რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში სოფლების განვითარებისთვის — ENPARD-ის მისია
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან არსებობს. მისი მიზანი სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და სიღარიბის დაძლევაა. ენპარდის ფარგლებში შექმნილ პროექტს "ყაზბეგის განვითარების ჯგუფს" (LAG) ევროკავშირი აფინანსებს და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need / PIN ახორციელებს. პროგრამა ისეთ ინდივიდუალურ ბიზნეს ინიციატივებზეა ორიენტირებული, რომელთაც მაღალმთიან რეგიონში ინოვაცია შეაქვთ.
როგორც PIN-ის წარმომადგენელი ტარიელ ქარელიძე ამბობს, ნებისმიერი იდეა ქვემოდან ზემოთ უნდა წამოვიდეს: "ადგილობრივებმა უკეთ იციან, რა უნდა განვითარდეს და პრიორიტეტი რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენი ფუნქცია ისაა, რომ მათ ხელი ხედვის, იდეის ჩამოყალიბებაში შევუწყოთ და შემდეგ, ამის შესაბამისად განახორციელონ ეს პროექტები".
PIN-მა მოქმედი სტრატეგიის შესამუშავებლად კვლევები რამდენიმე მიმართულებით ჩაატარა და შედეგები ჩეხურ მოდელს მოარგო. ადგილობრივებმა შექმნეს ყაზბეგის განვითარების სტრატეგია და ღია ორგანიზაცია "ყაზბეგის განვითარების ჯგუფი" (ლაგი), რომელიც ყაზბეგის თითქმის ყველა სოფლიდან 120 წევრს აერთიანებს.
"2015 დაიწყო ლაგის დაფინანსება ევროკავშირმა და 2019 წლის ბოლოს სრულდება ეს დაფინანსება. იმისთვის, რომ ლაგმა გასცეს გრანტები, სჭირდება დახმარება. ევროპის ქვეყნებში ჩამოყალიბებული სტრუქტურაა — სახელმწიფო მხარს უჭერს ლაგებს, ხოლო უკვე ლაგების მეშვეობით ვითარდება რეგიონები. რადგან ლაგში არიან ადგილობრივები, განვითარების ჯგუფებმა უკეთ იციან, რა არის პრიორიტეტული რეგიონისთვის", - ამბობს ტარიელ ქარელიძე.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ყაზბეგის განვითარების ჯგუფს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერჯერობით პასიურობს.
რას ამბობენ ყაზბეგში ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილი პროექტების ავტორები
რესტორანი Green Sheep / მწვანე ცხვარი
მწვანე ცხვარი სტეფანწმინდაში მდებარეობს. ის სასტუმროსა და რესტორნის კომპლექსს აერთიანებს. ევროკავშირის პროგრამამ ადგილობრივ შაკო კაზალიკაშვილს რესტორნის მოსაწყობად თანხა გამოუყო, რაც 25 000 ლარს მოიცავდა.
სტუმრებს მწვანე ცხვარში მაღალი ხარისხის ტრადიციული სამზარეულო ხვდებათ. რესტორანში 12 ადამიანია დასაქმებული.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით, დაწესებულება ადგილობრივ ახალგაზრდებს სამსახურეობრივ პრაქტიკას და ტრენინგს სთავაზობს. ამჟამად, მსგავსი ხარისხის მომსახურება ყაზბეგში მხოლოდ სასტუმრო რუმსის რესტორანში გვხვდება.
შაკო კაზალიკაშვილი ამბობს, რომ კომპლექსის აშენების იდეა ყაზბეგის რეალობისა და ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე გაუჩნდა.
იმ ადგილას, სადაც ახლა წარმატებული ბიზნესი აქვს, წლების წინ მისი სახლი იყო:
"იქ სადაც ახლა Green Sheep არის, თავდაპირველად ჩემი საცხოვრებელი იყო. ჯერ გავაკეთეთ სასტუმრო. რესტორანი კი წელს გაიხსნა, ზაფხულში. ენპარდმა დაგვიფინანსა სამზარეულოს თანამედროვე აღჭურვილობა. ამ პროექტის ფარგლებში მოძიებული თანხები, რომელიც რესტორნისთვის გამოვიყენეთ, ძალიან დაგვეხმარა".
