების, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი შვილები, არამედ გაზარდეს თავად საქართველო, როგორც ქვეყანა.
მაგრამ დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა ხმამაღლა. მინდა ისეთივე ხმამაღლა ვთქვა, როგორიც მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარულია. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. მზია ამაღლობელი — თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არამხოლოდ ქართველი ქალის, არამედ — თავად საქართველოს სახეა. თავისუფლება მზია ამაღლობელს!
ბოლო დრომდე ვმუშაობდი ტელეკომპანია მთავარში და ვაკეთებდი პოლიტიკურ სატირას — არა იმიტომ, რომ კომიკოსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმართლის გაშუქების ერთადერთი გზა ხალხის გაცინებაა, სანამ აეტირებათ.
ამჟამად ჩემს ქვეყანას 65 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ეს რიცხვი 3-ჯერ შეიცვალა, სანამ ამ ტექსტს ვწერდი. ესენი არიან სტუდენტები, ჟურნალისტები, მსახიობები, მოაზროვნეები, ახალგაზრდები ნათელი წარსულით და კიდევ უფრო ნათელი ოცნებებით.
ეს არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ საქართველო ეკუთვნის ხალხს და არა პარტიას და მით უმეტეს — არა მოსკოვს. შეიძლება მათი სახელები არ გეცნობოდეთ, მაგრამ მათ მიერ თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი უდიდესია.
არალეგიტიმურმა მთავრობამ ჩვენ შორის ყველაზე ჭკვიანი და ზოგადად, ყველაზე უკეთესი ხალხი გამოარჩია და დააპატიმრა. რატომ? იმიტომ, რომ მათ უბრალოდ სამშობლოს სიყვარული და იმის დაჯერება გაბედეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებაა, მაგრამ ისინი, ვინც დღეს ამ მუხლს იცავენ, სამწუხაროდ, პარლამენტში კი არ სხედან, არამედ — ციხეში.
და თუ დღეს ქვეყნის სიყვარული, თავისუფლების სიყვარული და ევროპული ღირებულებების რწმენა დანაშაულია, მაშინ დიახ, ისინი დამნაშავეები არიან! ჩვენც, ყველანი დამნაშავეები ვართ! და დიახაც, ვამაყობთ ამით!
როგორც ბოდლერმა თქვა: "ეშმაკის ყველაზე დიდი ხრიკი ისაა, რომ შეძლო და სამყარო მის არარსებობაში დაარწმუნა".
ჩვენი ე.წ მთავრობაც ამ ხრიკს მიმართავს — ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ავტორიტარი არ არის. სამწუხაროდ, დასავლეთში ზოგიერთებმა ეს დაიჯერეს. მაგრამ არ ტყუვდება ქართველი ხალხი, რომელიც 200 დღეა ქუჩაში დგას და ყველა ქალაქში უსამართლობას აპროტესტებს.
სამწუხაროდ, საქართველო ციხედ გადაიქცა. ძალიან ლამაზ ციხედ მთებით, ღვინით, პოლიფონიური სიმღერით, დიდებული ლიტერატურით, მაგრამ მაინც ციხედ. მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი გრძნობს თავს კარგად. დანარჩენები - ჟურნალისტები, მშრომელები, მსახიობები, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ.
ახლა მე არ ვსაუბრობ, როგორც მსხვერპლი. ვსაუბრობ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ ლაპარაკს ჯერაც აქვს მნიშვნელობა. რაც მთავარია, მჯერა, რომ ევროპა, ნამდვილი ევროპა უსმენს, როდესაც სიმართლე ლაპარაკობს, თუნდაც აქცენტით.
ამიტომ, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა.
და ბოლოს, მინდა ქართველ ხალხს მივმართო: გჯეროდეს, საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში…
გჯეროდეს, რადგან მთელი მსოფლიო გიყურებს. გჯეროდეს, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგიღია, ფუჭად არ ჩაივლის," — განაცხადა ბექა ყორშიამ.
-
რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: "მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ შემიწყალებდნენ. ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა" საბა სხვიტარიძე: "მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ შემიწყალებდნენ. ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა"
გადახედვა
-
ChatGPT-ს მალე რეკლამები დაემატება — ვის ეხება ცვლილება და როგორ ვისარგებლებთ ჩატბოტით ChatGPT-ს მალე რეკლამები დაემატება — ვის ეხება ცვლილება და როგორ ვისარგებლებთ ჩატბოტით
გადახედვა
-
"ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე "ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე
გადახედვა
-
რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა, გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო რუსული კანონის აქციაზე დაკავებულმა, გიორგი მექვაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Friends-დან? ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Friends-დან?
-
კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც
გადახედვა
-
ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
გადახედვა
-
ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
გადახედვა
-
სუს: "გაზპრომის" დოკუმენტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სუს: "გაზპრომის" დოკუმენტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა
-
ტრამპი მაკრონისგან "მშვიდობის საბჭოს" წევრობაზე უარის გამო, ფრანგულ ღვინოებზე 200%-იან ტარიფს განიხილავს ტრამპი მაკრონისგან "მშვიდობის საბჭოს" წევრობაზე უარის გამო, ფრანგულ ღვინოებზე 200%-იან ტარიფს განიხილავს
გადახედვა
-
რას ვუსმენდით 2016-ში? — 10 სიმღერა, რომელსაც წელს 10 წელი უსრულდება რას ვუსმენდით 2016-ში? — 10 სიმღერა, რომელსაც წელს 10 წელი უსრულდება
გადახედვა
-
ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების გამო, სეს-მა ყავის საწარმოს, რომელიც ყავა "ვილას" და "ვილა გოლდს" აწარმოებდა, საქმიანობა შეუჩერა ყავაში მოხალული ბარდის გამოყენების გამო, სეს-მა ყავის საწარმოს, რომელიც ყავა "ვილას" და "ვილა გოლდს" აწარმოებდა, საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 24 იანვრამდე? როგორი ამინდი იქნება 24 იანვრამდე?
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდველ კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სახალხო დამცველმა შეკრება-მანიფესტაციის შემზღუდველ კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
გადახედვა
-
ტრამპი, გრენლანდიის გამო, 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს ტრამპი, გრენლანდიის გამო, 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო ამბასადორი გოდერძი გაფართოვდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო ამბასადორი გოდერძი გაფართოვდა
-
გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება 3300 აბონენტს შეუწყდა გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება 3300 აბონენტს შეუწყდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?! ზაზა შათირიშვილი: ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებით?!
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: ეწყალებული 159 ადამიანის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად მზაობა თუ არ არსებობდა — ეს უპასუხისმგებლობაა, თუ არსებობდა და არ უშვებენ — სადიზმი ომარ ფურცელაძე: ეწყალებული 159 ადამიანის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად მზაობა თუ არ არსებობდა — ეს უპასუხისმგებლობაა, თუ არსებობდა და არ უშვებენ — სადიზმი
გადახედვა
კომენტარები