ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოვნა ნახევარმთვარითაც შეგიძლიათ — აი, როგორ

ფოტო: celiachen/Shutterstock.com / IFLScience
თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოწმენდილ ღამის ცას ახედავთ, პოლარულ ვარსკვლავს დაინახავთ. მას ჩრდილოეთის ვარსკვლავსაც ეძახიან. ეს ვარსკვლავი გეოგრაფიული ჩრდილოეთი პოლუსიდან 1 გრადუსის დაშორებითაა. მას გზის გასაგნებად საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. სამხრეთ ნახევარსფეროში კი ცის თაღზე ამდენად გამორჩეული ვარსკვლავი არ ჩანს. სწორედ ამიტომ, აქ ხალხი ნავიგაციისთვის სამხრეთის ჯვარს (ჯვრის თანავარსკვლავედს) იყენებს.
წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეს მხოლოდ მთვარის დანახვა შეგიძლიათ. ან იქნებ უბრალოდ არ გსურთ, ცის თაღზე ვარსკვლავების განლაგება ისწავლოთ. შესაძლებელია თუ არა, რომ მხოლოდ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გამოყენებით იპოვოთ გზა? პასუხია: ნაწილობრივ.
ამისთვის ნახევარმთვარის წვეროდან წარმოსახვითი ხაზი უნდა გაავლოთ (სწორედ ისე, როგორც გარეკანის ფოტოზეა) მან თანამგზავრის ქვედა წერტილში უნდა გაიაროს და ჰორიზონტამდე დაეშვას. თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იმყოფებით, ის წერტილი, სადაც ხაზი ჰორიზონტს ეხება, სამხრეთზე მიუთითებს. ხოლო თუ სამხრეთ ნახევარსფეროში ხართ — წერტილი ჩრდილოეთზე მიგანიშნებთ.
"რატომ მუშაობს ეს მეთოდი? ამის მიზეზი არც თუ ისე კომპლექსურია. მზე და მთვარე ცაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის სიბრტყეში მოძრაობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა (ახალი მთვარის დროს), მაშინ ისინი დაახლოებით ერთმანეთის აღმოსავლეთით ან დასავლეთითაა. იმის გამო, რომ მთვარე მზის შუქს ირეკლავს, მისი განათებული მხარე მზის მიმართულებაზე "მიუთითებს", ე.ი. დაახლოებით აღმოსავლეთზე ან დასავლეთზე," — განმარტავს ტრისტან გული, წიგნის "The Natural Navigator" ავტორი.
აღნიშნული მეთოდი ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა მთვარე ცაზე მაღლაა. იგი მთვარის ამოსვლისას ან ჩასვლისას ნაკლებად ეფექტიანია.
ალტერნატიული მეთოდია ე.წ. ჩრდილის ჯოხის მეთოდი. ეს სავსემთვარეობისას მუშაობს.
ამ შემთხვევაში ჯოხი მიწაში უნდა ჩაასოთ და ის წერტილი მონიშნოთ, სადაც ჯოხის ჩრდილი ბოლოვდება. ამის შემდეგ ნახევარი საათი უნდა მოიცადოთ და ახალი მდებარეობა მონიშნოთ. თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხართ, ამ ნიშნულებს შორის გავლებული ხაზი აღმოსავლეთიდან დასავლეთ მიმართულებას ქმნის. სამხრეთ ნახევარსფეროში კი — პირიქით.
იმისდა მიუხედავად, რომ ამ მეთოდების ცოდნა ძალიან საინტერესო და პოტენციურად გამოსადეგია, ეს ისეთივე ზუსტი არაა, როგორიც კომპასი ან GPS. შესაბამისად, თუ ამ მოწყობილობებზე წვდომა გაქვთ, მათ ენდეთ და არა ნავიგაციის ბუნებრივ საშუალებებს.
კომენტარები