სტეფანწმინდის საბავშვო ბაღი
წლების განმავლობაში სტეფანწმინდის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ეზოში თამაშის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან ბაღს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღის ეზოში თანამედროვე სათამაშო მოედანი მოეწყო, რაც სრულად EU-მ დააფინანსა.
ფოტო: ENPARD
ფოტო: ENPARD
"გასული წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული ეზოს სათამაშოები. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის საშუალებით გავიგეთ, რომ ასეთი პროექტები ტარდებოდა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფს მივმართეთ. მათი დახმარებითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ეზოს სათამაშოები გავაკეთეთ", - უთხრა On.ge-ს დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა ნათია კობაიძემ.
Airsoft - პეინტბოლის თამაშები გერგეტში
ბექა სუჯაშვილი 27 წლის იყო, როდესაც სოციალური ქსელის საშუალებით ENPARD-ის გრანტის შესახებ გაიგო. ერთი წლის შემდეგ, გერგეტში უკვე არსებობს სათამაშო მოედანი, სადაც ტურისტებს ყაზბეგის შესანიშნავი ხედების გარემოცვაში აქტიური გართობა შეუძლიათ.
"ხშირად ვთამაშობდი თბილისში ეარსოფტს. ყაზბეგში არაა გასართობი ექსტრემალური თამაშები, გამიჩნდა სურვილი, რომ გამეხსნა ექსტრემალური სათამაშო არენა ეარსოფტი. დაგვეხმარა ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტი. 70 პროცენტი დამაფინანსეს მათ, 30 ჩემი იყო", - ამბობს ბექა On.ge-სთან საუბრისას.
გერგეტში პეინტბოლის კლუბიც შეიქმნა. გართობაში შედის ჯგუფური ბრძოლები, დამალული ნივთის ძებნა, ბრძოლა საღებავებით და ა.შ. პროექტის ავტორები მონაწილეებს პიკნიკსაც სთავაზობენ. თამაში გათვლილია 20 მონაწილეზე და ყაზბეგის ულამაზეს ლანდშაფტთან ერთობლიობით დაუვიწყარ ემოციას იძლევა. ადგილზე ამჟამად დასაქმებულია 5 ადგილობრივი. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირმა სულ 22 590₾ გამოყო.
ადგილობრივი მინისაწარმო "ხინკალი გერგეტული"
სოფელ გერგეტის მკვიდრმა დონარა წიკლაურმა ყაზბეგის ტრადიციული კერძის, ხინკლის ნახევარფაბრიკატის წარმოება გადაწყვიტა, რისთვისაც საწარმო სჭირდებოდა. პროექტი ევროკავშირმა 7 670 ლარით დააფინანსა.
საწარმო, სახელად "გერგეტული" ამჟამად სურსათის უვნებლობის სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. ადგილზე დასაქმებულია ოთხი ქალი. გერგეტული სამი სხვადასხვა ტიპის ხინკალს აწარმოებს — ხორცის, ყველისა და ყველ-კარტოფილის.
"ყაზბეგში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და, შესაბამისად, გაიზარდა ადგილობრივ ნაციონალურ კერძებზე მოთხოვნა. როცა გავიგე ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შესახებ, ვიფიქრე გამეკეთებინა ნახევარფაბრიკატები. გამიმართლა და დამაფინანსეს ნაწილობრივ. საწარმო 2017 წლის ივლისში გავხსენი. ხან გვიანობამდე ვმუშაობთ, ხან ადრე ვამთავრებთ. დღიურად 500 ან 600 ცალ ხინკალს ვაკეთებთ, რომელსაც ყიდულობენ პატარა საოჯახო სასტუმროები და მოსახლეობა", - ამბობს დონარა წიკლაური.
მომავალში გერგეტული ხინკლის მწარმოებელს მოსახვევი აპარატის შეძენაც სურს და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდაც.
