სოლიდარობა, როგორც სასიცოცხლო ენერგია — ქალების არჩევანი
2019 წლის დასაწყისში სოციალურ ქსელში ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ქალზე მორალური ძალადობისთვის მსგავსი გზა შეარჩიეს. მსხვერპლი მიიჩნევს, რომ ეს მის გასაჩუმებლად მოხდა. ნაცვლად სოლიდარობისა, აგრესიის დიდი ნაწილი ქალის მიმართ გაჩნდა. გაჟღერდა ვარაუდები, რომ შესაძლოა, კადრები თავად მას გაევრცელებინა და საბოლოოდ, მსხვერპლი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენეს.
უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ ერთსა და იმავე მოწყვლად ჯგუფში მყოფი ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად სოლიდარულები არიან და მათში თანაგრძნობის გაჩენის უფრო მაღალი ალბათობა არსებობს. დღეს უფრო მეტი ქალი ხდება სხვა ქალის მიმართ სოლიდარული და ამ მხრივ ცნობადობა თანდათან იზრდება. თუმცა, კვლავ დიდია იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც არ და ვერ გამოხატავენ ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიმართ სოლიდარობას. ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, დაზარალებული მაპროვოცირებლად, მოძალადე კი მსხვერპლად წარმოაჩინონ.
პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, რომელიც ბოლო პერიოდში თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა, ამბობს, რომ სოლიდარობა და სხვისი განცდის გაზიარება ძალიან ღირებული თვისებაა.
"ყოველთვის სოლიდარული ვიყავი, როდესაც ძალადობდნენ და ჩაგრავდნენ ქალს. განსაკუთრებით ვრეაგირებდი ამაზე, ყოველთვის", — აღნიშნავს ბესელია.
ამბობს, რომ ბოლოს, როცა მის წინააღმდეგ აკრძალული მეთოდებით დაიწყეს ბრძოლა, საზოგადოების სოლიდარობა და მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნო.
"ბევრი უცხო ადამიანის წერილი მივიღე, ბევრმა გამოხატა მხარდაჭერა, თუმცა არა ყველა კოლეგამ... ნახეთ, ზოგს როგორ გაუჭირდა სოლიდარობა... ჩანდა საჯარო კომენტარებში. მეტი სოლიდარობა და მეტი თანადგომა გვჭირდება", — დასძენს ბესელია.
ქალთა უფლებადამცველი, იდა ბახტურიძე ფიქრობს, რომ ქალების არასოლიდარულობის მიზეზი საზოგადოების წნეხია. მისი აზრით, ქალების ნაწილი ცხოვრების მანძილზე ბევრ რამეზე ამბობს უარს, ემოციას თუ ვნებას ახშობს საკუთარ თავში. შედეგად აგრესია ემართებათ იმ ქალებზე, რომლებიც უფრო გამბედავები, თამამები აღმოჩნდნენ, არ დაემორჩილნენ წნეხს, მეტი ძალა იპოვეს საკუთარ თავში, იბრძოლეს და გაბედეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა.
"როცა წლების განმავლობაში მუდმივად გასწავლიან, როგორი სტანდარტია რეალურად ქართველი, მართლმადიდებელი, წესიერი თუ მორალურ პრინციპებზე მცხოვრები ქალის, მერე იჯერებ, გგონია, რომ მართლა ის ვიღაც თუ სხვანაირად იქცევა, ღალატობს ოჯახს, ქვეყანას, სარწმუნოებას და მართლა გგონია, რომ ამის წინააღმდეგაც უნდა იბრძოლო", — ამბობს ბახტურიძე.
მისი თქმით, პატრიარქალური კულტურის მიზანია, ქალებს დააჯეროს, რომ ისინი მეორეხარისხოვნები არიან. ვინც ამ "წესს" დაარღვევს და იტყვის, რომ მათაც აქვთ უფლება, საკუთარ სხეულზე ჰქონდეთ კონტროლი, მათ წინააღმდეგ იწყება აპოკალიფსი. მისი აზრით, ქალები ქალების მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ, რადგან მათ ჩაგვრის ერთნაირი გამოცდილება აქვთ.
