ფერმერებმა საფრთხობელები ლაზერით ჩაანაცვლეს - ჩიტები ნათესებს აღარ ეკარებიან
ტრადიციული საფრთხობელები სავარაუდოდ იმ დროიდან გამოიყენება, რაც ადამიანმა სოფლის მეურნეობა და აგრიკულტურა განავითარა, თუმცა დრო გადის და ფერმერებში ფეხს ახალი ტენდენციები იკიდებს.
ფერმერებისთვის ფრინველები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ, მათ შეუძლიათ უზარმაზარი ზომის პლანტაციები რამდენიმე დღეში გაანადგურონ და უდიდესი ზარალი გამოიწვიონ.
ფერმერი ჯასტინ მედური ამბობს, რომ წარსულში მას ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალი სხვადასხვა ხერხი უცდია, მაგალითად ბაზიერების დაქირავება, ან ფერმის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღების დაყენება, რომელიც ავტომატურად ისვრის, თუმცა ეს მეთოდები ეფექტიანი არ აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ჯასტინმა ახალ და ინოვაციურ გზას მიმართა. ავტომატური ლაზერის დაყენება მას დაახლოებით 9 500 დოლარი დაუჯდა. ფრინველების წინააღმდეგ ლაზერების გამოყენება ტრადიციულ ალტერნატივებთან შედარებით ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა.
"მოწყობილობა მწვანე ლაზერის სხივს სხვადასხვა მიმართულებით ტყორცნის და ფრინველებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებს. ჩვენ ამის საშუალებით ფერმაში დილის 4 საათზე ერთგვარ ლაზერულ შოუს ვქმნით, ეს ის დროა როდესაც ფრინველები იღვიძებენ და საჭმელად გამოდიან."
ლაზერებს კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს, მუშაობისას ისინი არანაირ ხმას არ გამოსცემენ.
ასეთ ლაზერებს ადამიანის თვალში მოხვედრისას სერიოზული დაზიანებების გამოწვევა შეუძლია, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია.
ფრინველებთან ბრძოლის განვითარების შემდეგი ეტაპი ალბათ ლაზერული საფრთხობელების შექმნა იქნება, რომლებიც ერთი შეხედვით ტრადიციულ საფრთხობელებს გვანან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თვალებიდან ლაზერის ფერად სხივებს გამოსტყორცნიან.
კომენტარები