თბილისის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო სექციების გამარჯვებული ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსსა და ქართულ პანორამაში გამოვლინდება.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინომოყვარულები ფილმებს რამდენიმე სექციაში იხილავენ. მათ შორისაა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, ქართული პანორამა, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში და ევროპული ფორუმი.

ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი. საკონკურსო ფილმებს ხუთი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის ოფიციალურ პრიზებს გადასცემს.

წარმოგიდგენთ წლევანდელი კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ათ ფილმს.

1. ბიჭები ტირიან, იტალია

ფილმის ავტორები ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორები, დამიანო და ფაბიო დ’ინოჩენციოები არიან. სენარისტებსა და რეჟისორებს ოფიციალური კინოსარეჟისორო განათლება არ აქვთ, თუმცა, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრთან ბავშვობიდან აქვთ შეხება. მირკო და მანოლო საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი რომის გარეუბანში ცხოვრობენ. ორივე ღარიბია და მარტოხელა მშობლები ჰყავთ. სკოლის ასაკიდან მუშაობენ და დროებით სამუშაოზე ძლივს ახერხებენ, რომ თავი შეინახონ. ისინი ერთად ოცნებობენ ქალებზე, სექსზე და ფულზე, უკეთეს მომავალზე. მას შემდეგ, რაც ერთ ღამეს, მოულოდნელად კაცი შემოაკვდებათ, მათ ადგილობრივი მაფია ჩაითრევს და მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ცოტა ხანში, თავიანთი ახალი უფროსებისთვის ბინძურ საქმეს აკეთებენ და ხელები სისხლში აქვთ გასვრილი. მაგრამ იოლი ფულის და ბევრი ფულის შოვნის ილუზიით გაბრუებულები ვეღარ აცნობიერებენ თავიანთი არჩევანის შედეგებს.

2. სასიცოცხლო სუნთქვა, საფრანგეთი

ფილმის ავტორი, დევიდ რუ 15 წლის განმავლობაში თეატრის ჟურნალისტად, რეჟისორის ასისტენტად და Initiative Films-ის ლიტერატურულ მენეჯერად მუშაობდა. მოგვიანებით მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის სცენარების წერა დაიწყო. ცხოვრების სუნთქვა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. სიმონი გამოცდილი ექიმია, რომელიც ყოველდღე უყურებს სიკვდილს, როგორც მისი საქმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობს. როგორც კარგ პროფესიონალს შეეფერება, ის სიკვდილის მიმართ რეზისტენტულია. მაგრამ როდესაც საავადმყოფოს უახლოეს განყოფილებაში დედამისს მოათავსებენ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთს ეჯახება. სიმონის მთელი სამყარო, მისი მრწამსი ძირფესვიანად ირყევა — იმდენადაც კი, რომ საკუთარი კარიერის გადაფასებას იწყებს.

3. სოფლის ხმაური, გერმანია

ლიზა მილერი მადრიდისა და ლონდონში ვიზუალურ ხელოვნებასა და ფოტოხელოვნებას შეისავლიდა. მოგვიანებით კი თავისუფლად კინორეჟისორად მუშაობდა. 2009 წელს მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, მარი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა მადრიდის კომუნიკაციების, იმიჯებისა და ხმის უმაღლესი სოლის კინოფესტივალზე. ფილმის, სოფლის ხმაური, მთავარი გმირი, ბერლინში ცხოვრებით და თვითრეალიზაციის მოლოდინით დაღლილი ტონი, სასწრაფოდ ბრუნდება თავის ძველ სახლში. თუმცა, ბუბენჰაუზენის სივიწროვეში დაბრუნებული, მშობლიურ სოფელთან ყოველგვარი კავშირის აღდგენის მცდელობა უშედეგოა. საბედნიეროდ, ის ხვდება მხიარულების მოყვარულ როზას. ორ ქალს შორის მგზნებარე ურთიერთობა წარმოიშობა და ყველაფერს თანდათან აზრი მიეცემა. მაგრამ ტონის ძველი დემონები ბრუნდებიან და მისი რომანტიკული ურთიერთობა ნელ-ნელა ინგრევა.

4. ბროლის გედი, ბელარუსი, აშშ, გერმანია, რუსეთი

რეჟისორი დარია ჟუკი მინსკელია. ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრბოს. დაამთავრდა ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტი, მუშაობდა HBO-ზე და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია. ბროლის გედი ახალგაზრდა ეველინას ხარისხი აქვს მიღებული სამართალში, მაგრამ ის აშშ-ში მოგზაურობაზე და იქ პროფესიონალ დიჯეობაზე ოცნებობს. თუმცა 1997 წელია და გოგონა პოსტ-საბჭოთა მინსკში ცხოვრობს. ბელარუსი რეჟისორის, დარია ჟუკის ამ გაბედულ დებიუტში 1990-იანი წლების ჰაუსის რიტმები იგრძნობა.

