პურის ხორბლის (Triticum aestivum) ზუსტი წარმოშობა უცნობია, თუმცა მეცნიერები პასუხს მიუახლოვდნენ. ამაში მეცნიერთა საერთაშორისო გუნდს, რომელთა შორისაც ქართველებიც იყვნენ, გენეტიკური კვლევები და მცენარის უძველესი ნარჩენების შესწავლა დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ ხორბალი ნეოლითურ პერიოდში (დაახლოებით 8000 წლის წინ) საქართველოში უნდა წარმოშობილიყო.

პურის ხორბალი მსოფლიოს მასშტაბით ხორბლის ყველაზე გავრცელებული სახეობაა (95%). ადრე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ხორბალი და ველური ეგილოფსი სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონში უნდა წარმოშობილიყო. ამან ჰიბრიდი მოგვცა, რომელიც საბოლოოდ პურის ხორბლად ჩამოყალიბდა. უნდა ითქვას, რომ მაშინ ამ მოსაზრების გასამყარებლად ფიზიკური მტკიცებულება ვერ იპოვეს.

უძველესი მცენარის ნარჩენების საპოვნელად მეცნიერებმა გადაჭრილი გორიდან და შულავრის გორიდან აღებული ნიადაგის ნიმუშები შეისწავლეს. პურის ხორბლის დამწვარი მარცვლების პოვნა და მისი გარჩევა სხვა მსგავსი სახეობებისგან მარტივი საქმე არაა, რადგან დამწვარ მდგომარეობაში ორივე ერთმანეთს ჰგავს. ამიტომ, მეცნიერებმა მთავარი ღერი მოძებნეს. ეს ღეროს პატარა ნაწილია, რომელიც ამ სახეობებს შორის განსხვავდება.

ამის შემდეგ მათ რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდი გამოიყენეს. ამით დადგინდა, რომ ღერი დაახლოებით ძვ.წ. 5800-6000 წლებს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მიგნებამ წინა კვლევებში წარდგენილი მოსაზრება ემპირიულად გაამყარა.

ნაშრომის თანახმად, ამ დასახლებებში მცხოვრები ნეოლითური ხალხი ძალიან განვითარებული მიწათმოქმედები უნდა ყოფილიყვნენ. სავარაუდოდ, ისინი მიწათმოქმედებაზე ახალ რეგიონში დასახლების შემდეგ გადავიდნენ. მიიჩნევა, რომ საცხოვრებელი თავიანთ სოფელში ნიადაგის ამოწურვის შემდეგ შეიცვალეს, თუმცა წლების შემდეგ ისევ საწყის არეალს დაუბრუნდნენ.

ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ღვინის გარდა, პურის ხორბალიც საქართველოში წარმოშობილა. ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.