ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა
ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. ზუსტად 15 წლის წინ, 22 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შეიჭრნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, ხოლო რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
რევოლუციას წინ უძღოდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების კავშირის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. ეს შეფასება დაადასტურა განსხვავებებმა არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეგზიტპოლებს, აგრეთვე, ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის.
არჩევნები
არჩევნები 2003 წლის 2 ნოემბერს გაიმართა. იმავე ღამით, გრიბოედოვის თეატრის დარბაზში ნაციონალურმა მოძრაობამ გამარჯვება აღნიშნა. ისინი ეყრდნობოდნენ ეგზიტპოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე იყო ნაციონალური მოძრაობა ხმათა 20,8 პროცენტით, მეორე და მესამე ადგილებზე ახალი საქართველოსთვის (12,9%) და საქართველოს ლეიბორისტული პარტია (12,8%).
ცესკომ მხოლოდ ღამის სამ საათზე გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლითაც ლიდერობდნენ სახელისუფლებო ბლოკი და ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა. 3 ნოემბერს ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) ხმათა პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ISFED-ის შედეგებით 7-პროცენტიანი ბარიერი 5-მა სუბიექტმა გადალახა. იმ დროისთვის ცესკოს ხმათა მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და ნაციონალური მოძრაობა (23%) ლიდერობდნენ.
იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც წინასწარი შეფასებით, არჩევნებს სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს. ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში ნაციონალების გამარჯვება აღიარა. ამ უკანასკნელმა კი საუბარი დაიწყო შესაძლო სახალხო გამოსვლებზე.
საპროტესტო გამოსვლები
პირველი დემონსტრაცია 4 ნოემბერს ჩატარდა. თავიდან ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა აჭარის საარჩევნო ოლქებში შედეგების გაუქმება იყო. იმავე დღიდან ქალაქში გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იყვნენ კონცენტრირებულნი. ედუარდ შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.
5 ნოემბერს ნაციონალებმა და დემოკრატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "წინააღმდეგობის ერთიან ფრონტს" უწოდებდნენ, დემონსტრაცია გამართეს. ჩამოყალიბდა მთავარი მოთხოვნა: მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმის, ქობულეთისა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმება.
სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა მომხდარმა ინციდენტმა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ზუგდიდში ატარებდნენ მიტინგს, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობაში პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაადანაშაულა.
8 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა თავისუფლების მოედანზე თბილისში, სადაც 20 ათასამდე მომიტინგე შეიკრიბა. აქციაზე პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.
9 ნოემბერს დილით, მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძე მივიდა აქციაზე ხალხთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. იმავე საღამოს კრწანისის რეზიდენციაში გაიმართა მოლაპარაკებები შევარდნაძესა და საპროტესტო აქციების ლიდერებს: ზურაბ ჟვანიას, მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ის პირველმა სააკაშვილმა დატოვა და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი აქციებისკენ მოუწოდა.
ამ დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან აქციამ მუდმივი სახე მიიღო, საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა რეგიონებშიც. ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ ოპოზიციას.
13 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლას. აქციების ერთადერთი და უპირობო მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა გახდა. ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
14 ნოემბერს მომიტინგეებმა შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი სახელმწიფო კანცელარიის ირგვლივ. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ. 20 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო პარტია ლიდერობდა.
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს შედეგები არ ასახავდნენ ქართველი ხალხის ნებას. მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა. 21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს.
პარლამენტის შენობის დაკავება
22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მომიტინგეები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ.
შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. მასთან ერთად დარბაზი დატოვეს დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეჭრა პარლამენტში
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები. ედუარდ შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ედუარ შევარდნაძის გადადგომა
23 ნოემბერს, 20 საათზე გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.
პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა. 24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.
კომენტარები