"ერთი და ორი აღშფოთებული ქალი გარდამტეხ ცვლილებებს ვერ მოიტანს. პატრიარქალურ კულტურაში ძალიან ეშინიათ ხოლმე ქალების გაერთიანების. კულტურა ყველანაირად ცდილობს, რომ ქალებს შორის ეს არ გააჩინოს", — ამბობს უფლებადამცველი.
მისი თქმით, როცა ერთი ქალი რომელიმე სხვა ქალის მიმართ სოლიდარულია, ეს მის "მორალურ სისუფთავეზეც" აისახება, რადგან მან დაიცვა ისეთი ქალი, რომელიც ტრადიციული, ქართული თუ მართლმადიდებლური კულტურის საწინააღმდეგოდ წავიდა.
"დედებსაც იგივე აგრესია აქვთ დაგროვილი. მთელი ცხოვრება თვითონ უნდოდათ და ვერასდროს ვერ ქნეს. შემდეგ ეყოლათ მეამბოხე გოგო, რომელმაც ის გააკეთა. ამით საკუთარი ოჯახის, დედის "რეპუტაცია", რომელსაც მთელი 50-60 წელი აშენებდა, ეჭვქვეშ დააყენა. დედა "იძულებულია" გაემიჯნოს შვილის თამამ გადაწყვეტილებას", — აღნიშნავს ბახტურიძე.
მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ქალებმა ერთმანეთს თავისი გამოცდილება გაუზიარონ და ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუცხადონ განურჩევლად მათი განსხვავებული იდეოლოგიებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
ანა სუბელიანი საზოგადოებისთვის გაკიცხვის ობიექტად მას შემდეგ იქცა, რაც 2018 წლის 12 მაისს, აქციის დროს 9 აპრილის გმირთა მემორიალზე იცეკვა. 13 მაისს, როცა საზოგადოება მას კიცხავდა, წნეხს თან ახლდა მისი მაშინდელი თანამოაზრეების სექსისტური დამოკიდებულება. მისი, როგორც ქალის, "გაფუჭებული საქმის" "გამოსწორება" სცადეს და ბოდიში მოიხადეს.
"ჩემმა "თანამებრძოლმა" კაცებმა ისე, რომ არც კი მომისმინეს, არც კი მომცეს საშუალება, თავად მესაუბრა ამ საკითხზე, ჩემთვის გულისამრევი ჟესტი განახორციელეს, ტიტები მიიტანეს ცხრა აპრილის ძეგლთან... ეს მაშინ გააკეთეს, როცა მე უდიდესი აგრესიის მსხვერპლი, დიდწილად, სწორედ, ჩემი სქესის გამო გავხდი. ბევრმა ქალმა კარგად დაინახა, რომ მე რომ ქალი არ ვყოფილიყავი, ჩემ მიმართ იმ აგრესიის მეათედიც არ წამოვიდოდა, რაც, რეალურად, მივიღე. თუმცა, ამავდროულად, სწორედ ქალები იყვნენ ხშირ შემთხვევაში ყველაზე სასტიკები და დაუნდობლები", — იხსენებს სუბელიანი.
ამბობს, რომ თანაგრძნობა და სოლიდარობა ბუნებრივად მათ მიმართ უფრო გამოსდის ადამიანს, ვისთანაც ტრავმები, ტკივილები, პრობლემები აერთიანებს და ასეთ დროს მათი განცდების გაგება უკეთ შეუძლია. მისი თქმით, საქართველოში ხშირ შემთხვევაში ქალები სოლიდარულები არ არიან, იმის მიუხედავად, ვინ არის მსხვერპლი: შვილი, და, მული თუ მეზობელი.
