პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმის ბრალს "ვიწრო წრეში" აღიარებს, ის მისი შეწყალების მომხრე იქნება. ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

დღეს, 4 თებერვალს საპატრიარქოსთან მამალაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მამალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ზიარებას მოითხოვდნენ. დეკანოზის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოს წინ კარვებიც გაშალეს.

როგორც მეუფე იაკობი სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, დეკანოზის ზიარების გადაწყვეტილება მისმა მღვდელმთავარმა, მეუფე დიმიტრიმ უნდა მიიღოს:

"მეუფე დიმიტრი როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. არაფრით არ შეიძლება საპატრიარქოზე აქცენტის გადმოტანა. მეუფე იტყვის, რომ უნდა ეზიაროს, ჩვენ პრობლემა არ აქვს. ისიც [გიორგი მამალაძე] ადამიანია. ჩვენ [საპატრიარქო] არაფერ შუაში ვართ მაგასთან".

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.