ვაზიანში სასროლეთის ტერიტორიაზე ავარიის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული სწავლებისთვის იყო ვაზიანში არსებულ სასროლეთზე. სამინისტროს განცხადებით, სწავლების დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

უწყების განმარტებით, სამივე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.