ევროკომისიამ Glovo და Delivery Hero კარტელური გარიგებისთვის €329 მლნ-ით დააჯარიმა

ფოტო: postandparcel.com
ჯარიმა კარტელური გარიგებისთვის
ევროკომისიამ საკვების მიტანის ორი მსხვილი კომპანია, გერმანული Delivery Hero და ესპანური Glovo “საკვების მიწოდების ბაზარზე კარტელში მონაწილეობისთვის" 329 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
კერძოდ, დამტკიცდა, რომ ეს ორი კომპანია:
- შეთანხმებულები იყვნენ, რომ ერთმანეთის თანამშრომლებს არ გადაიბირებდნენ (მაგ: არ შესთავაზებდნენ უკეთეს პირობებს ან უკეთეს პოზიციას);
- ერთმანეთს უცვლიდნენ კომერციულად მნიშვნელოვან, სენსიტიურ ინფორმაციას;
- ბაზარს გეოგრაფიულად ინაწილებდნენ.
ამ დარღვევამ ევროპის ეკონომიკური სივრცე (EEA) მოიცვა და ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მსგავსი კარტელები ზღუდავენ არჩევანს მომხმარებლებისთვის, ამცირებენ დასაქმებულთა შესაძლებლობებს და ართულებენ ინოვაციასა და კონკურენციას.
ამ კარტელური გარიგების შესახებ ორივე კომპანიამ აღიარა და საქმის მორიგებით დასრულებას დათანხმდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკომისიამ აღმოაჩინა კარტელი შრომის ბაზარზე და ასევე პირველად დააკისრა სანქცია კომპანიას, მის კონკურენტ კომპანიაში უმცირესი წილის ანტიკონკურენტული გამოყენების გამო.
რას ნიშნავს "არ გადაბირების შეთანხმება"
ეს შეთანხმება კომპანიებს შორის დგება და ნიშნავს, რომ:
- ერთმა კომპანიამ არ მიმართოს, არ შეეცადოს და არ დაარწმუნოს სხვა კომპანიის თანამშრომელი, რომ გადავიდეს მათთან სამუშაოდ;
- არ შესთავაზოს თავად ახალი პოზიცია ან უკეთესი პირობები კონკურენტის თანამშრომელს;
- ანუ, კომპანიებს არ ჰქონდეთ თანამშრომლების აქტიური გადაბირების და მათი დასაქმების მცდელობა.
ასეთი შეთანხმებები ზღუდავს დასაქმებულების, ამ შემთხვევაში კურიერების შესაძლებლობებს, ამცირებს უკეთესი ხელფასის, დაზღვევის, უკეთესი შრომის პირობების და სხვ. შეთავაზებების რაოდენობას და ზოგადად არღვევს კონკურენციას შრომის ბაზარზე — ამიტომაც ევროკომისიის ეს სანქცია ამითაც არის მნიშვნელოვანი.
დარღვევა დეტალურად
Delivery Hero და Glovo საკვების მიტანის ორი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, რომლებიც აპლიკაციების ან ვებგვერდების მეშვეობით მომხმარებლებს აწვდიან, როგორც რესტორნებში მომზადებულ საკვებს, ისე სასურსათო და სხვა არასაკვებს პროდუქტებს.
2018 წლის ივლისში Delivery Hero-მ იყიდა Glovo-ში უმცირესი, არასაკონტროლო წილი, რომელიც შემდგომ წლებში ეტაპობრივად გაზარდა.
2022 წლის ივლისში Delivery Hero-მ შეიძინა სრული კონტროლი Glovo-ზე.
კომისიამ დაადგინა, რომ ამ ოთხწლიან პერიოდში კომპანიებმა კონკურენცია შეცვალეს კოორდინირებული ქმედებებით. კონკრეტულად:
- თანამშრომლების გადაბირების აკრძალვა – თავდაპირველად, წილის შეძენისას კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ზღუდავდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის თანამშრომლების გადაბირებას. მოგვიანებით ეს გადაიზარდა იმაში, რომ კომპანიებმა საერთოდ აკრძალეს ერთმანეთის თანამშრომლების გადაბირება, უკეთესი პირობების შეთავაზება და ა.შ.
- კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის გაცვლა – მათ შორის სტრატეგიების, ფასების, შესაძლებლობების, ხარჯების და პროდუქტების მახასიათებლების შესახებ, რაც კონკურენციას ზღუდავდა.
- ბაზრების გეოგრაფიული დაყოფა – კომპანიები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მოერიდებოდნენ იმ ბაზრებზე, სადაც რომელიმე უკვე ოპერირებდა, ხოლო ახალ ბაზრებზე შესასვლელად, ერთმანეთთან კოორდინირებდნენ.
