როგორ გავხდი ვეგანი ერთი კვირით
ფოტო: Study Breaks Magazine
ხორცი მთელი ცხოვრება მიყვარდა. 90-იანებში მისი დეფიციტურობის გამო, ხორციანი კერძი დიდ სიხარულთან და მშობლების კარგ ხასიათთან ასოცირდებოდა. მასზე უარის თქმა წარმოუდგენელიც იყო.
90-იანებიდან ხორცის შემცვლელი სოიოც მახსოვს: პატარა ბურთულები, რომლებსაც დედა ჰუმანიტარულ დახმარებაში მიღებულ მაკარონს ურევდა და "პაფლოცკის" აკეთებდა. როცა სოიო გვქონდა ხოლმე, ასე ვერთობოდით: სტუმართან ისე გაგვქონდა, არ ვეუბნებოდით შემცველობას და ვაკვირდებოდით რეაქციებს, შემდეგ გამოვკითხავდით, მიხვდა თუ არა, რომ ამ "პაფლოცკიში" ხორცი საერთოდ არ იყო. უმეტესწილად ვერ ხვდებოდნენ და ჩვენც სიხარულის ყიჟინას შემოვკრავდით ხოლმე.
ვეგანური ბოლონეზე
ფოტო: Tesco
ცოტა რომ წამოვიზარდე, ხორცის სიყვარული ქალობის სტერეოტიპის წინააღმდეგ სვლად იქცა. "მე რაღაც სალაწიკები კი არ მიყვარს, არამედ ხორციანი, კაცური საჭმელი!". ეს სტერეოტიპი საიდან მოვიდა, ზუსტად ვერც ვხვდები: ჩემ ირგვლივ ხორცის თუ სალათის სიყვარული გენდერს არ არჩევს. თუმცა გარკვეული დრო მაინც დამჭირდა, რომ გავთავისუფლებულიყავი: ჩემი ხორცისადმი დამოკიდებულება ჩემს არც ქალობას ცვლიდა და არც მამაკაცების კლუბში უფრო მიღებულად ვგრძნობდი თავს. უფრო სწორად, მამაკაცების კლუბში გაწევრიანების ყველა მცდელობა შევწყვიტე და გადავწყვიტე, რომ არაფრის დიდებით არ ღირს ამ კლუბის წევრობის გამო სხვა ქალების ლანძღვა და დღეში სამჯერ ხორციანი კერძებით კვება.
ნუტრიციით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ. ბევრი წლის კვლევის და კითხვის შედეგად, ორ მეტნაკლებად უდავო აზრამდე მივედი:
1. შიმშილობა ცუდი არ არის, პირიქით;
2. ვეგანობა, გარდა ეთიკური კუთხისა, ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხორცისმჭამელობა ან ვეგეტარიანელობა.
მეტ დეტალებს ვეგანიზმის შესახებ ამ პოსტში აღარ ჩავუღრმავდები. ადამიანები, გაურკვეველი მიზეზის გამო, ბევრად უფრო ემოციურად აღიქვამენ სიტყვა "ვეგანს", ვიდრე "ფაშისტს" ან "ჰომოფობს" ან "რუსეთუმეს". პირდაპირ გეტყვით: გადავწყვიტე, რომ ერთი კვირით ვეგანი გავხდე და ჩემი ყოველი დღე გაგიზიაროთ.
ეს ჩემი პატარა, საიდუმლო პროექტია: არავის ვეუბნები, რომ ან ვახორციელებ, ან ამის შესახებ ვწერ. საერთოდ, უკუკავშირზე ასეთი უცნაური დამოკიდებულება მაქვს: დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში, "რა კარგად მოგიფიქრებია", "ძალიან საინტერესო იქნება" - ეგრევე მეზარება წერა, რადგან შექება უკვე მივიღე, და უარყოფითი გამოხმაურების შემთხვევაში - "მოგცლია რაა", "მაგას ვინ წაიკითხავს?!", "და მერე?"- მოტივაცია მეკარგება.
