ტელეკომპანია რუსთავი 2 წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის სიძეზე, მინდია გოგოჭურზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჰქონდათ, თუმცა ის არჩევნების მეორე ტურამდე არ დააკავეს. საუბარია თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, კაფე სტრადაში სროლაზე, როცა ერთი პირი დაიჭრა.

არხის ინფორმაციით, სტრადაში სროლის დროს გოგოჭურის დაჭრა უნდოდათ, თუმცა ის იმ ჯავშანჟილეტმა დაიცვა, რომელიც მისი დაკავების შემდეგ მისი სახლიდან ამოიღეს.

"ვიდეომასალაში ასევე გარკვევით ჩანს, რომ მინდია გოგოჭური მეგობრის იარაღს იღებს და საპასუხო ცეცხლს ხსნის", — აღნიშნა ჟურნალისტმა საუბრისას და მაყურებელს სტრადადან ამოღებული კადრები შესთავაზა.

ტელეკომპანია აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, სიძის თავისუფლებაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ევაჭრებოდა.

"წყაროს ცნობით, ისინი ითხოვდნენ, რომ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი და ქართული ოცნება არ გაეკრიტიკებინა, სანაცვლოდ კი სისხლიან გარჩევების საქმეებს, სადაც მინდია გოგოჭური ფიგურირებდა, მსვლელობას არ მისცემდნენ", — აცხადებს რუსთავი 2.

მათივე ინფორმაციით, გოგოჭური მას შემდეგ დააკავეს, რაც ამ საკითხზე მუშაობა დაიწყეს. სწორედ რუსთავი 2 იყო ერთადერთი არხი, რომელმაც დაკავების შემდეგ მისი კადრები აჩვენა.

On.ge ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ელოდება.