საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა, რომ ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულზე ფარული მიყურადებისა და კომპიუტერული მონაცემების მოპოვების უფლება ჰქონდეს. ინიციატივის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად სამინისტროს ორი არგუმენტი მოჰყავს. პირველი, კორუფციასთან ბრძოლის სურვილია, ხოლო მეორე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის გამოძიების ხარვეზები. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მუხლი, რომლითაც მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს იძიებდნენ, ნაკლებად მძიმე სამოხელეო დანაშაულია და მასზე ფარული მიყურადებისა და კომპიუტერული მონაცემების მოპოვების უფლება არ ვრცელდება.

მოტივი

სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "მიზანმიმართულად" არ გამოიძია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე და ევროპის სასამართლოში "სათანადო მტკიცებულებებიც" ვერ წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ეს საქმე იმიტომ ვერ გამოიძია, რომ კანონმდებლობით ფარული მიყურადებისა და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება არ ჰქონდა.

უწყება დარწმუნებულია, რომ, თუ კანონმდებლობაში ცვლილება შევა და ფარული მიყურადების უფლება სამოხელეო დანაშაულის ყველა მუხლზე გავრცელდება, ისინი მსგავსს დანაშაულებებს უკეთესად გამოიძიებენ.

რეალურად, ვანო მერაბიშვილის სავარაუდო, ციხიდან გაყვანის მომენტისთვის, საგამოძიებო უწყებებს სატელეფონო ჩანაწერებისა და მობილური კავშირის ანძების მონაცემების მოპოვების უფლება ჰქონდათ, შეზღუდვები კი 9 თვის შემდეგ ამოქმედდა.

"რეალური მოტივი"

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი და ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი, ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ ამ კანონპროექტის შემუშავების მიზანი ყოფილი შს მინისტრის საქმეზე ევროპის სასამართლოს წინაშე თავის მართლებაა.

"სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ზედა ეშელონებში, ვიღაცას მოაფიქრდა, რომ ამ გზით დააჯეროს სტრასბურგის სასამართლო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება არ მქონდაო. ეს არის იაფფასიანი ტყუილი, რომლისაც აღარავის აღარ სჯერა", — უთხრა On.ge-ს ოთარ კახიძემ.

კახიძე განმარტავს, რომ სასამართლო არ აკონტროლებს, თუ რა მუხლით იწყება გამოძიება. პროკურატურას კი შეუძლია გამოძიება იმ მუხლი დაიწყოს, რომლითაც ინფორმაციის მიღების უფრო მეტი ბერკეტი ექნება. მოგვიანებით კი კვალიფიკაცია შეუცალოს. დეპუტატს მიაჩნია, რომ ფარული მიყურადების უფლების შეზღუდვა მსუბუქ დანაშაულზე ეფექტური ფილტრი არ არის და პირიქით, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ისახავს მიზნად. ამის დასადასტურებლად ოთარ კახიძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება მოჰყავს.

"საგამოძიებო უწყების თანამშრომლები საგამოძიებო კომისიის წინაშე ამბობდნენ, რომ კანონი მოგვესმინა და ფარული მიყურადების უფლებას არ აძლევდათ. ანუ 2014 წელს ეს შეზღუდვები იმიტომ შეიტანეს, რომ საჭიროების შემთხვევაში არ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და მერე თავი ემართლებინათ, რომ კანონის მაღალი სტანდარტი ამის საშუალებას არ აძლევდათ", — განაცხადა კახიძემ.

"თავის მართლება"

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ, თუ რომელიმე დანაშაულის სიხშირე პრობლემურია, სახელმწიფოს აქვს უფლება გამოძიების ხელისშემშლელი კანონები შეცვალოს. თუმცა მიაჩნია, რომ ცვლილების მთავარი მიზანი არა კორუფციასთან ბრძოლის მოტივი, არამედ ვანო მერაბიშვილია.

"სჭირდებათ არგუმენტი, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის არგამოძიება არა მათი მხრიდან გულგრილობა, არამედ ბერკეტის არარსებობა იყოს. სინამდვილეში, ეს ბერკეტები არსებობდა", — განუმარტა On.ge-ს იურისტმა.

ედუარდ მარიკაშვილი თქმით, საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვა არ შემოიფარგლება იმ დანაშაულებებით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია ჩამოთვლილი. მისი თქმით, ინფორმაციის გამოთხოვა ნებისმიერ დანაშაულზეა შესაძლებელი.

ფოტო: რადიო თავისუფლება

2018 წლის დეკემბერში ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტის სხდომაა დაგეგმილი, სადაც ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს განიხილავენ. დეპუტატ, ოთარ კახიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს, სწორედ, ამ სხდომაზე უნდა შეცვლილი კანონმდებლობის წარდგენა.

იუსტიციის სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე უბრალოდ მაგალითია იმისა, რის გამოც საჭიროა ცვლილებები.

"ცვლილებები საჭიროა იმისათვის, რათა საჯარო მოხელის საქმიანობის კონტროლი იყოს გაცილებით სიღრმისეული და სრული, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაშია და ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. ამ ცვლილების შედეგად იქმნება შესაძლებლობა, რომ ბრძოლა საჯარო სექტორში სამართალდარღვევებთან გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი, შესაძლებელი გახდება რა უფრო მეტი კატეგორიის საქმეებზე ხელმისაწვდომობის დაწესება", — აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხებამდე რამდენიმე თვე პრემიერ-მინისტრი იყო, 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.

მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მისი წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი.

ერთ-ერთ პრეტენზიაში, რომელიც კონვენციის მე–18 მუხლს ეფუძნება, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის ხელისუფლებამ პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მოტივით დააკავა. ის ასევე აცხადებდა, რომ წინასწარი პატიმრობის დროსაც დევნიდნენ. მისი თქმით, 2013 წლის დეკემბერში, გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეხვედროდა. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძემ ის დააშინა და დაადანაშაულა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და ასევე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანაზე, ციხის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება 2013 წლის 20 დეკემბერს დაიწყო.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ 2014 წლის 14 იანვარს განაცხადა, რომ სამსახურებრივმა მოკვლევამ არ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა.

2016 წლის 14 ივნისის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო, არა იმიტომ, რომ სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით "გონივრული ეჭვის" საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, "არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად" იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

კონვენციის მე-18 მუხლის კონტექსტი 2013 წლის დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარეობს, როდესაც მერაბიშვილი, მისი განცხადებით, გვიან ღამით გამოიყვანეს საკნიდან მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად. სასამართლომ მერაბიშვილის ეს მონათხრობი "სანდოდ და უტყუარად" რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნია.

სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაცია აშკარად თავს იკავებდა ციხის სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის მიწოდებისგან, რომელიც ამ ინციდენტს მეტ ნათელს მოჰფენდა. ზოგადად კი, სასამართლოს თქმით, ხელისუფლება და "განსაკუთრებით" მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი, რომელიც ახლა მთავროვაში რეგიონების მიმართულებას კურირებს, "აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ მოწოდებებს ობიექტური და ზედმიწევნითი გამოძიების ჩატარების თაობაზე".

პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

2017 წლის 22 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების მტკიცებით, "ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი". პროკურატურის განცხადებით, "ერთადერთი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებზე, არის თავად ივანე მერაბიშვილი".

2017 წლის 28 ნოემბრის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვა 2013 წლის მაისში მერაბიშვილისთვის წინასწარ პატიმრობის თავდაპირველად შეფარდების დროს, მაგრამ დაადგინა, რომ ოთხი თვის თავზე მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას საკმარისი საფუძვლები აკლდა. ევროპის სასამართლომ მერაბიშვილისთვის 4 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.