"ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია", — ასე ეხმაურება ქალთა მოძრაობა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურის, მამა გიორგი ფირცხელანის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის საკითხებში ეკლესიის, როგორც მედიატორის ფუნქცია უნდა გაიზარდოს.

ქალთა მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა უკიდურესად შემაშფოთებელია სამი მიზეზის გამო:

  1. მართლმსაჯულების განხორციელებაში სასულიერო პირების ჩარევა დაუშვებელია; დანაშაულის გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ იქნება სასულიერო პირების შეხედულებებზე დამოკიდებული;
  2. ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მედიაცია დაუშვებელია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რადგან ოჯახური დანაშაულის დროს მორიგება დამნაშავისათვის იწვევს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, მსხვერპლისთვის კი რისკის ზრდას;
  3. შემაშფოთებელია ზოგადად საპატრიარქოს დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ, როდესაც ისინი მუდმივად იცავენ მოძალადე კაცებს, ქალებს კი მოუწოდებენ მოთმინებისკენ და ოჯახის შენარჩუნებისაკენ ნებისმიერ ფასად.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს პარლამენტს, "შეწყვიტოს კულუარული მოლაპარაკებები სამებაში და გადაიტანოს შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში და ამით გახადოს დისკუსია საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის და თავად ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციებისათვის".

მათი თქმით, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ქალზე ძალადობის შემთხვევებში კანონით განსაზრვრული შუამავლობა და მორიგება აკრძალულია.