ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ არჩევნების ყველა წესი და ტრადიცია დაარღვია, რაც საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები არც პრეზიდენტ შევარდნაძის დროს მომხდარა.

"კრიმინალთან ასეთი მასშტაბით ხელშეკრულება და ვალდებულებების აღება პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციას თავის თავზე არ აუღია. ეს იყო აბსოლუტური კოშმარი", — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ კვირის აქცენტებთან ინტერვიუში.

ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს მიაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა. მისი მტკიცებით, არჩევნებზე კოორდინატორებად მობილიზებული იყვნენ ე.წ ძველი ბიჭები და კრიმინალური ავტორიტეტები. ოპოზიციაში საუბრობენ ყალბი ID ბარათების ბეჭდვასა და მიცვალებული ადამიანების პირადობების გამოყენებაზეც.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. გუშინ, 2 დეკემბერს ოპოზიციამ აქცია გამართა, სადაც განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი პრეზიდენტი არ არის. ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოთხოვნები წარუდგინა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება, საოლქო კომისიების გაუქმება და საჯარო მოხელეების საარჩევნო პროცესში ჩართულობის აკრძალვა. ოპოზიციამ ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე მისცა დრო.

ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, კრიზისის დასაძლევად, შექმნან სამუშაო ჯგუფი. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციაც იმავე რაოდენობის დელეგაციას შექმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, აქციის გამართვას გეგმავს.