"სამწუხაროდ, უმეტესად დედები პატრიარქალური წესრიგის მთავარი აღმასრულებლები არიან. სწორედ ისინი ანიჭებენ ბიჭ შვილებს უპირატესობებს, სწორედ ისინი უზღუდავენ გოგოებს თავისუფლებას, ასწავლიან კაცის მორჩილებას, არ უდგანან გვერდში განქორწინებისას, ხშირად მაშინაც კი, თუ ამ განქორწინების მიზეზი ძალადობაა", — დასძენს ანა.
სუბელიანი ამბობს, რომ ტკივილი, ჩაგვრა, უთანასწორობა ქალებისთვის ნაცნობია. თუმცა, ისინი ხშირ შემთხვევაში ნორმად აღიქვამენ და იმავეს აიძულებენ შვილებსაც.
"ეს ციკლი წყდება მაშინ, როცა ახალგაზრდა ქალი მთელი ამ წესრიგის და მათ შორის, დედის წინააღმდეგ ხმალამოღებული იწყებს ბრძოლას საკუთარი უფლებების რეალიზაციისთვის", — აღნიშნავს ის.
ის პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ხშირად წარმატებული ქალები თავს კაცთა საზოგადოებასთან აიგივებენ. მიზეზი ამ შემთხვევაშიც "სოციალური წვრთნაა".
"ბავშვობაში ჩემზე ამბობდნენ, ბიჭივით ტვინი აქვსო, მახსოვს, რომ ძალიან მიკვირდა ამგვარი ფორმულირება. თუმცა ეს ფრაზები "ბიჭის ტვინი", "ვაჟკაცი ქალი", "ყვერებიანი ქალი", ადამიანის ცნობიერებაზე ახდენს გავლენას, ხოდა, ეს წარმატებული ქალებიც საკუთარ თავებს ხედავენ არა როგორც უბრალოდ ძლიერ და წარმატებულ ქალებს, არამედ კაცივით მაგარ ქალებს, შედეგად ქალებთან ნაკლებად აიდენტიფიცირებენ თავს და სოლიდარულობაც ნაკლები აქვთ", — აღნიშნავს ანა.
ის ამბობს, რომ დამოუკიდებლობა და თავისი ცხოვრების მართვის შესაძლებლობა ბრძოლის შედეგად მოიპოვა. ბრძოლა უწევდა მაშინ, როცა იყო სკოლაში, მასწავლებლებთან, მშობლებთან და მაშინაც, როცა გაიზარდა და დამსაქმებელთან უწევდა შეხვედრა.
"არ არის ადვილი, დამღლელია, მაგრამ შედეგი არის ძალიან ტკბილი. მგონია, რომ ჩვენი მისია ეს არის, ვიყოთ თავისუფლები და ბედნიერები, პარალელურად კი, ჩვენი გაკვალული გზით სხვებსაც გავუადვილოთ იმავეს მიღწევა. სწორედ ეს არის სოლიდარობის არსიც და მუღამიც", — დასძენს სუბელიანი.
ტრანსგენდერი ქალი, ანასტასია პირველი ამბობს, რომ ბედნიერი ქალია. ვერ გაიხსენა შემთხვევა, როცა სხვა ქალების დაწერილმა კომენტარმა და ან მათმა ნათქვამმა გული ატკინა. მისი თქმით, ქალებს სხვა ქალების სოლიდარობა ძალიან ეხმარებათ. მისივე თქმით, სოლიდარობა იგრძნო მაშინაც, როცა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს სტუმრობდა.
"მართლა ვერ აგიხსნით, ეს ძალიან სასიამოვნოა. [საჯაროდ გამოჩენის შემდეგ] იმდენი ენერგია მივიღე, რომ დაუჯერებელიც კი იყო. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი დილა იყო [ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს მეორე დღეს], როდესაც დავხედე ტელეფონს და ვერც კი წავიკითხე, იმდენი ესემესი იყო. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ უმეტესი მათგანი იყვნენ ქალები, რომლებიც მწერდნენ, რომ ვიყავი სამაგალითო, მისაბაძი", — აღნიშნა ანასტასიამ.