გარდა მოტივაციის კონტროლისა, მაინტერესებს, თუ შეამჩნევს ვინმე, რომ ჩემი კვება შეიცვალა. მგონია, რომ არა: არავის ადარდებს მაგდენად, რა გვიდევს თეფშზე და მით უმეტეს, ჩვენი კვების აღრიცხვას არ აწარმოებს ასე გულდასმით არავინ, რომ პატერნების ცვლილებას მიხვდეს.
შენიშვნა: ექსპერიმენტი მხოლოდ კვებას ეხება. ჩემი ტანსაცმელი და მაკიაჟი არ არის ვეგანური. სახლში სადილს მე ვაკეთებ, ამიტომ ოჯახისთვის ხორციანი კერძების გაკეთება ამ კვირის მანძილზე მაინც მომიწევს.
დღე 1 - ორშაბათი
პირველი დღის მთავარი მოვლენა ქართული სამზარეულოს ვეგანური ნაწილი - ლობიო და მჭადი იყო
ფოტო: Shutterstock
7:40-ზე გავიღვიძე, ბავშვი სკოლაში გავუშვი და მე სატრენაჟორო დარბაზში წავედი. ვცდილობ, კვირაში 2-3-ჯერ მაინც ვივარჯიშო.
შიმშილობა ცუდი რომ არ არის, ეს ხომ პირველი ნაპოვნი ჭეშმარიტებაა, ამიტომ ამის დანერგვას ცხოვრებაში "პერიოდული შიმშილით" ვაკეთებ. პირობითად, ამ სისტემას 16:8-საც ეძახიან, ანუ 16 საათის მანძილზე შიმშილი - 8 საათის მანძილზე კვება. როგორც წესი, საუზმეს ვტოვებ, გვიანი ლანჩი მაქვს სამსახურში 2-სთვის და შემდეგ უკვე სახლში რომ მოვდივარ, სადღაც 10-მდე ვვახშმობ, ღვინოს ვსვამ, ვსუსნაობ.
სამსახურში კარგი ბუფეტი გვაქვს: ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის რამე სათავისოს. ამასწინათ ერთი გოგო შემოვიდა და პირდაპირ ასე უთხრა: "მომეცით რამე, რასაც არ აქვს კვერცხი, მაიონეზი, ნიგოზი და ხორცი". მისცეს.
ამ ერთი კვირის მანძილზე ლანჩები ყველაზე ნაკლებად მაშინებს. ბოლო პერიოდში ისედაც ვცდილობდი, რომ გარეთ ხორცი აღარ მეჭამა და ბუფეტშიც ყველა ბოსტნეულის კერძი გასინჯული მაქვს და მიყვარს: მწვანე ლობიო, ჩვეულებრივი ლობიო, აჯაფსანდალი, ფხალი, ბადრიჯანი, სალათები.
ლანჩზე უგემრიელესი ლეჩო, ერთი გუნდა ამოზელილი ლობიო და ჭადი მქონდა. ფეიხოას კომპოტი დავაყოლე.
სახლში რომ მოვედი, ბავშვი გემრიელად ილუკმებოდა ვიქენდზე გაკეთებული ხის სოკოს ჩაქაფულით. ძალიან მომინდა, მაგრამ კარგად მახსოვს, რამდენი კარაქი ჩავაგდე ამ უხორცო კერძში. მაცივარშიც არაფერი იყო მზა. საბედნიეროდ, კარადაში ვილიამის ბებიის მოყვანილი ყაბაყი მეგულებოდა. შევწვი, აჯიკა მოვუდე და უგემრიელესად ვივახშმე.
დესერტად ბანანი მქონდა, მიწისთხილის კარაქით და ქოქოსის ფანტელებით. წასუსნავებაც მინდოდა ყაყაჩოს თესლიანი კრეკერებით, რომელიც მაგრად შემიყვარდა ამ ბოლო დროს, მაგრამ საბედნიეროდ, დავხედე ინგრედიენტებს და ლაქტოზას / რძის შრატის ფხვნილს თუ რაღაც მსგავსს შეიცავს. აი, რა შუაში იყო კრეკერებში?! გამიკვირდა. შემდეგ ხბოს წვნიანი გავაკეთე, რომ ხვალ და ზეგ ცხელი სადილი ჰქონდეს ოჯახს. ჩემთვისაც უნდა მოვიფიქრო რამე და გამოვიყოლო სახლში ხვალ, სამსახურიდან რომ გამოვალ.
11:59 - უკვე ძილის დროა. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.
დღე 2 - სამშაბათი
სტრადას ვეგანური პიცა
ფოტო: Strada
დღეს საქმიანი შეხვედრა ლანჩს დავუმიზნე სტრადაში. აქ ძალიან ცოტა ვეგანური კერძი აქვთ, მაგრამ რაც აქვთ, ძალიან მომწონს. ჩემს ვეგან მეგობართან ერთად როდესაც ვარ ხოლმე გარეთ, ვცდილობ, მთლად ვეგანური თუ არა, ვეგეტარიანული კერძი მაინც შევუკვეთო. ამ გზით აღმოვაჩინე სტრადას ვეგანური პიცა, რომელიც, გულით მჯერა, რომ არავეგანურზე უფრო გემრიელია. საერთოდ, დავაკვირდი: კარგი რესტორნის მზარეულები, რომლებსაც თავმოყვარეობაც აქვთ და საკმარისი ცოდნაც, ვეგანურ კერძებს განსაკუთრებული სიფრთხილით და მონდომებით აზავებენ, გეგმავენ და ხვეწენ. იციან, რომ გემოს იმედად ხორცს, კარაქს და ყველს ვერ დაეყრდნობიან და სხვანაირად ცდილობენ პროდუქტის გემოების გაშლას.
შეხვედრაზე უამრავი ჭიქა ყავა დავლიე, პიცას ბოლომდე ვერ მოვერიე, დანარჩენის შეფუთვა ვთხოვე და მოგვიანებით, როდესაც ისევ მომშივდა, უკვე სამსახურში, გემრიელადაც წავიხემსე.
სახლში ტკბილის ხასიათზე დავდექი. პური გავხუხე, მიწისთხილის კარაქი გადავუსვი, ბანანები მოვაჭერი ზედ და ჩაისთან ერთად ტკბილად ვივახშმე. დაძინებამდე კიდევ რამდენჯერმე დავლიე მასალა ჩაი, რომელიც ერთმა კარგმა გოგომ მაჩუქა. თურმე ნუშის რძე ბევრად უფრო უხდება, ვიდრე ჩვეულებრივი!
დღე 3 - ოთხშაბათი
გარგრის ჩირი შოკოლადში
ფოტო: ქარელის ხილი
დილით ვარჯიში მინდოდა, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავს, ჯერ კიდევ ღრუბლიან სიბნელეში, წვიმაში და სიცივეში გარეთ გავსულიყავი. სამსახურშიც მოგვიანებით მივედი, დღის გეგმებს და პირველად დავალებებს მივხედე და ლანჩის დროც დადგა.
სოკო, ლობიოს ბურთი და მწვანე პამიდვრის უგემრიელესი სალათა ავიღე. სამივე ისეთი სავსე გემოები იყო, კმაყოფილი და ბედნიერი ვჭამდი და იმას ვფიქრობდი, როგორ შეიძლება სერიოზულად ჰკითხო ვეგანს, "აბა რას ჭამ?" ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულის და თხილეულის ხომ ათასჯერ უფრო მეტი სახეობა არსებობს, ვიდრე ხორცის ან რძის პროდუქტების.
სახლში კარტოფილი გამოვიცხე მიკროტალღურში, ზეითუნის ზეთი მოვასხი, მარილი მოვაყარე და აჯიკაც წავუსვი.
