ახალი ნაშრომის ავტორებმა უკეთ შეისწავლეს სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გამოკვლეული ნაწილი — კლიტორი, ქალის სექსუალურ სიამოვნებაზე პასუხისმგებელი ორგანო.

კლიტორს კვლევებში ისტორიულად საკმაოდ ცოტა ყურადღება ეთმობოდა, ნაწილობრივ ტაბუს გამო. ამასთანავე, ამ ორგანოს ნერვული ქსოვილების გაკვეთა საკმაოდ რთულია, თუ მენჯის სხვა ორგანოებთან მის მდებარეობას გავითვალისწინებთ.

ბოლო ათწლეულებში MRI კვლევების ფარგლებში კლიტორის სტრუქტურა არაერთხელ შეუსწავლიათ, თუმცა ახალი ნაშრომის ავტორებმა რაღაც სრულიად ახალი შეძლეს: მათ კლიტორის ნერვები სამ განზომილებაში, მიკრონული გარჩევადობით, ასახეს. ამისათვის მეცნიერებმა რენტგენის სხივი გამოიყენეს, რომელიც უკიდურესად კაშკაშა სინათლის წყაროს, სინქროტრონის, მეშვეობით მიიღება.

"კვლევის ფარგლებში შევძელით კლიტორის სხვადასხვა ნაწილი გვეჩვენებინა", — განაცხადა დოქტორმა ძიუ იანგ ლიმ, კვლევის მთავარმა ავტორმა და ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრების მკვლევარმა.

მან და მისმა კოლეგებმა ორი მენჯი დაასკანერეს, რომლებიც უნივერსიტეტმა მკვდარი დონორებისგან მიიღო. ნაშრომს რეცენზირება ჯერ არ გაუვლია. იგი 20 მარტს გამოქვეყნდა პრეპრინტების სერვერ bioRxiv-ზე.

მკვლევრები CT გამოსახულებების დახმარებით კლიტორის დორსალურ ნერვს (DNC) — ორგანოს მთავარ სენსორულ ნერვს — მიჰყვნენ უფრო დიდი ნერვული სტრუქტურიდან. წინა კვლევების მიხედვით, DNC კლიტორის თავთან, ანუ ორგანოს გარე ნაწილთან, ნელ-ნელა წვრილდება და წყდება; მეორე მხრივ, ახლა შენიშნეს, რომ DNC განშტოებების მძლავრ ქსელს ქმნის და კლიტორის თავშიც იტოტება; გარდა ამისა, DNC-ს განშტოებები ბოქვენის შემაღლებასა (ცხიმოვანი ქსოვილი ბოქვენის ძვლის თავზე) და კლიტორის ჩუჩაზეც ვრცელდება.

ასევე იხილეთ: 5 რამ, რაც კლიტორის შესახებ უნდა ვიცოდეთ

კვლევის ავტორები წერენ, რომ ეს მიგნება შეიძლება კლიტორის ან ამ ორგანოს ფუნქციის აღდგენითი ოპერაციებისათვის გამოიყენონ პაციენტებში, რომელთაც გენიტალიები დაუსახიჩრეს — გარე სასქესო ორგანო ნაწილობრივ ან სრულად მოაშორეს. WHO-ს მიხედვით, დასახიჩრებას ხშირად ჩვილობაში ან 15 წლამდე ასაკის გოგოებში მიმართავენ, ამან კი შეიძლება სერიოზული სამედიცინო გართულებები გამოიწვიოს.

ავტორთა თქმით, ახალი კვლევა შეიძლება ქირურგებს კლიტორის ნერვების დაზიანების პრევენციაშიც დაეხმაროს, როცა ვულვაზე ან მასთან ახლოს ატარებენ ოპერაციებს.

დოქტორ ბლერ პიტერსის განცხადებით, ნერვების დაზიანების თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც წესი, ძალიან ცოტა ქირურგს შეუძლია თან გენიტალიებზე ოპერაციის ჩატარება და პარალელურად კი პერიფერიული ნერვების მკურნალობა. სხვათა შორის, პიტერსმა და მისმა კოლეგებმა 2022 წელს გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ადამიანის კლიტორში 10 ათასი ნერვული დაბოლოება დათვალეს — იმაზე მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

იხილეთ: ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის ნერვული დაბოლოებები დათვალეს

პიტერსი ახალ კვლევაში არ ყოფილა ჩართული, თუმცა Live Science-თან საუბრისას განაცხადა, რომ მიგნებები თავის დაკვირვებებს ემთხვევა.

"მაქვს პრივილეგია, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახო", — ამბობს პიტერსი და აცხადებს, რომ აქამდე "ეს საკითხი რაიმე მნიშვნელოვანი სახით რაოდენობრივად არ ყოფილა აღწერილი სამედიცინო ლიტერატურაში".

პიტერსმა დასძინა, რომ მედიცინაში სასქესო ორგანოთა ნერვების მნიშვნელობას უფრო და უფრო მეტად აღიარებენ, თუმცა, მისი აზრით, პროგრესი კვლავ საჭიროა.

"პერიფერიული ნერვების სამკურნალო მეთოდები სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის გვაქვს თავიდან ფეხის თითებამდე, მაგრამ გენიტალური ზონა შავი ყუთივითაა, რომელიც შეუსწავლელი დარჩა", — ამბობს პიტერსი — "ეს ანატომიური ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი სამედიცინო მდგომარეობის უკეთ სამკურნალოდ, რომელთა მართვის გზებიც უმეტესად ძალიან შეზღუდულია".

ნაშრომის ავტორებს სურთ, რომ კვლევა უფრო დიდ შერჩევაზე, უფრო მრავალფეროვან ასაკობრივ კატეგორიაზე, გაიმეორონ. კვლევაში გამოყენებული მენჯის ორივე გამოსახულება პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ დონორებს ეკუთვნოდათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.