კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს
ფოტო: SpaceX / Futurism
დედამიწასა და მარსს შორის საშუალო დისტანცია 225 მილიონი კილომეტრია. მათი მოძრაობის პარალელურად კი ეს მანძილი ხან 54.6 მილიონ კილომეტრამდე მცირდება, ხან კი 401 მილიონ კილომეტრამდე იზრდება.
დედამიწიდან წითელ პლანეტამდე მისაღწევად სინათლეს 12.5 წუთი სჭირდება, მაგრამ ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიით ამ სიჩქარესთან ახლოსაც ვერ მივალთ. თანამედროვე საინჟინრო შესაძლებლობებითა და სხვადასხვაგვარი ძრავებით მარსამდე მისასვლელად 5-იდან 11 თვემდე პერიოდია საჭირო. ამისთვის აუცილებელია, რომ ორბიტებზე ციური სხეულების მდებარეობამ ისინი ერთმანეთს დააახლოოს, რაც ყოველ 26 თვეში ხდება.
გამოდის, რომ დროშიც შეზღუდულები ვართ და სიჩქარის კონკრეტულ ზღვარსაც ვერ ვაჭარბებთ. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის ფარგლებში ჩრდილოეთ რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე კოსმოლოგი, ოლივეირა სუზა, გზის დამოკლების პოტენციალზე საუბრობს. მან ასტეროიდის ტრაექტორიაზე გაამახვილა ყურადღება და გამოითვალა ყველაზე ოპტიმიზირებული გზა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება წითელ პლანეტამდე მიღწევასა და უკან დაბრუნებას სულ რაღაც 153 დღე დასჭირდეს.
მეცნიერმა ასტეროიდ 2001 CA21-ის ტრაექტორია შეისწავლა; ამ ობიექტმა დედამიწისა და მარსის ორბიტები 5-გრადუსიანი დახრილობით გადაკვეთა, რომელიც არ შეუცვლია. კვლევის ავტორმა სწორედ ეს მონაცემი გამოიყენა და მომდევნო 5 წლის განმავლობაში დედამიწა-მარსის მოსალოდნელი მიახლოებების ჭრილში ასტეროიდის მიერ გავლილი სიბრტყის ეფექტიანობა გააანალიზა.
მან დაასკვნა, რომ 2031 წელს პლანეტები ერთმანეთის მიმართ იდეალურად განლაგდება საიმისოდ, რომ ამ პერიოდში წელიწადზე ნაკლებ დროში წინა და უკანა გზის გავლა ორჯერ მოესწროს.
"2031 წელს პლანეტათა განლაგება CA21-ის სიბრტყისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელია. ასე დედამიწიდან მარსამდე მიღწევა ორჯერაა შესაძლებელი: 33 და 56 დღეში. უკან დასაბრუნებლად შესაბამისი ტრაექტორია მთლიანი მოგზაურობის არქიტექტურას აყალიბებს, რომლის ფარგლებშიც გზის ხანგრძლივობა 153 და 226 დღეა", — წერია კვლევაში.
რა თქმა უნდა, მოგზაურობის ხანგრძლივობა სხვა ისეთ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, როგორიც ძრავების ტიპი, საწვავის მოცულობა და ტვირთის მასაა. ეკიპაჟიანი მისიების შემთხვევაში კი მეტი გამოწვევა ჩნდება, რადგან ასტრონავტების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.
გამოიყენებენ თუ არა მეცნიერის მიერ შეთავაზებულ ტრაექტორიას მარსის მისიებში, მომავალი გვიჩვენებს. ნაშრომი გამოცემაში Acta Astronautica გამოქვეყნდა.


კომენტარები