ალბათ, შავ-თეთრი ფოტოების დათვალიერებისას ყველას გვიფიქრია, რომ ადამიანები ადრე სხვანაირად გამოიყურებოდნენ. ამაში, როგორც წესი, წვერს, დგომის მანერას ან იმდროინდელ მოდას ვგულისხმობთ ხოლმე. ახალი კვლევის თანახმად კი, შეიძლება იმ დროს ადამიანებს თავის ქალის ფორმაც განსხვავებული ჰქონდათ.

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიოტოს საუნივერსიტეტო მუზეუმიდან 56 თავის ქალის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულება შეაგროვეს, რომლებიც მე-19 და მე-20 საუკუნეში მცხოვრებ იაპონელებს ეკუთვნოდათ. ეს გამოსახულებები მათ 56 იაპონელისას შეადარეს, რომლებიც 2020-იან წლებში დაიღუპნენ.

მეცნიერებმა თითოეულ თავის ქალაზე 161 წერტილი მონიშნეს, რათა მსგავსებები და განსხვავებები უკეთ აღექვათ.

აღმოჩნდა, რომ ისტორიულ და თანამედროვე თავის ქალებს შორის აშკარა განსხვავებებია. მაგალითად, თავის ქალა უფრო მრგვალი და ფართო გახდა მაშინ, როცა ადრე უფრო ოვალური და წაგრძელებული იყო. გარდა ამისა, დღევანდელ თავის ქალებს უფრო დიდი საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩი აღმოაჩნდათ. ეს ყურის ბიბილოს უკან არსებული ძვლოვანი წანაზარდია.

ცვლილებები უფრო გამოკვეთილად კაცებში შეინიშნება: მათი თავის ქალა მამრობითი სქესის მახასიათებლებთან მეტად მოვიდა შესაბამისობაში.

ეს პროცესები იმდენად მოკლე დროში წარიმართა, რომ გენეტიკით და ბუნებრივი გადარჩევით ვერ აიხსნება. ამიტომ გუნდი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ცვლილებებში წვლილი კვებას, ჯანდაცვის განვითარებასა და თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მეტ ფიზიკურ აქტივობას მიუძღვის. ბუნდოვანია, ზუსტად რომელი ფაქტორებია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და რატომ გვხვდება ეს ცვლილებები კაცებში უფრო გამოკვეთილად.

მკვლევრების აზრით, კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ხალხი ახლა უფრო რბილ საკვებს იღებს. ეს ნაკლებ ღეჭვას საჭიროებს, რასაც შეიძლება თავის ქალასა და ქვედა ყბის ფორმაზე ემოქმედა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეისწავლეს, თანაც მხოლოდ იაპონელები. მეორე მხრივ, მსგავსი მიგნებები ადრე ჩატარებული კვლევებითაც გამოვლენილა.

2012 წელს ტენესის უნივერსიტეტმა (აშშ) კვლევითი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 1500 თავის ქალა შეისწავლეს. ისინი 1800-1980 წლებში მცხოვრებ ამერიკელებს ეკუთვნოდათ. მე-20 საუკუნის თავის ქალები უფრო დიდი, გრძელი და ვიწრო იყო.

2006 წელს მეცნიერებმა შავი ჭირის ეპოქაში (მე-14 საუკუნე) მცხოვრები 30 ბრიტანელის თავის ქალა გამოიკვლიეს, რომლებიც მერი როუზის (1545 წელს ჩაძირული გემი) 54 მგზავრის თავის ქალას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ თავის ქალის ის ნაწილი, რომელშიც ტვინია მოთავსებული, 10 მილიმეტრით გაზრდილიყო, სახე კი პროფილში უფრო ბრტყელი გახდა.

ეს კვლევები იმას მოწმობს, რომ ადამიანის თავის ქალა იმაზე უფრო ცვალებადია, ვიდრე ხშირად გვგონია. ამან შეიძლება არქეოლოგიური ნაშრომების ინტერპრეტაცია შეცვალოს.

კვლევა გამოცემაში American Journal of Biological Anthropology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.