სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნოკოლ პაშინიანმა გამოცემა France24-ს განუცხადა, რომ 16 ოქტომბრამდე გადადგება.

"შემიძლია ვარაუდით გითხრათ, რომ [საპარლამენტო ვადამდელი] არჩევნები 9-10 ოქტომბერს ჩატარდება, პლუს-მინუს რამდენიმე დღე. ამის გამო კი მე 16 ოქტომბრამდე უნდა გადავდგე", — განაცხადა პაშინიანმა.

სომხეთში აპრილის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ელოდებიან. ამის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ ერევანში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა.

პაშინიანის გეგმის მიხედვით, მისი გადადგომის შემდეგ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრის ორივე ჯერზე ვერ აირჩევს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებული იქნება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

მიმდინარე წლის მაისში პრემერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ნიკოლ პაშინიანი ხშირად ამბობს, რომ ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება. ამ ეტაპისთვის პარლამენტის უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს, რომლის ლიდერი ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი იყო. თვითონ პაშინიანი ოპოზიციური ფრაქცია ელკის ლიდერია.

ამავე თემაზე: