თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყაზბეგის ქუჩაზე 13 საღი ხის მოჭრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დედაქალაქში ხეების მოჭრაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადოს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესისა და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხილვის საჭიროების გამო მიიღო:

"ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პირთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედავთ ქალაქის გამწვანებასთან და ხეების ფორმირებასთან დაკავშირებულ წესებს. მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კანონში ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადასახედი და დასახვეწია".

ნარმანია დასძენს, რომ საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ 21-ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია:

"უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას, რათა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მეორე მხრივ კი ვიზრუნოთ ახალი პროექტების განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებაზე. ჩვენ მოვუსმენთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაციონალური წინადადება და შევიმუშავებთ ახალ წესებს".

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის გამზირზე 13 საღი ხის მოჭრის შემდეგ, პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელმა, ნატა ფერაძემ, თბილისის მერიასთან უვადო შიმშილობა დაიწყო. ის მოითხოვს, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებასა და კვალიფიციური კადრების აყვანას, ასევე ქალაქში მიმდინარე ეკოპროცესების მკაცრ იურიდიულ გამოძიებას.