დესერტად ჩიკორის გარგრის შოკოლადიანი ჩირი მქონდა. ეს ქართული ბრენდი მომწონს და მინდა, რომ მხარი დავუჭირო, თან ხარისხიც არ აქვთ ურიგო.
ამ სამი დღის მანძილზე ეჭვადაც არ აუღია არავის, რომ ვეგანურად ვიკვებები! ისევ და ისევ, განმიმტკიცდა მოსაზრება, რომ არავის ადარდებს სხვისი თეფში ასე ძალიან.
დღე 4 - ხუთშაბათი
ფალაფელი პიტაში
ფოტო: LeFelle
ხუთშაბათის მთავარი ღირსშესანიშნავი კულინარიული მოვლენა - LeFelle იყო.
ეს პატარა, საყვარელი ადგილია ჭავჭავაძეზე, სადაც საკმაოდ იაფად ჰყიდიან ფალაფელს, ჰუმუსს, პიტას. ანინასგან ამ ადგილის შესახებ ბევრი მსმენია და ამ კვირის ფარგლებში აუცილებლად მქონდა მისი გასინჯვა გადაწყვეტილი.
სახლში საკმაოდ გვიან მოვედი და ვეცადე გამერკვია, რომელ საათამდე მუშაობენ, რომ შეკვეთა გამეკეთებინა. ფეისბუქზე მივწერე და მალევე გამომეხმაურა ბენი - დახურვამდე 30 წუთი რჩებოდა და შეკვეთის გაკეთებასაც მოვასწრებდი. ბენი თბილად და მზრუნველად მესაუბრა და იმის გამო, რომ შეკვეთაში არ დავაკონკრეტე, რომელი ფალაფელი მინდოდა, შემომთავაზა, ორივეს მიქსს გაგიკეთებ ცალკეო. ფალაფელის პიტა და ჰუმუსიც შევუკვეთე და ვერ მოვითმინე, ბენი აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელსაც მოვუყევი, რომ მათ შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე და ლეფელე ჩემი კვირის დღიურშიც მოხვდებოდა. ძალიან საყვარელი ამბავიაო, და აქეთ რომ მოხვდები, აუცილებლად მიკითხე, რაიმეს გავაკეთებ სპეციალურად შენთვისო.
სადღაც 40 წუთში უკვე პირში მედო ფალაფელის პიტა და სიამოვნებისგან ვგმინავდი. ცოტა ხანში ჩემი კარნივორი შეყვარებულიც მოვიდა სახლში და დარჩენილი ფალაფელით გავუმასპინძლდი. ისიც გაოცებული იყო იმით, რომ რაღაცას, რასაც ხორცი და ყველი არ აქვს, ასე გემრიელად შეიძლება ჭამდეს. მე გადავწყვიტე, რომ ფალაფელი ოჯახის მენიუში დასანერგი ამბავია.
ეს ფალაფელის პიტა, რომელიც სულ 6.5 ლარი ღირს, მართლა ყველამ უნდა გასინჯოს.
დღე 5 - პარასკევი
ტოფუს შაურმა
ფოტო: Kiwi
დღეს ლანჩზე იმ მეგობართან ვიყავი, რომელსაც მთელ ამ ექსპერიმენტს ვუმალავ. აბაშიძეზე, კანაპეში ვეგანური პიცა, მოთუშული ბოსტნეული და სალათი შევუკვეთეთ. ნამდვილად ვერაფერში დაეჭვდებოდა, მასთან ერთად როდესაც ვარ, ისედაც სულ ვცდილობ, რომ მეც მისნაირად ვიკვებო.
ლე ფელე მიხსენა - გთხოვ, გასინჯეო, არავეგანებსაც ძალიან მოსწონთო. მე სახეზე საკმაო ინდიფერენტულობა გამოვისახე, მოვიცლი-მეთქი ოდესმე ალბათ. არადა ისე მინდოდა, ეგრევე მიმეხალა მისთვის, როგორი აღფრთოვანებული ვარ იმ ფალაფელით და დეტალურად გამერჩია ყველა გემო.
