ბოლო წლებში საზოგადოებაში უფრო და უფრო ხშირად შევხვდებით აზრს იმის შესახებ, რომ პოლიგამია შესაძლოა მონოგამიის კარგი ალტერნატივა იყოს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ახლა გვაქვს ინდერი, რომლითაც თქვენს გემოვნებაზე მორგებული პარტნიორის პოვნა იმაზე ადვილია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამას ემატება უსაფრთხო სექსის ხელმისაწვდომობა, რომლის საშუალებითაც ბავშვზე ზრუნვა ან მისი 9 თვე მუცლით ტარება სექსის გარდაუვალი შედეგი აღარ არის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში განქორწინებების სიხშირე საკმაოდ მაღალია, უცებ შეიძლება დავფიქრდეთ, რამდენად აუცილებელია მთელი სიცოცხლის მხოლოდ ერთ პარტნიორთან გატარება.

აშშ-ში ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც პოლიგამია მისაღებია, 2001 წლის შემდეგ გაორმაგდა, თუმცა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში პოლიგამია არალეგალური ქმედებაა და ის სამართლებრივად ისჯება.

რას ამბობს ამ საკითხზე მეცნიერება? იქნებ ადამიანები სულაც არ ვართ მონოგამიური სახეობა, ისევე, როგორც ცხოველთა სამყაროს უდიდესი ნაწილი?

სანამ ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ, უმჯობესია, რომ ამ ტერმინების არსი ნათლად გვესმოდეს.

მონოგამია გამრავლების ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომლის დროსაც ორი ცხოველი გარკვეული დროის განმავლობაში ერთმანეთთან ჯვარდება. ზოგჯერ ეს დროის პერიოდი გამრავლების ერთი სეზონია, ზოგჯერ კი - მთელი ცხოვრება.

ცხოველთა სამყაროში გვხვდება სოციალური მონოგამიაც, ამ დროს ორი ორგანიზმი ერთად ცხოვრობს, ერთმანეთთან ჯვარდება, ერთად ზრუნავს შთამომავლობის გაზრდაზე და ამისთვის საჭირო რესურსების მოპოვებაზე.

ცხოველთა სამყაროში სოციალური მონოგამია საკმაოდ იშვიათია. ამ ტიპის ურთიერთობებს უპირატესობას მწერების პატარა ნაწილი, ათეული თევზი, უამრავი ფრინველი, რამდენიმე ძუძუმწოვარი და ერთი-ორი პარაზიტი ჭია ანიჭებს.

პოლიგამიის დროს ერთი ან ორივე პარტნიორი ერთმანეთის გარდა სხვა ინდივიდებთანაც ჯვარდება, როდესაც ასეთ ქცევას მხოლოდ მამრი ახორციელებს, ამას პოლიგინია ეწოდება, ამის მაგალითი მრავალცოლიანობაა. ხოლო მდედრის რამდენიმე მამრთან შეჯვარებას პოლიანდრია ეწოდება.

პრომისკუიტეტი კი უწესრიგო, არარეგულირებადი სქესობრივი კავშირია, რომლის დროსაც ერთი სქესის წარმომადგენელი საპირისპირო სქესის ნებისმიერ წარმომადგენელთან ჯვარდება.

ფოტო: Brian Rea

სოციალური მონოგამია მოსახერხებელი ტერმინია, რომლითაც შეგვიძლია აღვწეროთ წყვილი, რომელიც შთამომავლობის გაზრდისა და ცხოვრებისთვის საჭირო რესურსების მოპოვებაზე ერთად ზრუნავს, თუმცა სოციალური მონოგამია სექსუალური მონოგამიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ უკანასკნელის დროს ორ ინდივიდს სქესობრივი კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთთან და სხვა არავისთან აქვთ. სექსუალური მონოგამია ცხოველთა სამყაროში იშვიათი რამაა, სოციალური მონოგამიის "მიმდევარი" წყვილები, საკუთარი პარტნიორის გარდა, ხშირად სხვა ინდივიდებთანაც ჯვარდებიან.

ამის შესახებ მეციერებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც დნმ-ის ანალიზების ჩატარება ხელმისაწვდომი გახდა. ისიც ცნობილია, რომ ცხოველებს თავიანთი მეწყვილის გარდა სხვა ინდივიდთან შეჯვარებისას ცოტ-ცოტა ეშმაკობაც უწევთ.

ურთიერთობები ცხოველთა სამყაროში

ფოტო: Free Vector

თუ თქვენ ჩიტი ხართ და კვერცხს დებთ, თქვენთვის სოციალური მონოგამია ალბათ საუკეთესო არჩევანია. ფრინველების 90 პროცენტი სოციალურად მონოგამიურია, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძუძუმწოვრებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ სამი პროცენტია.

