შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული პირი დამამძიმებელ გარემოებაში 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ის თბილისში აიყვანეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 10 დეკემბერს, წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, მათ შორის, სამსახურის ყოფილ უფროსს, ზვიად მიხანაშვილს.

პოლიციამ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი — საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.