პარასკევი საღამოს გატარება სახლში, ბავშვთან ერთად გადავწყვიტე. ვილიამი დიდი ხანია მთხოვს, რომ შაურმა გავასინჯო. ბოლოს და ბოლოს, დავნებდი და გამოვიძახეთ ერთი შაურმა რაღაც საშაურმედან, და ეგრევე განვათავსე მეორე შეკვეთაც: ვეგანური კაფე Kiwi-დან ტოფუს შაურმა, სუნელებიანი შემწვარი კარტოფილი და ბადრიჯნიანი სენდვიჩი.
ორივე შეკვეთა თითქმის ერთდროულად მოვიდა. თან საყვარელ მულტფილმებს ვუყურებდით და თან პარასკევი საღამოს ქეიფი მოვაწყეთ. ვილიამს მაინც ხორციანი შაურმა უფრო მოეწონა, ვიდრე ტოფუსი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გასინჯა.
ტოფუსადმი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ჩემით რამდენჯერაც ვცადე, არასოდეს გემრიელი არ გამომივიდა. თუმცა ამ შაურმაში ბოსტნეულთან და სოუსთან ერთად საკმაოდ გემრიელი იყო. ცალკე რომ ამოვაძრე გასასინჯად, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ შაურმიდან ცალკე ამოძრობილი ნებისმიერი ინგრედიენტი ისედაც დასაწუნია ხოლმე.
ბადრიჯნის სენდვიჩიც მეგემრიელა. ორივე ნახევარ-ნახევარი შევჭამე და შაბათის საუზმისთვის შემოვინახე.
დღე 6 - შაბათი
მუხუდო პომიდვრის სოუსით
ფოტო: David Malosh
საუზმეზე წინა დღის ნარჩენები ავითვისეთ და დღის მენიუ დავგეგმე: ოჯახისთვის ჩახოხბილი, ჩემთვის კი ამის პარალელურად იოლად და თითქმის იგივე ინგრედიენტებით გაკეთებადი მუხუდოს ქარი.
ერთ დიდ და მეორე მომცრო ქვაბში მოვშუშე ხახვი, მერე ერთგან ქათმის ხორცი, მეორეგან კი კონსერვის მუხუდო ჩავყარე. ცოტა ხანში ორივეს დავუმატე დაჭრილი პომიდვრის კონსერვი, ტომატი, მარილი, ცოტა შაქარი. ბოლოს ქათმის ხორციან ქვაბში ათქვეფილი კვერცხი ჩავუშვი, მუხუდოიან ქვაბში - გარამ მასალა. ქინძი და ნიორი არც ერთგან დამიშურებია.
დღის მანძილზე, ხილით, ბანანით და მიწისთხილის კარაქითაც ვისუსნავე. შაბათ დღეს სახლში რომ უნდა ვყოფილიყავი, მეგონა უფრო გამიჭირდებოდა, თან სტუმრებიც მყავდა, უამრავი გემრიელი ნამცხვრით მოვიდნენ. ჩემდა გასაკვირად, არც გასინჯვა მომინდა და არც გული დამწყდა რაიმეზე.
ეს ყველაფერი იმდენად იოლად გამომდის, რომ ამის გამო წასაკითხადაც საკმაოდ მომაბეზრებელი პოსტი გამოვა: ტანჯვა თუ არ მოჰყვება, რანაირი ექსპერიმენტია?
დღე 7 - კვირის შეჯამება
ფოტო: Denny's Diner
კულინარიულად ახალი და საინტერესო დღეს არაფერი მომხდარა: ჯერ კიდევ მქონდა გუშინდელი გაკეთებული მუხუდოს ქარი, რომელსაც ამჯერად გარნირიც გავუკეთე და ბრინჯი მოვუდე გვერდით. ამ კერძს ვეგანური ექსპერიმენტების გარეშეც საკმაოდ ხშირად ვაკეთებ. შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით გემრიელია ასეთი, სუნელებით გაჯერებული ნოყიერი კერძები.