ეს ყველაფერი, შესაძლოა, მხოლოდ Delivery Hero-ს მიერ Glovo-ში წილის ფლობის მეშვეობითაც განხორციელებულიყო – რაც თავისთავად არ არის უკანონო, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობდა კოორდინაციის ანტიკონკურენტული მექანიზმი.
სამართლებრივი შეფასება
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ეს ქმედებები წარმოადგენდა ერთიან, უწყვეტ დარღვევას, რომელიც სცდებოდა მხოლოდ ეროვნულ ფარგლებს და არღვევდა:
- ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების 101-ე მუხლს (TFEU);
- EEA შეთანხმების 53-ე მუხლს.
329 მილიონი ევრო
ჯარიმები განისაზღვრა ევროკომისიის 2006 წლის საგარანტიო სახელმძღვანელოს საფუძველზე. გაითვალისწინეს:
- კარტელის კომპლექსური ბუნება,
- დაფარვა მთელ EEA სივრცეში,
- კარტელის მოქმედების ოთხწლიანი ხანგრძლივობა და მის ცვლილებადი ინტენსივობა.
პასუხისმგებლობის აღიარებისა და მორიგებაზე დათანხმების სანაცვლოდ, ორივე კომპანიის ჯარიმა 10%-ით შემცირდა და ასე გადანაწილდა:
Delivery Hero SE (გერმანია) — 223,285,000 ევრო — კომპანია მოქმედებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 16 EEA-ს წევრია. ათასობით რესტორანთან თანამშრომლობს. დაფუძნებულია ფრანკფურტის ბირჟაზე.
Glovoapp23 SA (ესპანეთი) – 105,732,000 ევრო — მოქმედებს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 8 EEA-ში. 2022 წლის ივლისიდან Glovo Delivery Hero-ს შვილობილი კომპანიაა.
გამოძიება
გამოძიება 2022 წლის ივნისსა და 2023 წლის ნოემბერში, ორივე კომპანიის ოფისებში უეცარი შემოწმებებით დაიწყო.
გამოძიება კომისიის ინიციატივით — შიდა მონიტორინგით, ეროვნული კონკურენციის ორგანოსგან და ანონიმური საჩივრით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო და 2024 წლის ივლისში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბაზარზე სამართლიანი ფასებისა და შრომის პირობების შენარჩუნების მიზნით, ოფიციალურად გაიხსნა.
კარტელის მორიგების მექანიზმი ევროკომისიამ 2008 წელს შემოიღო. მხარეები აღიარებენ მონაწილეობას, თანხმდებიან მაქსიმალურ ჯარიმაზე და პროცედურა უფრო მოკლე და ეფექტურია. მიმდინარე საქმე არის მორიგების 44-ე პრეცედენტი კარტელების საქმეში.
ზიანის ანაზღაურება
ახლა ნებისმიერ ადამიანს ან კომპანიას, ვინც ზიანი მიიღო ამ ანტიკონკურენტული ქმედების შედეგად, შეუძლია მიმართოს ეროვნულ სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ევროკომისიის გადაწყვეტილება მტკიცებულებად ითვლება, რომ ქმედება მართლაც განხორციელდა და იყო უკანონო. მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომუშავე Glovo-სა და Delivery Hero-ს კურიერებს, ახლა შეუძლიათ, ამ კომპანიების კარტელური გარიგების შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ეროვნულ სასამართლოებს მიმართონ.

ტერესა რიბერა
დღეს ჩვენ დავაკისრეთ ჯარიმა Delivery Hero-ს და Glovo-ს, ჯამში 329 მილიონი ევრო კარტელში მონაწილეობისთვის ონლაინ საკვების მიწოდების სექტორში. კომპანიებმა შეთანხმდნენ, რომ არ გადაიბირებდნენ ერთმანეთს თანამშრომლებს, გაცვალეს მგრძნობიარე ინფორმაცია და გაიყვეს გეოგრაფიული ბაზრები. საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს კარტელი შეიქმნა Delivery Hero-ს მიერ Glovo-ში უმცირესი წილის ანტიკონკურენტული გამოყენებით. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომისია აჯარიმებს "არ-გადაბირების" შეთანხმებას, რაც ზღუდავს სამუშაო შესაძლებლობებს დასაქმებულებისთვის.
ნათქვამია სამართლიანი და კონკურენტული გარდასახვის მიმართულებით ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ტერესა რიბერის განცხადებაში.
კომენტარები