საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე Zik წაიყვანს გადაცემას სახელწოდებით: ჯოკრები — გზა პრეზიდენტობისკენ. გადაცემა ეთერში 7 დეკემბრიდან ყოველ პარასკევს უკრაინის დროით 18:30-ზე გავა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაცემა პოლიტიკურია და უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

"ჩვენ პროექტის გაგრძელებას ჟურნალისტ სევგილ მუსაევასთან ერთად ვგეგმავდით, თუმცა მან დატოვა უკრაინა და აშშ-ში გადავიდა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო ფსკერიდან ამოიყვანა. მას კარგად იცნობენ უკრაინულ პოლიტიკაშიც. ის არ არის ჩვეულებრივი, ის არ საუბრობს სტანდარტული ჟურნალისტური ტექსტებით. აუდიტორიის რეაქცია ჩვენთვი გუნდისთვის ძალიან საინტერესოა", — განაცხადა არხის ხელმძღვანელმა, ოლგა მოვჩანმა.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო ფილმის შემდეგ, გაიმართება დებარტები უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. დებატებს შეაფასებენ ფსიქოლოგები, დასავლელი ექსპერტები და სოციალური გამოკითხვის ანალიტიკოსები.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ტელეარხზე წამყვანის რანგში ჩნდება. სწორედ Zik-ზე მიჰყავდა 2017 წელს სააკაშვილს ყოველკვირეული ტოქ-შოუ სხვა უკრაინა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოდან წასვლის შემდეგ პოლიტიკური კარიერა უკრაინაში დაიწყო. 2015 წლის 13 თებერვლიდან უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2015-2016 წლებში კი იყო ოდესის ოლქის გუბერნატორი. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდა და დააარსა ოპოზიციური პარტია, ახალი ძალების მოძრაობა. გრძელვადიანი აქციებისა და პროტესტის შემდეგგ, 2018 წელს სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.