მართლა არ მეგონა, ასე იოლად თუ ჩავამთავრებდი ამ კვირას. ხორცი სულ ერთხელ მომინდა: როდესაც გულისწასვლამდე მშიოდა და ორასი ხინკალი მოიტანეს ოფისში. ასეთი სისუსტის მომენტები ალბათ ყველას აქვს შიმშილის დროს, ყველაზე მკაცრ ვეგანებსაც კი.
დასრულდა ჩემი ვეგანური კვირა!
- ვეგანობა იმაზე იოლი ყოფილა, ვიდრე მეგონა;
- ყველა თავმოყვარე რესტორანში მოიძებნება გემრიელი ვეგანური კერძი;
- თუ დედიკო არ აკეთებს შენთვის საჭმელს, და, შესაბამისად, საკუთარ კვებაზე კონტროლი შენს ხელშია, არავის ადარდებს, რას მიირთმევ;
- თბილისში უკვე არის რამდენიმე ვეგანური საკვები დაწესებულება, სადაც მისვლაც შეიძლება და იქიდან შეკვეთაც ისე, რომ არც სახლში დავრჩე მშიერი და არც სხვები როცა გამოიძახებენ მსუნაგობებს, მე მოვიკლო რამე;
- მეტაბოლიზმი ცოტა შოკირებულია. სასიამოვნოდ;
- სახის კანი - ასევე შოკშია, რაღაცნაირად შიგნიდან ბზინავს;
- მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა არც მიზანი და არც კვებისას მიფიქრია ამ საკითხზე, ამ ერთი კვირის მანძილზე მაინც დავიკელი ორი კილოგრამი. ვერ ვხვდები, როგორ, მართლა არ დამიტორმუზებია არც ნახშირწყლებზე, არც კალორიებზე მიფიქრია.
- რადგან ჩემი ოჯახის მენიუ ჩემს ხელშია, უფრო ხშირად უნდა გავაკეთო ვეგანური კერძები. კვირაში ერთი ვეგანური სადილის გაკეთებაც კი, რომელიც ორ დღეს გვეყოფა, წლის მანძილზე დაახლოებით 52 კილო ხორცს დაზოგავს. შეიძლება ერთი შეხედვით დიდი არც არაფერი იყოს, მაგრამ ეს დაახლოებით ერთი ბატკანის წონაა;
- როცა მექნება არჩევანი, აუცილებლად ავირჩევ ვეგანურ კერძებს. დესერტებს კი ისედაც უნდა მოვუკლო და მაქსიმალურად ჩავანაცვლო ბუნების დესერტით - ხილით.
და მერე?
ჩავამთავრე ეს კვირა და ვფიქრობ, როგორ გავაგრძელებ ამ გამოცდილებას. ჯერჯერობით ალბათ დეკლარირებულად არ გავხდები ვეგანი, იმიტომ, რომ ცოტა მეშინია საკუთარი თავის, რომელიც არ ვიცი, როგორ იქცევა, როცა მოულოდნელად ამდენ რამეზე გრძელვადიან შეზღუდვას უწესებენ, მაგრამ მჯერა, რომ პლანეტისთვისაც და პირადად ჩემი ჯანმრთელობისთვისაც ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა, ამნიტომ ადრე თუ გვიან, სწორედ ამაყი ვეგანი გავხდები. იქამდე კი ჯერ მაქვს შეცდომებით და ექსპერიმენტებით სავსე გზა.
თუ ვინმე გადაწყვეტთ ერთკვირიან ვეგანურ ექსპერიმენტს, აუცილებლად შემეხმიანეთ ინსტაგრამზე: @dodiekharkheli. დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, რაც შეიძლება პროცესში გაგიჩნდეთ!
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
-
"პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება" "პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება"
გადახედვა
-
შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე
გადახედვა
-
POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს
გადახედვა
-
რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა
-
შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?" შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?"
გადახედვა
-
ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა

კომენტარები