ჯეისონ ალექსანდერმა 2015 წელს გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთის გარშემო ემოგზაურა და მზის ამოსვლისთვის 100 ფოტო გადაეღო, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ლამაზ ფოტოს ვერ გადაიღებ, თუ კადრში პოლიეთილენის ბოთლები და სიგარეტის ნამწვები ჩანს. ასე გადაიზარდა თავდაპირველი იდეა დასუფთავებაში, ბოლოს კი ინსტაგრამ-პროექტის სახე მიიღო.

ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, სიგარეტის მილიონი ნამწვი მოეგროვებინა და საკუთარი პროგრესი გამომწერებისთვისაც გაეზიარებინა. ჯეისონს ამ მიზნისკენ სტატისტიკამაც უბიძგა: ყოველწლიურად მსოფლიოს გარშემო 4.5 ტრილიონ ნამწვს აგდებენ. დედამიწის მასშტაბით, ნამწვები დაბინძურების ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. დამატებითი პრობლემაა ისიც, რომ ნაწვი თამბაქოსა და ფერფლის გარდა პლასტმასსაც შეიცავს, რომლის გახრწნასაც დიდი დრო სჭირდება.

ამჟამად კაცს 26 000 ნამწვი აქვს მოგროვებული და აპირებს, თვის ბოლომდე 30 000-მდე ავიდეს. ჯეისონი იხსენებს, რომ ერთ-ერთ საავადმყოფოსთან, მხოლოდ 30-მეტრიან რადიუსში ძირს დაგდებული 7287 ნამწვი შეაგროვა. ფოტოზე გამოსახული 6371 ნამწვი კი ერთი ვიქენდის მუშაობის შედეგია.

ჯეისონის ინტერესის მთავარ საგანს პლიაჟები წარმოადგენს და თუ შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას გავიხსენებთ, რამდენიმე ჯეისონი არც ჩვენ გვაწყენდა.