არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი "ლიდერი" ქვეყანაა. აქ ყოველი ათი ქალიდან ოთხი საკეისროს იკეთებს. ეს მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტების შეფასებით საამაყო ან სახარბიელო საერთოდ არ არის. WHO-ს ცნობით, მილიონი ქალი მთელს მსოფლიოში, საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს რისკის ქვეშ აყენებს, როდესაც საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენებების გარეშე იტარებს.

ნინო ბერძული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი

ნინო ბერძული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი

ფოტო: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის სქესობრივი, რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ბერძული ამბობს, რომ საკეისრო კვეთების მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.

"მშობიარობის გართულების შემთხვევაში, საკეისრო კვეთა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ როდესაც პოპულაციის დონეზე საკეისრო მაჩვენებელი აღემატება 10%-ს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ოპერაციული ჩარევა ამცირებს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობას. პირიქით, საკეისრო კვეთის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში", — განუმარტა On.ge-ს ნინო ბერძულმა.

საქართველოსა და მსოფლიოს სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, არასამედიცინო ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთა, ჯანდაცვის სისტემებისთვის დამატებითი ბარიერია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საკეისრო კვეთის უსაფრთხო მაჩვენებლად 25 პროცენტი აქვს განსაზღვრული. WHO-ს 2018 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ლათინური ამერიკისა და აზიის რეგიონებშია.

  • ბრაზილია — 56%;
  • დომინიკის რესპუბლიკა — 53%;
  • ეგვიპტე — 52%;
  • თურქეთი — 51%;
  • ირანი — 48%;
  • მექსიკა — 45%.

ევროპის რეგიონში, რომლის ნაწილი საქართველოცაა, საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი მზარდია. ჯანმო-ს კვლევებმა აჩვენა, რომ 2000-2015 წლებში ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საკეისრო კვეთების მაჩვენებლი 20 პროცენტზე დაბალი იყო, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ეს რიცხვი 50 პროცენტს აღწევდა.

2015 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთის ჭარბი მაჩვენებლით (41%) საქართველო ევროპაში მეხუთე ადგილს იკავებს, კვიპროსის, თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის შემდეგ.

ფოტო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ევროპაში საკეისრო კვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ანუ 18 პროცენტზე ნაკლები არის შემდეგ ქვეყნებში:

  • ისლანდია;
  • ფინეთი;
  • ნორვეგია;
  • შვედეთი;
  • ჰოლანდია.

2010 წლიდან 2015 წლამდე საკეისრო კვეთის მაჩვენებელი საქართველოში 32 პროცენტით გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო საქართველომ საგანგაშო გზავნილი და რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციისგან. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 2016 წელს საკეისრო კვეთების რაოდენობა კვლავ გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით მშობიარობების საერთო რაოდენობის 43,2 პროცენტი შეადგინა.

საკეირსო კვეთების რაოდენობა, საქართველო, 2016

საკეირსო კვეთების რაოდენობა, საქართველო, 2016

ფოტო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

2016 წელს სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში 21 233 საკეისრო კვეთა ჩატარდა. აქედან 2 847 — პაციენტის მოთხოვნით სამედიცინო საჭიროების გარეშე.

რისკები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენი მიზეზზე წერს, რის გამოც დედები საკეისრო კვეთაზე აკეთებენ არჩევანს:

  • ტკივილის შიში;
  • არასწორი შეხედულება, რომ საკეისრო კვეთა ბავშვისთვის უფრო უსაფრთხოა;
  • ხელსაყრელი პირობა ექიმებისთვის, მშობლისთვის, ოჯახისთვის;
  • არაკანონიერი ფინანსური მოტივები;
  • კულტურული ფაქტორი.

WHO-ს ექსპერტის, ნინო ბერძულის თქმით, არასაჭირო საკეისრო კვეთა მომავალი ორსულობისთვისაცა ნეგატიური შედეგების მომტანია. ჩნდება ნაადრევი მშობიარობის, საშვილოსნოს ყელის რღვევის პათოლოგიური პლაცენტის რიკსები. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთის საჭიროებაც კი დადგეს. საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ხშირად, ახალშობილებს ინტენსიური მოვლის საჭიროება უჩნდება, ასევე დიდია ასთმისა და სიმსუქნის განვითარების რისკიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იტალიელი ექსპერტის ჯუზეპე ბენაჯიანოს თქმით, ბავშვები რომლებიც იბადებიან საკეისრო კვეთის გზით გარკვეულწილად ნაკლებად არიან ადაპტირებულები გარემოსთან და ჩნდება ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ბრონქული ასთმა, დიაბეტი და სასუნთქი სისტემის სხვა გართულებები.

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე განმარტავს, რომ საკეისრო კვეთა სიცოცხლის გადასარჩენად მიღებული მეთოდია, თუმცა მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში გადაწონის რისკებს.

"ეს ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პაციენტის კმაყოფილების ნაკლებ დონესთან და განაპირობებს სირთულეებს შემდგომ ორსულობებში. ერთხელ გადატანილი საკეისრო არ არის აბსოლუტური ჩვენება, რომ მომდევნო შემთხვევებშიც საკეისრო გამოიყენონ, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ისევ იგივე მეთოდს მიმართავენ. ეს მდგომაროებას ართულებს", — განმარტავს დარახველიძე.

WHO-ს რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არასაჭირო საკეისრო კვეთების მზარდი მაჩვენებლის შესამცირებლად რეკომენდაციებს სამი მიმართულებით გასცემს. რეკომენდაციების ადრესატების პირველი ჯგუფი დედები არიან, მეორე სამედიცინო სფეროს წარმომადგენები, ხოლო მესამე ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები, სერვისები და სისტემები.

რეკომენდაციები დედებს

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ანტენატალურ პერიოდში მნიშვნელოვანი კომპონენი. ეს საგანმანათლებლო ჩარევა, მხარდამჭერი პროგრამები და რეკომენდაციები შეამცირებს არამიზნობრივ საკეისკრო კვეთებს.

მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს ისეთ სერვისებს, როგორიცაა მშობიარობის სავარჯიშოები, რელაქსაციის სასწავლო პროგრამები, წყვილების თერაპია, ფსიქოლოგიური განათლება.

რეკომენდაციები ექიმებს

მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო "მეორე მოსაზრებას" საკეისრო კვეთის შესახებ. მეორე მოსაზრების დაფიქსირება საკეისკრო კვეთის საჭიროებასთან დაკავშირებით ადექკვატურ წყაროებსა და უფროს ექიმებს შეუძლიათ. ასევე რეკომენდაციაა პრაქტიკული სახელმძღვანელოს დანერგვა და მისი მუდმივი მონიტორინგი ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად.

რეკომენდაციები ჯანდაცვის ორგანიზაციებს

აუცილებელია მონაცემთა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, როგორც შიდა, ასევე გარე კლინიკური აუდიტის დანერგვა საკეირო კვეთების მიზანშეწონილობის განსაზღვრისათვის. ასევე შესაძლებელია ფინანსური მექანიზმების გამოყენება, რომელიც ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისკრო კვეთის ანაზღაურებებს ექიმისთვის გაათანაბრებს.

სახელმწიფოს მიდგომა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრომ მიიღო ზომები და სამშობიარო სახლებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. 2017 წლიდან დაიდო ხელშეკრულებები ყველა სამშობიაროსთან. ამ ხელშეკრულების პროექტით სამშობიაროებს შესაძლო საკეისრო კვეთების მაქსიმალური ზღვარი განესაზღვრათ. ამ ზღვრების დაწესების მიზანი არასაჭირო საკეისრო კვეთის ჩატარების ალბათობის გამორიცხვა იყო. სამშობიარო, რომელიც სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას დაარღვევდა, შესაბამისი ფინანსური სანქციით დაჯარიმდებოდა.

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

"ამ შეზღუდვების დაწესებამ მოგვცა შედეგი, რომ 2017 წელს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოს მთელ ისტორიაში ყველაზე დაბალი იყო", — განუცხადა On.ge-ს მინისტრმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ექსპერტისა და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, გატარდა ფინანსური სანქციები და 2-3 კლინიკას ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდა.

მშობიარობის ფორმის არჩევა მშობლის უფლებაა, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინა დარახველიძის თქმით, დედის არჩევანი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული განათლებისა და ინფორმირების დონეზე.

"ჩვენ მექანიკურად კი არ გვინდა შევამციროთ საკეისროთი მშობიარობის რიცხვი, არამედ გვინდა, რომ ოპტიმალური იყოს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მოსახლეობას საკეისრო კვეთაზე ხელი არ მიუწვდებოდეს, მაგრამ არც ის არის ჩვენი მიზანია, რომ საკეისრო კვეთა ზედმეტად იყოს გამოყენებული", — უთხრა On.ge-ს დარახველიძემ.

მარინა დარახველიძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

მარინა დარახველიძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით (როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას – 500 ლარს.

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე ურჩევს დედებს, ნუ შეეშინდებათ ფიზიოლოგიური მშობიარობის, რადგან დღეს ტკივილის გაყუჩების ბევრი სხვა საშუალება არსებობს.

"საკეისრო კვეთა არ არის პანაცეა და გართულებებისგან თავის დაღწევა", — განმარტავს დარახველიძე On.ge-სთან საუბრისას.