კვერცხის მოვლას დიდი რესურსი სჭირდება, მისი გამოჩეკისთვის აუცილებელია, რომ ფრინველი მასზე დიდი დროის განმავლობაში იჯდეს. ბარტყები კი მუდმივად კვებასა და მოვლას საჭიროებენ. ჩიტად ყოფნა ნამდვილად რთულია, სოციალური მონოგამია მათთვის ლოგიკური გამოსავალია - ამის საშუალებით მდედრი და მამრი ცხოვრების სირთულეებს ერთად ეჭიდება, რითაც ისინი პლანეტაზე საკუთარი გენების დატოვებას უზრუნველყოფენ.

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ სოციალურად მონოგამიური ფრინველები სექსუალურად მონოგამიურებიც იყვნენ.

ჭვინტაკა ბეღურასნაირთა რიგის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომლის თითქოს ერთგული და მოსიყვარულე ცხოვრების სტილითაც მე-20 საუკუნის ბუნებისმეტყველები აღფრთოვანებულნი იყვნენ და ის ერთგულების და სიყვარულის მაგალითად ხშირად მოჰყავდათ.

ტყის ჭვინტაკა

ტყის ჭვინტაკა

1990-იან წლებში კი, მას შემდეგ, რაც დნმ-ის ანალიზი ხელმისაწვდომი გახდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭვინტაკას ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სქესობრივი ცხოვრება აქვს. დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ჭვინტაკა პარტნიორთან დაწყვილდება, ის სხვა მამრებს ეხმარება, რომ საკუთარი პარტნიორის ტერიტორიაზე შემოიჭრან და მასთან სექსი ჰქონდეთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამის შემდეგ, ჭვინტაკას პარტნიორი ხვდება, რომ საკუთარ ოჯახში რაღაც ისე ვერ არის, როგორც საჭიროა. ის მდედრს უახლოვდება და მისი კლოაკადან(ფრინველების სასქესო ორგანო) უცხო მამრის სპერმას ნისკარტით აშორებს, შემდეგ კი მასთან თავიდან ჯვარდება, რათა საკუთარი დომინანტობა გამოამჟღავნოს. საქმე ისაა, რომ ეს ზოგჯერ დღეში 100-ჯერაც ხდება. მოკლედ, ჭვინტაკამ მთელი მსოფლიოს რომანტიკოსებს იმედები გაუცრუა.

რატომ?

ახლა მდედრ ჭვინტაკას რამდენიმე მამრი ჰყავს, რომლებსაც პოტენციურად მის ბარტყებზე ზრუნვა და მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღება შეუძლია, გარდა ამისა, რამდენიმე პარტნიორთან შეჯვარებით ის უფრო მრავალფეროვან შთამომავლობას მიიღებს, რაც ჯანმრთელი ბარტყების დაბადების შანსს ერთი-ორად ზრდის. მართლაც, თუ ჭვინტაკას ბუდეში არსებული კვერცხების წარმომავლობას შევამოწმებთ, ხშირად რამდენიმე სხვადასხვა მამრის კვერცხს წავაწყდებით.

ალბათ ისიც გსმენიათ, რომ გედები დაწყვილების შემდეგ დარჩენილ ცხოვრებას პარტნიორთან ატარებენ, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტება არც ეს არის, გედები ერთმანეთს საკმაოდ ხშირად შორდებიან და ახალი პარტნიორის ძებნას იწყებენ.

როგორც აღმოჩნდა, ჩიტებს შორის მონოგამია ბევრად უფრო სოციალურია, ვიდრე სექსუალური.

ცხოველთა სამყაროში მკაცრად მონოგამიური ცხოველები არსებობენ, თუმცა მათი სია გრძელი ნამდვილად არ არის.

ასეთ ცხოველებს მიეკუთვნება თახვი, რამდენიმე თაგვის სახეობა, თეთრთავა არწივი, ანტილოპა დიკ-დიკი და სხვა. უმეტესობა მათგანისთვის მონოგამიას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან პოლიგამიის შემთხვევაში ისინი ჯანმრთელი შთამომავლობის გაზრდასა და მასზე ზრუნვას პრაქტიკულად ვერ შეძლებდნენ.

რომელ მოდელს მისდევენ ადამიანები?

ფოტო: Vox

თუ დედამიწას უცხოპლანეტელი ზოოლოგი ეწვევა, რომელიც ჩვენს ქცევას დააკვირდება, ის ნამდვილად დაასკვნის, რომ კაცობრიობა სოციალურად მონოგამიური და ნაწილობრივ პოლიგამიურია.

ადამიანებისთვის მონოგამიურ ურთიერთობებში ყოფნა ნამდვილად შესაძლებელია და, სავარაუდოდ, ის ჩვენთვის გამრავლების საკმაოდ მომგებიანი სტრატეგიაც არის, თუმცა ჩვენი სახეობის არსებობის თითქმის 300 000-წლიან ისტორიას გადავხედავთ, ეს ყოველთვის ასე არ იყო.

ჩვენ დაზუსტებით ვერასდროს გავიგებთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რა კულტურული ღირებულებები გააჩნდათ მათ, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საფუძვლიანი ვარაუდების გამოთქმა შეიძლება.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ გენეტიკური მრავალფეროვნება სასარგებლოა. მდედრს, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა მამრთან ჯვარდება, მეტი შანსი აქვს, რომ გენეტიკურად მრავალფეროვანი შთამომავლობა ეყოლოს, რაც ზრდის შანსს, რომ რომელიმე მათგანი მაინც გადარჩება. თუმცა, ეს სტრატეგია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მამრი თანახმაა, რომ გაზარდოს ბავშვი, რომლის ბიოლოგიური მამაც ის შესაძლოა არ იყოს. დღევანდელ სამყაროში ერთი მშობლის მიერ ბავშვის გაზრდა შესაძლოა ხშირია, თუმცა პრეისტორიულ ეპოქაში თუ თქვენ არ გყავდათ პარტნიორი, რომელიც ბავშვის გაზრდაში დაგეხმარებოდათ, დიდხანს ვერ გადარჩებოდით.

ასევე უნდა ითქვას, რომ როდესაც საქმე სასქესო უჯრედების წარმოქმნაზე მიდგება, მდედრები და მამრები ერთმანეთისგან ძლიერად განსხვავდებიან. მამაკაცის ორგანიზმი სასქესო უჯრედებს მუდმივად წარმოქმნის, ქალებში კი ეს დაახლოებით თვეში ერთხელ ხდება, გარდა ამისა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სასქესო უჯრედების წინასწარ განსაზღვრული, სასრული ოდენობა გააჩნიათ. ეს ყველაფერი მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მამაკაცებს სასქესო უჯრედების წარმოქმნა ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ, ვიდრე მდედრებს.

ტიპურ მამრს პროდუქტიულად შეჯვარება პრაქტიკულად უსასრულო რაოდენობის მდედრთან შეუძლია, ქალი კი გარკვეული ნიშნულის შემდეგ დამატებით მამრებთან შეჯვარებით შთამომავლობას ვეღარ წარმოქმნის.

მართალია, ჩვენ გამყინვარების ეპოქის ადამიანებთან ინტერვიუს ვერ ჩავწერთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმ მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერები, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც გარესამყაროს მოწყვეტილ ტომებს გადააწყდნენ და მათი ცხოვრების სტილს დააკვირდნენ. ასეთ მონადირე-შემგროვებელ ტომებზე დაკვირვებით შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი პრეისტორიული წინაპრები.

ამერიკაში ჩასულმა მისიონერებმა ერთ-ერთ ტომთან შეხვედრისას აღმოაჩინეს, რომ ტომში არსებულ ქალებს სქესობრივი კავშირი მრავალ სხვადასხვა მამაკაცთან ჰქონდათ, როდესაც მათ ტომის წევრებს ჰკითხეს, თუ როგორ არკვევდნენ, ვინ იყო ტომში დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური მამა, მათ კითხვის არსის გაგება გაუჭირდათ, მისიონერებმა შემდეგი პასუხი მიიღეს: "თქვენ, ფრანგებს, მხოლოდ საკუთარი ბავშვები გიყვართ, ჩვენ კი საკუთარი ტომის ყველა ბავშვი და მათზე თანაბრად ვზრუნავთ."

ფოტო: Jimmy Nelson

პოლიგამიურ სახეობებს გარკვეული ფიზიკური თვისებები ახასიათებს, რომლის ნაწილსაც ჩვენ ადამიანებშიც ვპოულობთ. მაგალითად, პოლიგამიურ სახეობებში მამრები მდედრებზე დაახლოებით 20 პროცენტით უფრო დიდი ზომის არიან.

ადამიანებში კიდევ ერთ საინტერესო ფიზიოლოგიურ ადაპტაციას ვპოულობთ, ადამიანის ასო, მისი ფორმისა და ანატომიური თავისებურებების დახმარებით ქალის საშოში ვაკუუმს ქმნის და მასში არსებულ შესაძლო სხვა მამრის სპერმას გარეთ გამოდევნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშოში სპერმას სიცოცხლე დღეების განმავლობაში შეუძლია, ეს საკმაოდ წარმატებული სტრატეგიაა, რომელიც კონკრეტული მამრის მიერ ქალის განაყოფიერების შანსს ერთიორად ზრდის.

პოლიგამიურ პრიმატებში სქესობრივი აქტის დროს მდედრობითი სქესის მიერ ვოკალიზაცია მკაფიოდ გამოხატული მოვლენაა, ასეთი ქცევა კი ყველაზე მეტად ადამიანებს ახასიათებთ.

ბიოლოგიურად ადამიანის ყველაზე ახლო ნათესავი შიმპანზე და ბონობოა. ჩვენ მათთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ინდურ სპილოს - აფრიკულთან.

შიმპანზეები და ბონობოები მონოგამიურობისგან ძალიან შორს დგანან. ამის გამო მამრებს საშუალება ეძლევათ, რომ საკუთარი სასქესო უჯრედები რაც შეიძლება მეტად გაავრცელონ, მდედრები კი გენეტიკურ მასალას რამდენიმე მამრისგან იღებენ, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან და ყველაზე წარმატებული კი საბოლოოდ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს.

ფოტო: Thinkstock

მეცნიერების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ისტორიის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ადამიანებისთვის გამრავლების მთავარი სტრატეგია პოლიგინია იყო, რაც ერთი მამრის რამდენიმე მდედრთან ურთიერთობას გულისხმობს.

პოლიგინიის მთავარი მოთამაშე ტომში თუ საზოგადოებაში არსებულ მაღალი სტატუსის მქონე მამრ იყო და პოტენციურ მეწყვილეებზე ბევრად უფრო მეტი წვდომა ჰქონდა, ვიდრე დაბალი სტატუსის მქონე მამაკაცს. შეძლებულ მამრს მისი შთამომავლობის გასაზრდელადაც ბევრად უფრო მეტი რესურსი მოეპოვებოდა.

შეჯამება

მონოგამია დღევანდელ საზოგადოებაში ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე ეს ადრე იყო, თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი, პოლიგამიურ ქცევას მაინც ავლენს.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენი მონადირე-შემგროვებელი წინაპრები მონოგამიური ურთიერთობებით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი, არის ის, რომ მონოგამია რთულია.

მონოგამია განვითარებულ ტვინს და მაღალ კოგნიტურ შესაძლებლობებს მოითხოვს, მონოგამია გვავალდებულებს, რომ არა მხოლოდ ის ვიცოდეთ, რა გვინდა ჩვენ, არამედ ისიც, რა სურს ჩვენს პარტნიორს და ეს სურვილები ჩვენ მუდმივ რეჟიმში უნდა ვასრულოთ. გარდა ამისა, იმის განსაზღვრა, რამდენად შესაფერისია ესა თუ ის პარტნიორი ჩვენთვის, ძალიან დიდ გონებრივ რესურსსა და ანალიზის უნარს მოითხოვს.

ფოტო: LDS

მეცნიერები თანხმდებიან, რომ შთამომავლობაზე ზრუნვა ყველაზე კარგად მონოგამიურ ურთიერთობებში ხდება. ისიც აღსანიშნავია, რომ განვითარებული საზოგადოებების უდიდეს ნაწილში ურთიერთობების მიღებული ფორმა მონოგამიაა, პოლიგამიის შენარჩუნებას კი ძირითადად მხოლოდ პატარა ტომები ახერხებენ, რომლებიც პრიმიტიულად ცხოვრობენ.

მონოგამია საშუალებას იძლევა, რომ წყვილმა რესურსები არ გაფლანგოს და ის მხოლოდ საკუთარი შთამომავლობის გაზრდას დაუთმოს, რაც ბევრად უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე მრავალი სხვადასხვა ბავშვისა და პარტნიორის ყოლა.

თუმცა დღევანდელი მონოგამიური ურთიერთობები იდეალურისგან შორსაა და მსოფლიოში განქორწინებების სიხშირეც მაღალია. თანამედროვე საზოგადოებაში შთამომავლობის გაზრდისა და მათზე ზრუნვისთვის აუცილებელი რესურსების მოპოვების გზები შეცვლილია. ადამიანის გარკვეული ნაწილისთვის მონოგამია მისაღები და კომფორტულია, ნაწილს კი პოლიგამიური ურთიერთობები ურჩევნია.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ცხოვრების სტილი, სიცოცხლის გაზრდილი ხანგრძლივობა, გამარტივებული კომუნიკაცია და უსაფრთხო სექსის საშუალებები პოლიგამიის წისქვილზე ასხამს წყალს.

აშკარაა, რომ მონოგამია ადამიანთათვის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი გასაოცარი რამ, რასაც ადამიანებმა მივაღწიეთ და რითიც ვამაყობთ, ბუნებრივი სულაც არ არის. თანამედროვე ცივილიზაცია, კოსმოსში მოგზაურობა, ვიოლინოზე დაკვრა და სხვა უამრავი გასაოცარი რამ, სრულად ხელოვნურია.

ამ სტატიაშიც ჩანს, რომ ადამიანებში მიდრეკილება და ინსტინქტები გამრავლების ორივე სტრატეგიის მიმართ არსებობს, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება კი საბოლოოდ ჩვენს ცნობიერ გონებას ევალება.