აჩხოტის კოტეჯი
კოტეჯი ალეგრია ჰაუსი ყაზბეგში, სოფელ აჩხოტის შესასვლელში მდებარეობს. ის 2018 წლიდან არსებობს და ალექსი ღუდუშაურს ეკუთვნის. ალექსი ყაზბეგში დაიბადა, თუმცა სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი თბილისში გაატარა. ის აჩხოტში ბიზნესინიციატივის განვითარების პარალელურად დაბრუნდა.
"ზაფხულის არდადეგებზე ყოველთვის ჩავდიოდი ყაზბეგში. შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებით სწავლა გავაგრძელე პოლონეთში და ამ პერიოდში მოვიარე ევროპის ქვეყნები, სადაც ვაკვირდებოდი განსხვავებებს საქართველოსთან. მხვდებოდა არატიპური, განსხვავებული მომსახურება, დადებითი მუხტი, რაც მინდოდა, რომ ყაზბეგშიც გადმომეტანა, რადგან გვაქვს ამის კარგი პერსპექტივა — ხელს გვიწყობს ბუნებაც და ტურისტების ნაკადიც.
რა თქმა უნდა, ძველიც უნდა დავიმახსოვროთ, თუმცა დღევანდელი რეალობიდან მომავალსაც უნდა დავუტოვოთ რაღაც ჩვენი მემკვიდრეობა, ამიტომ აუცილებელია თანამედროვეობის განვითარება. როცა საქართველოში დავბრუნდი, ვეძებდი გრანტებს და ვნახე ენპარდის პროგრამა, რომელიც აფინანსებდა ბიზნესპროექტებს. ამის შემდეგ დავიწყე ყაზბეგში აქტიურად მოღვაწეობა. ჩემს შემთხვევაში, საერთო თანხის დაახლოებით 20% დამიფინანსა ენპარდმა", - ამბობს ალექსი.
ფოტო: ENPARD
ფოტო: ENPARD
პროექტი ენპარდის ფარგლებში 26 000 ლარით დაფინანსდა. გრანტით სასტუმროში თანამედროვე ტექნიკა და ავეჯი შეიტანეს, მისი შემოსავალი თვეში დაახლოებით 4 500 დოლარს შეადგენს. ადგილზე სამი ადგილობრივია დასაქმებული.
"განვითარებულ ქვეყნებში კონკურენცია ძალიან დიდია, საქართველოში კი შეგიძლია მოკლე პერიოდში დიდი გამოცდილება მიიღო და წარმატებასაც მიაღწიო. მით უმეტეს, ყაზბეგის რეგიონში, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია საქართველოს მასშტაბით.
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის საწარმო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტ სოფელ აჩხოტში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებს ადგილობრივად აწარმოებენ. ევროკავშირმა ირმა ბურდული 24 955 ლარით დააფინანსა და მას შესაბამისი მანქანა-დანადგარები გადასცა.
აღნიშნული პროექტი მეწარმეს ბიზნესის გაფართოებაში და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაში უწყობს ხელს. ირმა ბურდულმა ალუმინის კარ-ფანჯრის წარმოებაც დაიწყო და ოთხი ადგილობრივი დაასაქმა.
"ნებისმიერი სირთულის მეტალო-პლასტმასის ნაკეთობებს ვაკეთებთ, კარ-ფანჯარა, მინები, მწერსაწინააღმდეგო ბადეები... სასტუმროების მშენებლობა რომაა, მოთხოვნა არის უფრო კარებებზე. რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე", - ამბობს საწარმოში დასაქმებული კახა ბოლაშვილი.
ენპარდის მიერ დაფინანსებული პროექტების სტატისტიკა
ეს განხორციელებული პროექტების მხოლოდ ერთი ნაწილია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 122 ინიციატივიდან 60-ზე მეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები დღეისთვის 700-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 8 ათასზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
ევროპული მოდელი საქართველოს რვა საპილოტე მუნიციპალიტეტში ინერგება. ესენია: ყაზბეგი, ლაგოდეხი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ქედა და ხულო. რვავე მუნიციპალიტეტში შექმნილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), შემუშავებულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.
ENPARD-ის მეორე და მესამე ფაზების ფარგლებში, 2019-2020 წლებში, ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერა გრძელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 179,5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. ENPARD-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
კომენტარები