თათია სამხარაძე პირველია იმ ქალებს შორის, რომელმაც თქვა, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელი სექსუალურად ავიწროებდა. თათიამ არაერთ ქალს მისცა მაგალითი და ძალა, რომ სექსუალური შევიწროების დროს არ გაჩუმებულიყვნენ და ებრძოლათ.
"ჩვენ ქალები ყველა სოციალურ კლასში და ყველა სფეროში მეტნაკლებად ერთნაირ ბარიერებს, გენდერულ სტერეოტიპებს და საჭიროებებს ვაწყდებით. აქედან გამომდინარე, ყველა ის ქალი, რომელიც გულგრილია სხვისი გასაჭირის მიმართ, ადრე თუ გვიან, ზუსტად იგივე გამოწვევის წინაშე თავად დგება", — ამბობს სამხარაძე.
მისი თქმით, წარმატებული ქალები, როცა არ იყენებენ შესაძლებლობას, რომ დაიცვან ან გააძლიერონ სხვა ქალები, თავადვე იქცევიან პატრიარქატის მსხვერპლად.
"პატრიარქმა მოახერხა ისეთი წესრიგის შექმნა, რომელშიც ჩასაძირად განწირულ ქალებით სავსე გემზე მტრის ხატად და მთავარ კონკურენტად ქალებს ისევ ერთმანეთი მიგვაჩნია", — დასძენს ის.
მას მიაჩნია, რომ საკუთარი ისტორიების გაზიარებით სხვა ქალების გაძლიერებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ამით შესაძლებელია ძალადობის მსხვერპლ ქალებს თვალი აეხილოთ.
სოლიდარობის მნიშვნელობაზე საუბრობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი, დეა გოშხეთელიანი. ქალი, რომელიც ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა, საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. მხარდაჭერის ნაცვლად საზოგადოების ნაწილმა გაკიცხა.
"სოლიდარობა სხვა ქალებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარება... ძალიან ბევრმა ქალმა მომწერა მსგავსი შინაარსის მესიჯი, მათგან ძალიან ბევრი იყო ძალადობის მსხვერპლი და მითხრეს, რომ მე გავხდი ერთ-ერთი გამაძლიერებელი მათთვის, რომ ძალადობისთვის თავი დაეღწიათ ან შემდგომში მისცემოდათ გამბედაობა", — ამბობს ის.
ქალები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან, — ამბობს პოლიტიკოსი თამარ კორძაია. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოება შეიძლება რაღაც პრობლემის მიმართ ადეკვატური არ იყოს, თუმცა, სოლიდარობა ყველა პრობლემის მიმართ საჭიროა.
"ვფიქრობ, უკანასკნელ პერიოდში ეს პრობლემა ნაკლებად დგას. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ქალების მიმართ ძალადობის სიმწვავეს და ეს ვლინდება კონკრეტულ შემთხვევებში.
ძალადობის ფაქტების შესახებ რომ ქალები ლაპარაკობენ, ესეც იმის შედეგია, რომ ადამიანებს ერთმანეთის იმედი აქვთ", — ამბობს კორძაია.
ის ფიქრობს, რომ თანადგომა და ინფორმაციის გაზიარება ყველას აძლიერებს, განსაკუთრებით კი ერთი და იმავე ჯგუფის წევრებს. ქალებმა უკეთ იციან, რა შეიძლება აწუხებდეთ სხვა ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
"ერთ-ერთ 8 მარტს პარლამენტთან აქციაზე ქალი პარლამენტარების ყუთები იყო მიტანილი. ამ ყუთებში ადამიანები წერილებს ტოვებდნენ იმ პარლამენტარისთვის, რომელიც მოსწონდათ. დღემდე შენახული მაქვს, ისეთი თბილი წერილები მივიღე. ეს იმდენად სერიოზული მხარდაჭერა იყო ჩემთვის, დღემდე ვგრძნობ. ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც ეს წერილები დამიწერეს", — თქვა კორძაიამ.
კომენტარები