5. გოგონა, ბელგია, ნიდერლანდები

გოგონა ბელგიელი რეჟისორის, ლუკას დონტის პირვერლი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. სურათს კანის კინოფესტივალზე ოქროს კამერის ჯილდო აქვს მიღებული. ნამუშევარი 15 წლის ლარაზე მოგვითხრობს. ის ბალერინობაზე ოცნებობს. მაგრამ სანამ თავის ოცნებას განახორციელებს, დაბადებით მამრობითი სქესის ლარამ, ჯერ საკუთარი სხეულის ფლობა უნდა ისწავლოს.

6. ირინა, ბულგარეთი

ფილმის მთავარი გმირი, ირინა ნახევარ განაკვეთზე მიმტანად მუშაობს, მაგრამ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ. იმავე უიღბლო დღეს, მისი ქმარი სერიოზულ ავარიაში მოხვდება, რის გამოც მუშაობას ვეღარ აგრძელებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმარზე, შვილზე და საკუთარ თავზე ზრუნვის მიზნით, ქალი ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებას იღებს: სუროგატი დედა ხდება. ეს არჩევანი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება.

7. გუშინ, უნგრეთი

ფილმის რეჟისორი, ბალინტ კანიერეშია. ფილმის მთავარი გმირია 50 წლის ვიქტორ განცი, რომელიც ფლობს წარმატებულ ბიზნესს, მსოფლიო მასშტაბით მოქმედ სამშენებლო ობიექტს. ჩრდილოეთ აფრიკის სამშენებლო ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემა წარმოიქმნება, რის გამოც ის უნდა გაემგზავროს ქვეყანაში (არადა, მას არ უყვარს მოგზაურობა), რომელიც ახალგაზრდობის მოგონებებს აღუძრავს; მოგონებებს, რომელიც გონების სიღრმეში უკვე დაემარხა. შეხვედრები სამინისტროებში, დეზინფორმაცია, ძველი შეყვარებულის გამოჩენა, რომელიც უცნაურად გაუჩინარდა, ადგილობრივ არაფორმალურ სივრცეში მისი ძიება: ვიქტორ განცი თანდათანობით ლაბირინთში ეშვება, სადაც აწმყო და წარსული ერთმანეთს კვეთს.

8. მეზობლები, საქართველო, მაკედონია

სურათი გიგიშა აბაშიძის სადებიუტო ნამუშევარია. ფილმში მოქმედება ხდება ძველი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში. ფილმის დასაწყისში ვხედავთ ერთ გუნდად შეკრულ მეზობლებს. მართალია, ისინი ფულის ნაკლებობას განიცდიან და სიდუხჭირეს უმკლავდებიან, მაგრამ მაინც ერთი მეგობრული ოჯახივით ცხოვრობენ. ვითარება იცვლება, როდესაც ინვესტორი მოდის და მათ დიდ თანხას თავაზობს მათ ნახევრად დანგრეული, ძველისძველი სახლების სანაცვლოდ. მხოლოდ ერთი მესაკუთრე, გია, ეწინააღმდეგება შემოთავაზებას, ვინაიდან მან დიდი ძალისხმევა გაწია სახლის საკუთარი ნაწილის რემონტში.

9. მშვიდი ღამე, პოლონეთი

ფილმის მთავარი გმირი, ადამი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, პოლონეთის პროვინციაში თავის ოჯახს საშობაოდ ეწვევა. თავდაპირველად, ვიზიტის მიზეზს არ ამხელს, მაგრამ თანდათან ოჯახის წევრებს უმხელს თავის გეგმებს. მამამისს, ძმას, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, დას და სიძეს — ყველას მნიშვნელოვანი როლი აქვს მის გეგმაში. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გამოაცხადებს, რომ შვილს ელოდება. ამ დროს, ძველი პოლონური ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე ალკოჰოლური სასმელი ჩნდება. ოჯახში ვერავინ წარმოიდგენს, თუ რამდენად დიდ გავლენას მოახდენს თითოეულის ცხოვრებაზე შობის შემდგომი მოვლენები.

10. ვულკანი, გერმანია, უკრაინა

ვულკანის მთავარი გმირი, სამხედრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის დამთვალიერებელი ტურის თარჯიმანი ლუკასი უცნაური თანხვედრების სერიების შემდეგ, სამხრეთ უკრაინის სტეპების პატარა შორეულ ქალაქში აღმოჩნდება. წასასვლელის არქონის გამო, ეს დიდი ქალაქის გარემოს შეჩვეული ბიჭი თავშესაფარს ადგილობრივი კოლორიტის, ვოვას, სახლში იპოვნის. ვოვას წყალობით, ლუკასი ანარქისტულ სამყაროში მოხვდება, როგორსაც კი ვერასდროს წარმოიდგენდა. ამ სამყაროში ცხოვრება სრულიად მოწყვეტილია რაიმე ნაცნობ სტრუქტურას. მასპინძლით და მისი შვილით, მარუშკათი, მოხიბლულ ლუკასს თანდათან უქრება პროვინციული ცხოვრების მიმართ სიძულვილი და იმ ბედნიერების ძიებას იწყებს, რომლის არსებობა არც კი იცოდა.

გაიგეთ მეტი: