ტრანსანტარქტიკული მთები, რომლებიც კონტინენტს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფს, დიდი ხანია იქცევს მკვლევრების ყურადღებას. როგორ ჩამოყალიბდა ეს საოცარი ლანდშაფტი? რა გავლენა იქონია მან იმ გიგანტურ ყინულის საფარზე, რომელიც დღეს მთელს კონტინენტს ფარავს?

ამ საკითხების უკეთ შესასწავლად ახალი კვლევა ჩატარდა. მას გეოლოგი ტიმოთი პოლსენი (ვისკონსინ-ოშკოშის უნივერსიტეტი) და თერმოქრონოლოგი ჯეფ ბენოვიცი (კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტი) უძღვებოდნენ. ნაშრომი გამოცემაში Earth and Planetary Science Letters გამოქვეყნდა.

"ანტარქტიდის კონტინენტის ადრინდელმა კვლევამ უჩვეულო რამ გამოავლინა — 3 500 კმ სიგრძის მთათა სისტემა, რომლის მწვერვალებიც 4 500 მეტრს აჭარბებს. ამ ქედს ადრე "ანტარქტიდის დიდ ჰორსტს" უწოდებდნენ, დღეს კი მას ხშირად ტრანსანტარქტიკულ მთებად მოიხსენიებენ. ეს მთები ამჟამად აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფენას აფერხებს, რომელიც როსის ზღვისკენ მიემართება", — განმარტა პოლსენმა.

ტრანსანტარქტიკული მთების ქვენაფენ ქანებს გრძელი და კომპლექსური გეოლოგიური ისტორია აქვს. იგი მილიონობით წელს მოიცავს. ეს ქანები კონტინენტის მნიშვნელოვანი გამყოფია — როგორც გეოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. იგი აღმოსავლეთ ანტარქტიდის ძველ, სტაბილურ კრატონს დასავლეთ ანტარქტიდის უფრო აქტიური რიფტების სისტემისგან ყოფს.

ცნობისთვის: ქვენაფენი ქანი ნიადაგისა და ქვიშის ქვემოთ არსებული მყარი ფენაა. კრატონი დედამიწის კონტინენტური ქერქის ძალიან ძველი და სტაბილური ნაწილია — მილიარდობით წლის განმავლობაში ტექტონიკურ აქტივობას მასზე არ უმოქმედია. რიფტი დედამიწის ზედაპირის უზარმაზარი ბზარია. ქერქის ამ რღვევის შედეგად ზოგჯერ შეიძლება ხეობები, ვულკანები, ტბები, ან ახალი ოკეანეები წარმოიშვას.

ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ამ ქანებს ბევრად აქტიური წარსული ჰქონდა, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ. ეს მთების განმეორებად ფორმირებას, აწევასა და შემდგომ ეროზიას მოიცავდა. აღნიშნული გეოლოგიური მოვლენები დედამიწის ტექტონიკური ფილების გადაადგილებასა და ძველი გამყინვარების პერიოდებსაც კი უკავშირდება.

მკვლევრებმა ფარული ქანების საიდუმლოებები გაშიფრეს. ამისთვის მათ მინერალური მარცვლები გააანალიზეს, რომლებიც ტრანსანტარქტიკული მთების მაგმურ ქანებში გვხვდება.

"დროთა განმავლობაში ტრანსანტარქტიკული ფუძის ქანების ტემპერატურის ცვლილება მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ანტარქტიდის ყინულქვეშა რელიეფი — განსაკუთრებით იმ ძველი ლანდშაფტების შესახებ, რომლებიც კაინოზოურ ეპოქაში ტრანსანტარქტიკული მთების წარმოშობას უსწრებდა და, შესაძლოა, გამყინვარების ციკლებზეც ჰქონოდა გავლენა", — განმარტა ბენოვიცმა.

გუნდმა იმის მტკიცებულება აღმოაჩინა, რომ ტრანსანტარქტიკულ მთებში არსებულმა საბაზისო ქანებმა მთათა ჩამოყალიბებისა და შემდგომი ეროზიის რამდენიმე ეტაპობრივი ციკლი განიცადა. ეს ნიშნავს, რომ ეს მთები პერიოდულად წარმოიქმნებოდა და შემდეგ ქარის, წყლისა თუ ყინულის ზემოქმედებით იშლებოდა. ამის შედეგად შეიქმნა ზედაპირები, სადაც ეს უძველესი ქანები უკვე აღარ არის.

საინტერესოა, რომ ეს მოვლენები ანტარქტიდის საზღვრებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტექტონიკურ ცვლილებებს ემთხვევა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ ძლიერი გამყინვარების პერიოდი იყო.

ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ კონტინენტის ტოპოგრაფია დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა — მასზე გავლენა იქონია როგორც ეროზიამ, ასევე უძველესმა გამყინვარებებმა, რომლებმაც მოგვიანებით შეიძლება ყინულის საფარის ციკლებიც განსაზღვრა.

ცნობისთვის,ახლახან სხვა კვლევის ფარგლებში დაფარული მთათა სისტემაც შეისწავლეს, რომელიც აღმოსავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარის ქვეშაა დამალული. Earth.com-ის ინფორმაციით, მონაცემები აჩვენებს, რომ ეს მნიშვნელოვანი გეოლოგიური წარმონაქმნი 500 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა. ამისდა მიუხედავად, ეს მთები უშუალოდ დღემდე არავის უნახავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.