ზარმაცა დღეს არც ისე დიდი ცხოველია, მაგრამ ძველად ზოგი სახეობის ზომა აზიური სპილოსას უტოლდებოდა. მათ ძალიან ბასრი ბრჭყალები და ძლიერი ენა ჰქონდათ, რომლითაც ხეების კენწეროდან ფოთლებს აგროვებდნენ და ჭამდნენ. საინტერესოა, როგორ მიაღწიეს ასეთ ზომას და რატომ ვერ შეინარჩუნეს მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები?

ეს საკითხი მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, რომელიც გამოცემა Science-ში გამოქვეყნდა.

ამჟამად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ზარმაცების ორი გვარია, თუმცა დიდი ხნის წინ არგენტინიდან კანადამდე ტერიტორიაზე ათობით სახეობა იყო გავრცელებული. შედარებით მცირე ზომის ცხოველები ხეებზე დაცოცავდნენ, დიდები კი ამისგან თავს იკავებდნენ, რადგან ჩამოვარდნისა და სიკვდილის რისკის წინაშე იყვნენ. ეს გიგანტური ზარმაცები გარეგნულად გრიზლებს ჰგავდნენ, მაგრამ 5-ჯერ დიდები იყვნენ. ისინი გრძელი და ბასრი ბრჭყალებით თავშესაფარს თავად თხრიდნენ.

მკვლევრებმა მათი დნმ გააანალიზეს და საბუნებისმეტყველო მუზეუმებში არსებული 400-ზე მეტი ნამარხი ერთმანეთს შეადარეს, რათა ზარმაცების გენეალოგიური ხე შეედგინათ. ამ ცხოველების წარმომავლობა 35 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს დაუკავშირეს და მათი სხეულის მასა ნამარხების მიხედვით ივარაუდეს.

გიგანტური ზარმაცების, მეგალოკნუსისა და მეგალონიქსის, ჩონჩხები.

ფოტო: Dallas Krentzel

ავტორებმა დაასკვნეს, რომ გიგანტური ზარმაცების ზომის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი დედამიწის კლიმატმა შეასრულა. თანამედროვე ზარმაცების პირველი წინაპარი არგენტინის ტერიტორიაზე ბინადრობდა და თითქმის დიდი ძაღლის ზომას აღწევდა. 16 მილიონი წლის წინ თბილმა კლიმატმა ზომის შემცირება გამოიწვია, რათა სიგრილე შეენარჩუნებინათ.

შემდეგ დედამიწაზე ტემპერატურა ისევ დაეცა და ზარმაცებიც უფრო და უფრო გაიზარდნენ. ასევე, ისინი მთელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მასშტაბით გავრცელდნენ ისე, რომ ალასკამდე და კანადამდეც კი მიაღწიეს. ახალ გარემოში მათ გადარჩენაში სიდიდე ეხმარებოდა, მაგალითად, სითბოს შენარჩუნებაში, მტაცებლებისგან თავდაცვასა და მწირი რესურსის მიუხედავად მიგრირებაში.

სიდიდის მაქსიმუმი ზარმაცებში პლეისტოცენის ეპოქის გამყინვარების პერიოდში დაფიქსირდა (ეს ეპოქა 3 მილიონი-12 000 წლის წინ იყო). მალევე ისინი განადგურდნენ, რისი ზუსტი მიზეზიც უცნობია, მაგრამ მეცნიერებს ვარაუდები აქვთ.

საქმე ისაა, რომ დაახლოებით 20 000 წლის წინ ამერიკაში ადრეული ადამიანები გამოჩნდნენ. შესაძლებელია, გიგანტური ზარმაცები სწორედ მათი ნადირობის მთავარი სამიზნე გამხდარიყო, რადგან საკვებად ხორცის მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა. მკვლევრების აზრით, ამის გამო პირველები ეს უზარმაზარი ზარმაცები გადაშენდნენ, მაგრამ საფრთხეს ვერც ხეზე მცოცავი პატარა სახეობები გადაურჩნენ. კარიბის რეგიონში 4500 წლის წინა პერიოდამდე მხოლოდ ორი ასეთი სახეობა შემორჩა, რომლებიც ისევ და ისევ ადამიანებმა მოსპეს. ახლა კი ისინი ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში არიან და, საბედნიეროდ, ნანადირევადაც აღარ იქცევიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.